კინო/ფილმები

„მაგდანას ლურჯა“ – ქართული კინოს პირველი აღიარება დიდ საერთაშორისო ასპარეზზე

„მაგდანას ლურჯა“ ეკრანზე 1955 წელს გამოვიდა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. „საბჭოთა კინოში რევოლუცია მოხდა“, – იუწყებოდა იმდროინდელი პრესა. საქმე ისაა, რომ სწორედ „მაგდანას ლურჯა“ გახდა პირველი ფილმი საბჭოთა სივრციდან, რომელმაც დიდ საერთაშორისო კინოფესტივალზე აღიარება მოიპოვა – 1956 წელს კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა ნომინაციაში „მოკლემეტრაჟიანი ფილმი“. იმავე წელს კინოსურათმა ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალის I პრემია მოიპოვა. ეს ფილმის ახალგაზრდა რეჟისორების, რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის დიდი წარმატება, მეტიც, ქართული კინოს უდიდესი გამარჯვება იყო. მემაწვნე მაგდანას უბრალო, ცხოვრებისეული ისტორიის ასახვით ქართულ კინემატოგრაფში ახალი ეპოქა დაიწყო.

რეჟისორი რეზო ჩხეიძე იმ პერიოდს ათეული წლების შემდეგ ასე იხსენებდა:

„ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, საქართველოშიც სერიოზული ცვლილებები დაიწყო. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ერთგვარად შერბილდა მკაცრი იდეოლოგიური პოლიტიკა, რომელსაც კომუნისტური პარტია ატარებდა და ეს ცვლილებები, გარკვეულწილად, ამ ფაქტთან იყო დაკავშირებული. ხელოვნების და კულტურის დარგში გაჩნდა ახალი მიმართულება – ყურადღების ცენტრში მოექცა უბრალო ადამიანი, მისი განცდები და შეხედულებები. ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა: „დათბობა“ (ამ სათაურით ილია ერენბურგმა „პრავდაში“ სტატია გამოაქვეყნა) და ეს „დათბობა“ თითქოს დაიწყო კიდეც.

ყოველივე ამას დაემატა ისიც, რომ იტალიურ კინოში ნეორეალიზმმა იმძლავრა. აქცენტი უმუშევარი ხალხის ბედზე, მათ შვილებზე, ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე კეთდებოდა. ეს ერთგვარი მანიფესტი იყო ყველა დარგში ახალმოსული თაობისთვის. საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც თაობა ახალი სიტყვით მოდის. თუ ახალმა თაობამ ახალი იდეები არ მოიტანა, იმ თაობის ცხოვრება შეუმჩნევლად ჩაივლის.

საბედნიეროდ, როდესაც ჩვენი თაობა, ეგრეთ წოდებული „60-იანელები“ შემოქმედებით ასპარეზზე გამოდიოდა, ქვეყანაში საეტაპო ცვლილებები მიმდინარეობდა. მაშინ მე და თენგიზ აბულაძე მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტს ვამთავრებდით. როდესაც თბილისში ჩამოვედით, ცხადია, მაშინვე კინოსტუდიაში მივედით. ამ დროს სტუდიაში მუშაობდა ქართული კინემატოგრაფიის პიონერი, საოცარი პიროვნება, კარლო გოგოძე, რომელმაც გვითხრა: „ბიჭებო, მაქვს სცენარი, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „მაგდანას ლურჯას“ მიხედვით გავაკეთე, წაიკითხეთ, მოგეწონებათ – ხომ კარგი, არ მოგეწონებათ და გულწრფელად მითხარით“.

სცენარი ძალიან მოგვეწონა და ბატონ კარლოს ჩვენი სურვილებიც გავაცანით, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდით, მოსკოვში ჩვენს ხელმძღვანელებსაც წავუკითხეთ. მათაც ძალიან მოეწონათ, დაგვლოცეს და დავიწყეთ ზრუნვა იდეის განხორციელებისთვის, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში ქართულ კინოში ახალგაზრდა თაობა არ არსებობდა. ჩვენ „იაქესავით“ ვიყავით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას არ გვაქცევდნენ, მაგრამ რაღაც ეჭვები ჩვენს უფროს კოლეგებს მაინც გაუჩნდათ. შეხედულებები ძალიან „ჭრელი“ იყო. სამხატვრო საბჭოს სხდომაზე ისიც კი თქვეს, რად უნდათ ისეთი ფილმი, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ვირიაო?! ერთმა ძალიან ცნობილმა, ქართველ კლასიკოსად აღიარებულმა მწერალმა კი ტრიბუნიდან განაცხადა: „ამ ფილმს უცხოეთში რომ ნახავენ, საქართველო ვირების საკრებულოდ იქნება აღქმული…“

ასე იყო თუ ისე, ფილმის გადაღების ნება დაგვრთეს. განსაკუთრებით დიდი გულისხმიერება გამოიჩინა საქართველოს იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა, ბატონმა ავთანდილ გუნიამ. დავიწყეთ გადაღებები. თითქმის ნახევარი ფილმი გვქონდა გადაღებული (ბაზრის სცენა, „ლურჯას“ წაყვანა, სასამართლო), როდესაც სამხატვრო საბჭო მოიწვიეს, ჩვენი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად ჩათვალეს, გადაღებები შეაჩერეს და ლამის გამოგვისტუმრეს სტუდიიდან. ძნელი გასარკვევია, რა ამოძრავებდა იმ ხალხს, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა.

