Emg Acqua-ს გამოკითხვის თანახმად, იტალიელთა 92% მიიჩნევს, რომ სწორია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვის შემცირება მისი ტევადობის 50%-მდე; კომენდანტის საათი და დისტანციური სწავლება მაღალი საფეხურის სკოლებისთვის, აგრეთვე, მართებული გადაწყვეტილებაა. გამოკითხულთა აზრი გაიყო მუზეუმებისა და საგამოფენო სივრცეების დაკეტვასთან დაკავშირებით: იტალიელთა ნახევარს სურს, რომ ისინი არ დაიკეტოს. ამის შესახებ იტალიური მედის წერს.
დღეს, 6 ნოემბერს იტალიაში ძალაში შევიდა პრემიერ-მინისტრის ახალი დეკრეტი (DPCM – Decreto del Presidente del Consiglio dei Ministri), რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლის ახალ ზომებს განსაზღვრავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
დეკრეტით გათვალისწინებული ახალი ზომები შემდეგია: ღამით გადაადგილების აკრძალვა 22:00-იდან 05:00 სთ-მდე (გამონაკლისი შემთხვევებია სამსახურებრივი ან ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული საჭიროება, ან სხვა გადაუდებელი სიტუაცია), საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საგარეუბნო მატარებლების დატვირთვის შემცირება ტევადობის 50%-მდე (მანამდე განსაზღვრული 80%-ის ნაცვლად), სავაჭრო ცენტრების დაკეტვა გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში, სრული დისტანციური სწავლება უფროსკლასელთათვის, მუზეუმებისა და საგამოფენო სივრცეების დაკეტვა.
Emg Acqua-ს გამოკითხვა, რომლის შედეგებიც გუშინ Agorà-ს ეთერში იყო წარმოდგენილი, აჩვენებს, რომ იტალიელები თითქმის ყველა შემზღუდავ ზომას ეთანხმებიან.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრანსპორტის დატვირთვის 50%-მდე შემცირებას გამოკითხულთა 92%-მა დაუჭირა მხარი; სავაჭრო ცენტრების დაკეტვა გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში მართებულად მიაჩნია გამოკითხულთა 78%-ს. კომენდანტის საათის დაწესებას 57% სავსებით სწორად მიიჩნევს, ნაწილს მიაჩნია, რომ ღამით გადაადგილების შეზღუდვა უფრო გვიან უნდა დაიწყოს.
თეატრებისა და კინოთეატრების დაკეტვამ არაერთი პროტესტი გამოიწვია, რაც შეეხება მუზეუმების და საგამოფენო სივრცეების დაკეტვას, მხარს უჭერს და სწორ ზომად მიაჩნია 49%-ს, 51% კი მიიჩნევს, რომ გამართლებული არ არის.
დაბოლოს: რესპონდენტთა 66%-ის აზრით, ამ ეტაპზე სწორია სკოლის უფროსი კლასების 100%-ით გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე.
როგორც ცნობილია, იტალია ზონებად დაიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ინფექციის გავრცელების საფრთხის მიხედვით: წითელ ზონაში 4 რეგიონი მოხვდა: ლომბარდია (მილანი), პიემონტი (ტურინი), ვალე დ’აოსტა (აოსტა) და კალაბრია (კატანძარო). ნარინჯისფერ ზონაშია 2 რეგიონი: სიცილია (პალერმო) და აპულია/puglia (ბარი); ყვითელ ზონაშია: ვენეტო, ტრენტინო, ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია ჯულია, ლიგურია, ტოსკანა, ემილია-რომანია, უმბრია, სარდინია, მარკე, მოლიზე, აბრუცო, ლაციო, კამპანია, ბაზილიკატა.
ქვემოთ მოყვანილ სურათზე მოცემულია ზონები და ის შემზღუდავი ზომები, რომლებიც ამ ზონებში მოქმედებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები