უკონკურენტოდ – BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება
BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. არჩევნები უკონკურენტოდ ტარდება, რადგანაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. არჩევნები 17 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება, თითოეულ ოლქში 2-2 კანდიდატია, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენელთა სახელები საარჩევნო ბიულეტენებში – მხოლოდ ფორმალობაა – წერს BBC.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეორე ტურს ძალზე მნიშვნელოვანი უწოდა. მან აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში 9 პარტია შედის.
„უნდა მივხვდეთ, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დროს, რაც ამჟამად არსებობს. პირველ რიგში, ეს გლობალური პანდემიაა, ეკონომიკური კრიზისი და რეგიონული კონფლიქტები“, – განაცხადა გახარიამ.
BBC-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტის თაობაზე და 31 ოქტომბრის არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ამომრჩეველთა ხმების 48% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ – 27%. პარლამენტში კიდევ 7 ოპოზიციური პარტია მოხვდა, მაგრამ ყველამ 4%-ზე ნაკლები აიღო.
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგები არ ცნო და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს – წერს BBC.
„მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს არ წავიდეს არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენ მეორე ტურსაც ბოიკოტს ვუცხადებთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.
ამასთანავე, კონსტიტუციონალისტი ექსპერტების აზრით, ოპოზიციის ბოიკოტი ფორმალურად საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის. მმართველი პარტია სესიის ჩასატარებლად საკმარის მანდატს მიიღებს და მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.
BBC იუწყება, რომ თუ ოპოზიცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი იქნება.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, პრობლემები არ იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რასაკვირველია, ერთპარტიული პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის და ის ამ საკითხის დაბალანსებას შეეცდება“, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ ერთპარტიული პარლამენტი საქართველოში, რომელსაც რეგიონში დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ, მმართველი პარტიისთვის განაჩენი იქნება.
მაშინ, როდესაც ექსპერტთა უმრავლესობა ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ფორმატს და პარლამენტში შესვლაზე უარს გაუმართლებელ ნაბიჯს უწოდებს, ლაგაზიძე ამას ერთადერთ ეფექტიან გადაწყვეტილებას უწოდებს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან საკითხებზე მრავალპარტიული დიალოგის ფორმატს არ ეთანხმება. „ოპოზიციამ იმდენი ხმა მოიპოვა, რომ ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება კომპრომისზე და ოპოზიციასთან დიალოგზე წავიდოდა, საქართველოში კი „ქართული ოცნების“ პირობებში ამის წარმოდგენა ძალზე რთულია“, – აცხადებს ლაგაზიძე.
მას მიაჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი ოპოზიციისთვის გარკვეულ რისკს შეიცავს, მაგრამ თანხმობის შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება გაცილებით მეტი დაკარგონ:
„ოპოზიციის მარგინალიზაციის რისკი ძალზე მაღალია იმისთვის, ვინც პარლამენტში შესვლას დათანხმდება, მაგრამ პარლამენტს გარეთ დარჩენილებსაც ემუქრება მარგინალიზაციაა. თუ დიალოგი მაინც შედგა, ერთადერთი, რაც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, რიგგარეშე არჩევნებია და არა განმეორებითი არჩევნები“, – აცხადებს ლაგაზიძე.
მისი თქმით, განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ხელისუფლება ირიბად აღიარებდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
„რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი ხელისუფლება არჩევნების ფალსიფიკაციას არ აღიარებს და მას შეუძლიათ იამაყოს ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც იმით, რომ ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციაც პლუსში დარჩება, რადგანაც მანაც გარკვეულ შედეგს მიაღწია“, – განაცხადა ექსპერტმა.
ერთ-ერთ ვარიანტად ექსპერტს მიაჩნია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მომავალი წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, თუმცა ამ დროისთვის ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის კომპრომისისთვის მზადყოფნა არ ჩანს.
„მოლაპარაკების თემა არჩევნებზე ქართველი ხალხის ნების გადახედვა ვერ იქნება. მივმართავ ჩვენს ამომრჩეველს და ოპონენტებს – მათ მიიღეს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით და ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევანის ეჭვქვეშ დაყენებას არავინ აპირებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები მოყავთ, რომელთა შეფასებით, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტული იყო და ის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, წერს BBC.
pia.ge
კომენტარები