რას ვიზამდით? მივატოვეთ სტუდია და დავსხედით სახლში. მაშინ კინოსტუდიაში არსებობდა შემოქმედებითი სექცია, რომელსაც ბატონი კარლო გოგოძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მან მოძებნა გამოსავალი და ფილმის საჯარო განხილვა მოაწყო. მოიწვია ქართველი მწერლები, რომელთა შორის იყვნენ: დემნა შენგელაია, აკაკი ბელიაშვილი, გიორგი შატბერაშვილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, გალაკტიონიც კი. ეს მართლაც საოცარი ფაქტია, რადგან გალაკტიონი ასე საჯარო სხდომებზე არასოდეს დადიოდა, მით უმეტეს, ამ შეკრების შესახებ მისთვის არავის არაფერი უთქვამს. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და სადაც მისვლას სთხოვდნენ, იქაც კი არ მიდიოდა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის დღემდე გაუგებარია, საიდან გაიგო გალაკტიონმა ამ შეკრების შესახებ ან რამ მოიყვანა იქ… ერთი სიტყვით, მწერლებმა ფილმის გადაღების გაგრძელება მოითხოვეს. ამ მხარდაჭერამ გვიშველა, ეს ამბავი ყუმბარასავით გასკდა და მუშაობის გაგრძელების საშუალება მოგვეცა…

ამ ფილმმა სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა და ვიცი, რომ თენგიზის გულიც ასეთივე განცდებით იყო სავსე. „მაგდანას ლურჯამ“ ბევრად განსაზღვრა ჩვენი პროფესიონალიზმი და საკუთარი ძალების რწმენა შეგვძინა“.

მაგდანა

ფილმში დაკავებული მსახიობებიდან უმრავლესობა ცოცხალი აღარაა, არადა, რეჟისორებმა მართლაც შესანიშნავი ანსამბლი შეკრიბეს. მათ შორის გამოკვეთილი ფიგურაა მაგდანას როლის შემსრულებელი, არაჩვეულებრივი მსახიობი დუდუხანა წეროძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ (1955 წ.), რომლის ერთ-ერთ ნომერში ქალბატონი დუდუხანა იხსენებს: „თ. აბულაძემ და რ. ჩხეიძემ ჩემთან მუშაობა ჯერ კიდევ სასინჯი გადაღების დროს დაიწყეს. რეჟისორების თეორიულ მომზადებაში იმთავითვე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, თუ ისინი ასე კარგად, ღრმად იცნობდნენ ცხოვრებას, მით უმეტეს, წარსულსა და შორეულს. მათ ფხიზელ თვალს არ გამოეპარებოდა მცირეოდენი დეტალი, რომელიც ოდნავ მაინც გააყალბებდა სინამდვილეს.

დაიწყო რეპეტიციები, გადაღება. შეიქმნა ნამდვილი შემოქმედებითი ატმოსფერო… დიდი დახმარება გამიწიეს რეჟისორებმა, რომ ჩემი თამაში ყველა ეპიზოდში ყოფილიყო თანაბარი, რომ მცირე ეპიზოდებიდან ამომერჩია საუკეთესო აქტიორული ვარიანტები, ემოციურად დამეკავშირებინა ისინი ურთიერთისათვის და შემექმნა დატანჯული, უბედური ქართველი დედის ნამდვილი სახე. ეს როლი უმაღლესი მიღწევაა მთელ ჩემს შემოქმედებაში“.

მიხო და კატო

პატარა მიხოს და კატოს როლის შემსრულებლებს ძალიან დიდხანს ეძებდნენ. 150-მდე „მიხო“ მაინც გასინჯეს. ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნეს მეოთხე საშუალო სკოლაში სასურველ ტიპაჟს, რომელიც ტოლებისგან გონიერებითა და დაკვირვებით გამოირჩეოდა. მიხო ბორაშვილი მაშინ პირველ კლასში სწავლობდა… თუმცა მიხო არა, როლანდ ბორაშვილი, მიხო „მაგდანას ლურჯას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ შეარქვეს. თავისი ნამდვილი სახელი – როლანდი – სულ რაღაც შვიდი წელი ერქვა.

