ფსიქოლოგია

თქვენს ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდა ხართ თუ უფრო ხანდაზმული? – ნახატი-ილუზია

ამ ნახატს მხოლოდ ერთი წამით შეხედეთ და შემდეგ კი ტექსტი წაიკითხეთ.

1915 წლის 6 ნოემბერს ამერიკულ სატირულ ჟურნალში, სახელწოდებით Puck, საინტერესო ნახატი გამოქვეყნდა. მისმა ავტორმა, მხატვარმა უილიამ ელი ჰილმა მას „ჩემი მეუღლე და ჩემი სიდედრი“ დაარქვა და მიაწერა: „ამ სურათზე ორივეა – იპოვნეთ ისინი“.

მართლაც, ამ ნახატზე შეგიძლიათ იხილოთ როგორც ახალგაზრდა ქალის მიბრუნებული თავი, ისე მოხუცი ქალის პროფილი.

ნახატი, ისევე როგორც მისი სხვადასხვა ვარიაცია, მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და საპატიო ადგილი დაიკავა კაცობრიობის ლეგენდარულ ოპტიკურ ილუზიებს შორის, მაგრამ მხოლოდ ას წელზე მეტი ხნის შემდეგ, ავსტრალიის ადელაიდაში, ფლინდერსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს მნახველთა ასაკობრივი ჩარჩოები იმის მიხედვით, ვინ რას ხედავდა პირველად სურათზე – ახალგაზრდა ქალს თუ მოხუც ქალბატონს.

მკვლევარებმა ექსპერიმენტში 393 რესპონდენტი ჩართეს. მათი ასაკი 18-იდან 68 წლამდე იყო (საშუალო ასაკი – 32 წელი). თითოეულ რესპონდენტს ნახატი „ჩემი ცოლი და ჩემი სიდედრი” მხოლოდ ერთი წამის განმავლობაში აჩვენეს. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეს სთხოვეს დაესახელებინა ნახატზე აღქმული ადამიანის სქესი და ასაკი. სტატისტიკამ აჩვენა, რომ რაც უფრო ახალგაზრდა იყო რესპონდენტი, ის ნახატზე პირველი შეხედვისას ახალგაზრდა ქალს ხედავდა, შუახნისა და მეტი ასაკის მქონენი კი, პირველ რიგში, მოხუც ქალბატონს ხედავდნენ.

ასე რომ, თუ „ჩემი მეუღლე და ჩემი სიდედრის“ ერთი თვალის გადავლებით ახალგაზრდა ქალი დაინახეთ, სავარაუდოდ, თქვენ სინამდვილეში უფრო ახალგაზრდა ხართ, ვიდრე ასაკი გაქვთ და პირიქით.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

ახლა ნახეთ ახალგაზრდა ქალი ნახატზე:

და მოხუცი ქალი:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close