პარამოფარიკავე „პრინცესასთან“ მუხლმოდრეკილი მონაკოს პრინცესა – დღის ფოტო
ირმა ხეცურიანმა „ეტლით დიდ სპორტში“ 27 წლის ასაკში შეაბიჯა და 4 წელიწადში უკვე საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მლობელი გახდა. დღეს 35 წლის სპორტსმენმა ყველა მწვერვალის დაპყრობა შეძლო – ის 13 მსოფლიო თასის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია, ასევე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანია და კიდევ მრავალი ტიტულის მლობელი.
ირმა ხეცურიანი აფხაზეთიდანაა. 6 წლის იყო, როცა ომის შემდგომ მშობლებთან ერთად წყალტუბოში გადმოვიდა საცხოვრებლად. პატარა იყო და უჭირდა დევნილის სტატუსის ტარება – იყო დაცინვა, შიმშილი, კარდაკარ სიარული და მათხოვრობა…
13 წლის იყო, როცა დედა წავიდა ემიგრაციაში, საბერძნეთში, რომ ოჯახს მეტ-ნაკლებად ამოესუნთქა, საჭმელზე მაინც არ ჰქონოდათ საფიქრალი. დედის გარეშე ძალიან გაუჭირდა. ბევრი რამის გაკეთება დამოუკიდებლად მოუხდა. ირმა ხეცურიანი კარგი მოსწავლე იყო. ჩააბარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე. პირველი კურსი წარმატებით დაასრულა და… იწყება უფრო რთული პერიოდი მის ცხოვრებაში.
18 წლის ასაკში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – ზურგის ტვინიდან აღმოცენებული ძალიან დიდი, მაგრამ კეთილთვისებიანი სიმსივნე. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც დაახლოებით 8 საათს მიმდინარეობდა. როცა ნარკოზიდან გამოვიდა, მიხვდა, რომ ზურგს ქვემოთ ვერაფერს გრძნობდა.
ცხრა წლის განმავლობაში ბევრს ფიქრობდა ისევ ფეხზე დადგომაზე, თუმცა ცხრაწლიანი რეაბილიტაციის მცირე შედეგის შემდეგ, მიხვდა, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა.
ძალიან რთული იყო ეს პერიოდი, მაგრამ ირმა ხეცურიანმა მაინც შეძლო მისი გადატანა და შესაშურ წარმატებებსაც მიაღწია.
„წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩემი თავი სპორტში. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა მეცადა. მანამდე ბევრი ჭიდილი მქონდა საკუთარ თავთან, სულ ვფიქრობდი, 27 წლის ასაკში რა დროს სპორტის დაწყება იყო, ამ ასაკში ხალხი სპორტულ კარიერას ამთავრებს და ა.შ. პირველივე დღეს, ვარჯიშზე მისულს, ისეთი გარემო დამხვდა, რომ შეუძლებელი იყო, იქ არ დავრჩენილიყავი“, – იხსენებს forbes.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
პირველი გამარჯვება ვარჯიშიდან ორი თვის თავზე მოვიდა, კანადაში. პირველად აიღო მედალი, ეს იყო ბრინჯაო რაპირით ფარიკაობაში. სწორედ ამ გამარჯვებამ მოსცა ბიძგი, რომ ამ სპორტში მაქსიმუმი გაეკეთებინა.
დღეს კი პრინცესებს თანასწორივით ელაპარაკება…
სოციალურ ქსელში ემოციური ფოტო გავრცელდა, რომელიც ირმა ხეცურიანისა და მონაკოს პრინცესა შარლენ უოტსტოკის შეხვედრას ასახავს – პრინც ალბერის მეუღლე მუხმოდრეკლი ესაუბრება ჩვენს პარამოფარიკავე „პრინცესას“.
კომენტარები