კატოს როლის შემსრულებელი, ნანი ჩიქვინიძე კი რეჟისორებმა სახელმწიფო კანცელარიის პირდაპირ, მაშინდელ ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღში აღმოაჩინეს. თბილისის თითქმის ყველა საბავშვო ბაღი უკვე მოვლილი ჰქონდათ და აღარ იცოდნენ, რა ექნათ, მაგრამ პატარა ნანისთან შეხვედრამ მათი პრობლემა უცებ გადაწყვიტა. უფროსებს მისთვის  ლექსის მოყოლა უთხოვიათ. ხუთი წლის ნანის სკამზე დადგომა მოუთხოვია, მაგრამ სკამი რატომღაც დაბალი მოსჩვენებია, ამიტომ მაგიდაზე ასულა, ჯერ ლექსი უთქვამს, შემდეგ კი საკუთარი სურვილით უმღერია კიდეც. ეს ფაქტი ქალბატონ ნანის დედას ძალიან გაჰკვირვებია, რადგან არ სცოდნია, მისმა შვილმა სიმღერაც თუ იცოდა.

„ფილმში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც ბავშვები ვირს ბანენ. საერთოდ, ხშირად ვიყავი ავად და დედაჩემმა მტკიცე უარი განაცხადა მდინარეში ჩემს ჩაშვებაზე. რეჟისორები იძულებულები გახდნენ ზურგიდან სხვა ბავშვი გადაეღოთ. ეს ფაქტი ძალიან მწარედ მახსოვს“, – იხსენებს ქალბატონი ნანი, თუმცა მაშინ იმდენად პატარა იყო, რომ გადაღების პროცესი ფრაგმენტულად თუ ახსენდება. მაგალითად, არ ახსოვს ერთი ეპიზოდი, რომელიც რეჟისორების ასისტენტს, შოთა ნოზაძეს თავის მოგონებებში აქვს აღწერილი: „მკვდარი“ სახედრის სცენს ვიღებდით, სადაც მიხოს და კატოს დიალოგი მიდის. კატო ეუბნება: „შენ რომ ხბომ შეგაშინა“, მაგრამ კატო იმდენად პატარაა, რომ „ხბოს“ მაგივრად „ბხოს“ ამბობს. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ბავშვს „ხბო“ ვერ ვათქმევინეთ. რეჟისორს ვთხოვეთ ფილმში „ბხო“ დარჩენილიყო და ასეც მოხდა“.

მიხო ბორაშვილი კი, აი, რას იხსენებს:

„მე უკვე დამტკიცებული ვიყავი მიხოს როლზე, ნანი რომ მოიყვანეს. ის ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო. მახსოვს, წყვილად გავიარეთ რეპეტიცია – პეპლებს გვაჭერინებდნენ მინდორში, კამერას გვაჩვევდნენ… მთელი ზაფხული უფლისციხეში გავატარეთ, პატარები ვიყავით და თან დედები გვახლდნენ. უჩვეულო სამყაროში აღმოვჩნდით მეც და ნანიც. ზღაპრულად გვეჩვენებოდა ყველაფერი და თავბრუ გვეხვეოდა. მერე, „სხვის შვილებში“ უკვე შეჩვეულები ვიყავით ამ გარემოს, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო…

ფილმის რეჟისორები, ბატონები – რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე, ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს ამჟღავნებდნენ ჩვენ მიმართ. ჩვენც მშობლებში არ ვარჩევდით მათ, მაგრამ არსებობს მეტ-ნაკლებად განსაკუთრებული დამოკიდებულება და მეც და ნინისაც თენგიზ აბულაძის მიმართ უფრო დიდი სიყვარული გვქონდა, თუმცა არც ბატონი რეზო გვიყვარდა ნაკლებად. სამახსოვრო, ჯგუფური სურათების გადაღების დროს სულ ვკინკლაობდით, რომელი ჩვენგანი დადგებოდა ბატონი თენგიზის გვერდით. ნანი ყოველთვის მჯობნიდა ხოლმე და ეს ძალიან მწყინდა…

უფლისციხეში ერთი მაღალი კლდე იყო, რომელიც მტკვარს გადმოჰყურებდა.  ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას ნანი კლდის თავზე უნდა დამდგარიყო და რაღაც ფრაზა უნდა დაეყვირა. ხომ შეიძლებოდა, ხუთი წლის ბავშვი ვერ გაჩერებულიყო და კლდიდან გადმოვარდნილიყო, ამიტომ მიწაზე გართხმულ ასისტენტს მისი ფეხის კოჭები ხელით ეჭირა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ეპიზოდს ახლაც კი შიშით ვიხსენებ…

