შეუცნობელი

რას უწოდებენ „ანგელოზის რიცხვებს“ და რაზე მიგვანიშნებენ ისინი?

პითაგორა ამბობდა, რიცხვები მართავენ სამყაროსო, – მას შემდეგ მეცნიერება მხოლოდ ადასტურებს ძველი ბერძენი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის ამ მოსაზრებას. რიცხვები ამტკიცებენ, რომ ყველაფერში გარკვეული ბალანსია. ისევე, როგორც სამყაროში ყველაფერს, რიცხვებსაც აქვს ენერგეტიკული ვიბრაცია.

ნუმეროლოგიაში მიჩნეულია, რომ ერთი და იმავე ციფრებისგან შემდგარ რიცხვებს ან რიცხვების სერიას განსაკუთრებული ენერგეტიკული ვიბრაცია აქვს. ასეთ რიცხვებს  „ანგელოზის რიცხვებს“ უწოდებენ.

როდესაც გამუდმებით ხედავთ ერთი და იმავე ციფრების კომბინაციას, მაგალითად, თუ საათს დახედავთ, ხედავთ 11:11, ან 22:22, ან მაღაზიაში ფასის ეტიკეტზე ხედავთ რიცხვს – 777 და ა.შ. – ეს იმის ნიშანია, რომ ამ რიცხვების ენერგეტიკით თქვენი მფარველი ანგელოზი სუსტ მინიშნებას გაძლევთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რას ფიქრობთ, აკეთებთ ან გეგმავთ. ამ დროს „ანგელოზის რიცხვები“ სწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგებენ.

რას მიგვანიშნებენ „ანგელოზის რიცხვები“?

111 – სწორ გზაზე დგახართ

რიცხვი 111 მიგანიშნებთ, რომ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობებია და, ქართული ანდაზა რომ მოვიშველიოთ, დროა, „რაც დათესე, ის მოიმკო“.

222 –  გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოთ

ციფრი 2 ორბუნებიანობის სიმბოლოა (დღე და ღამე, სიკეთე და ბოროტება და ა.შ.). როდესაც განუწყვეტლივ ხედავთ ციფრ 2-ის კომბინაციის რიცხვს, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რაც გსურთ, ვიდრე იმას, რაც არ გსურთ.

333 – ყველაფერი კარგად იქნება

333-ის განმეორებით ნახვა ნიშნავს, რომ რთული პერიოდი უკან მოიტოვეთ: წარმატებით გადალახავთ დაბრკოლებებს და საუკეთესო გზას აირჩევთ. ციფრ 3-ის ეს კომბინაცია მიგანიშნებთ, რომ ანგელოზი ახლოსაა და შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ – ის შეისმენს თქვენს თხოვნას.

444 – დაცული ხართ

თქვენ დაცული ხართ მაშინაც კი, თუ ცხოვრების ამ ეტაპზე თავს დაკარგულად გრძნობთ ან გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებით. იცოდეთ, რომ ანგელოზების მფარველობის ქვეშ ხართ. ოთხიანების კომბინაციაც ხომ ანგელოზების სიახლოვეს მიანიშნებს.

555 – ყველაფერი შეიცვლება

თუ ძალაგამოცლილად და უიმედოდ გრძნობთ თავს, არ ინერვიულოთ: 5-იანების დანახვა ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება ტრანსფორმაციის პერიოდს გადის. ეს ცვლილებები აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.

666 – ფრთხილად იყავით

ითვლება, რომ სამი 6-იანის კომბინაცია ბოროტის სიმბოლოა. სინამდვილეში ეს არის მინიშნება, რომ სწორ გზას არ ადგახართ. ამ რიცხვების დანახვისას კრიტიკულად უნდა შეაფასოთ თქვენი აზრები და იდეები. უმჯობესია გეგმებს ხელახლა გადახედოთ, მონახოთ სუსტი წერტილები და გამოასწოროთ ხარვეზები.

777 – უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ

7-იანების დანახვა მიგანიშნებთ, რომ რეალურად უფრო მეტი შინაგანი ძალა გაქვთ, ვიდრე გგონიათ. ეს ნიშნავს, რომ შიშებისგან უნდა გათავისუფლდეთ. მიჰყევით დასახულ მიზანს. ცოტაც და – თქვენი სურვილები ასრულდება. მთავარია ამის გჯეროდეთ.

888 – ღმერთი თქვენთანაა

ციფრი 8 უსასრულობის ნიშანია, რომელიც ასევე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანის კავშირი ღმერთთან. 8-იანების დანახვა ნიშნავს, რომ თქვენს ნამდვილ ბუნებას შეგახსენებენ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც ისმენთ, ხედავთ და ფიქრობთ. 888 ასევე ფინანსური წარმატების ნიშანია.

999 – თავიდან იწყებთ

ციფრი 9 დასასრულის სიმბოლოა. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ერთი ნაწილი დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ამით ის კი არ მთავრდება, უბრალოდ, გარდაიქმნება –  ზოგიერთი რამ ტოვებს თქვენს ცხოვრებას, რათა უკეთეს მოვლენებს დაუთმოს ადგილი.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close