საქართველოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირება იწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება იწყება, რომელიც პასუხს 20 წუთში იძლევა.
იმნაძის განმარტებით, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაციაა, ამ სწრაფი ტესტირებისთვისაც ნაცხს ცხვირიდან იღებენ და მას PCR ტესტით დადასტურება აღარ სჭირდება.
„მსოფლიოში ორი ასეთი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 150 ათასამდე ასეთი ტესტია და შეკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი.
ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტი COVID-19 ანტიგენის განსაზღვრისათვის არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.
გამოყენების სარგებელი:
მარტივია გამოსაყენებლად, არ სჭირდება სპეციალურად მოწყობილი ლაბორატორია;
საჭიროა მხოლოდ პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება;
საკვლევი მასალა არის ცხვირ-ხახის ნაცხი ან ნახველი;
შედეგი ცნობილია 10-15 წთ-ში (განისაზღვრება ტესტის ინსტრუქციის მიხედვით);
ღირებულება დაბალია, წარმადობა მაღალი;
ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღინიშნება.
სუსტი მხარეები:
ანტისხეულებთან შედარებით, ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ტესტირების დაავადების ადრეულ /ან გვიან ეტაპზე ჩატარება.
წყარო: radiotavisupleba.ge
კომენტარები