ჩემს გმირსაც ჰქონდა ერთი ასეთი სცენა: გახსოვთ ალბათ, როცა მიხო გაიგებს, რომ სახედარი უნდა წაიყვანონ და ღამეს ლურჯასთან ერთად თავლაში ათევს. სისხამ დილით ჩაფრები მოდიან, მიხოს ხელს ჰკრავენ და ვირი მიჰყავთ, წაქცეულ მიხოს კი ტუჩიდან სისხლი წასკდება. რა თქმა უნდა, ეს სისხლი არ იყო, ალუბლის წვენი მქონდა პირში ჩაგუბებული და იმას გადმოვღვრიდი ხოლმე, მაგრამ ამ ეპიზოდის გადასაღებად სპეციალურად ამოთხარეს ორმო, კამერა შიგ ჩადგეს და კადრიდან რომ არ გამოვსულიყავი, ობიექტივის წინ, სადაც უნდა დავცემულიყავი, ქვები დააწყვეს. ის ქვები კადრში არ ჩანდა, მაგრამ დაცემის დროს რომ მომხდარიყო და მკერდი დამერტყა? მახსოვს, როგორ ვწვალობდი და ვფიქრობდი, ეს როგორ გაბედეს-მეთქი?!“

 მენახშირე ბიჭი

იღბლიანი აღმოჩნდა ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობის, კარლო საკანდელიძის კინოდებიუტი „მაგდანას ლურჯაში“. მენახშირე ბიჭის სიმღერა კომპოზიტორმა არჩილ კერესელიძემ სპეციალურად მისთვის დაწერა, არადა, სწორედ ამ სიმღერის გამო მოხდა ერთი კურიოზი, რომელსაც ბატონი კარლო ასე იხსენებდა:

„ფილმის გადაღებისას მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გორში, სასტუმროში ვცხოვრობდით. ძალიან ცხელი ზაფხული იყო. ახალგაზრდები ხშირად ვწუწაობდით, რათა ოდნავ მაინც გავგრილებულიყავით. ერთ-ერთი ასეთი გაგრილების დროს თავში შემთხვევით წყლით სავსე ჭურჭელი მომხვდა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გამაქანეს. ყველა ძალიან შეშინდა, თავზე დამფოფინებდნენ, მოჰქონდათ ხილი, განსაკუთრებით ბევრი გორული ატამი, მეც ვჭამდი და ვჭამდი ამ ატმებს… მტკივანი თავი ვიღას ახსოვდა და დიზენტერიაც დამემართა. ერთ დილასაც საავადმყოფოში არჩილ კერესელიძემ მომინახულა და მითხრა, დღეს სიმღერა უნდა ჩავწეროთო, მაგრამ ისეთი სიმკაცრე იყო, რომ საავადმყოფოდან არც გამიშვეს და ვერც გავიპარე. არჩილი ძალიან შეწუხდა, რადგან სიმღერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხელმეორედ ჩაწერა დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. დაფიქრდა და უცებ მთხოვა, ეგებ იცოდე ვინმე, ვისაც შენი ტემბრის ხმა ექნებაო. იმ წუთში გივი ტორონჯაძე გამახსენდა. მართალია ოპერის მომღერლის ხმას განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, გივის მართლაც კარგად გამოუვიდა…“

„ლურჯას“ დუბლიორი

„მაგდანას ლურჯას“ გადაღებები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლურჯა უფლისციხეში იყიდეს. იქვე შეიძინეს ნახმარი ტანსაცმელიც, რათა ფილმს უფრო ცხოვრებისეული ელფერი ჰქონოდა.

ფილმში ლურჯას დუბლიორი ჰყავს. დაკვირვებული თვალი ზოგიერთ ეპიზოდში მათ „იერსახეში“ სხვაობას ადვილად შეამჩნევს. მიხოს და კატოს (სხვა ბავშვებსაც) თურმე განსაკუთრებით ართობდათ ერთი ფაქტი: გადაღების დროს ვეტექიმი სახედარს ნარკოზს უკეთებდა, თანაც ისეთი დოზით, რომ ადამიანს მოკლავდა. საწყალი, როცა ნარკოზიდან გამოდიოდა, მთვრალი კაცივით დაბორიალობდა. ერთ-ერთი მათგანი გადაღების დროს შემოკვდომიათ. მეორე ვირი კი ფილმის დასრულების შემდეგ დიდხანს ბინადრობდა ძველი კინოსტუდიის ეზოში. ყველა ანებივრებდა და ასე ფერებ-ფერებაში დაბერდა და მოკვდა.

* * *

ზუსტი რიცხვი, თუ რა თანხა დაჯდა „მაგდანას ლურჯას“ გადაღება, არავინ იცის. სამაგიეროდ მიხო ბორაშვილს ახსოვს ჰონორარი, რომელსაც ყოველთვიურად იღებდა – რვაასი მანეთი (შემდგომში 80 მანეთი). შეგროვილი თანხით მშობლებს მისთვის პიანინო უყიდიათ.

თამარ ოთიაშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close