საფრანგეთში კარანტინის ხანგრძლივობა 14-იდან 7 დღემდე შემცირდა, რას აპირებს იტალია?
საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის ვადა 14-იდან 7 დღემდე შემცირდა. ფრანგი სპეციალისტების დასკვნით, ვირუსი უფრო გადამდებია სიმპტომების გამოვლენისთანავე, ვიდრე რამდენიმე დღის შემდეგ. იტალიის სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი საფრანგეთის მოდელს აფასებს. ამის შესახებ „კორიერე დელა სერა“ წერს.
საფრანგეთმა გადაწყვიტა ორჯერ შეემცირებინა თვითიზოლაციის ხანგრძლივობა – 14-იდან 7 დღემდე მათთვის, ვისაც კორონავირუსზე ტესტის პასუხი დადებითი ჰქონდა და მათთვის, ვინც ინფიცირებულ ადამიანთან იყო კონტაქტში. ეს იმიტომ, რომ, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, „ინფექცია ყველაზე უფრო გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან ან ტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან პირველი 5 დღის გამავლობაში, შემდეგ კი გადადების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება და ერთი კვირის შემდეგ კონტაგიოზურობა (გადამდებობა) ძალიან სუსტდება“.
წესები მსოფლიოში
იტალიაში იმ ადამიანების ფიდუციარული იზოლაცია, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდ-ინფიცირებულ ადამიანთან, 14 დღეს გრძელდება და ყოველთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ განკურნების დასადასტურებლად კარანტინში მყოფმა ინფიცირებულმა ადამიანმა მიიღოს 2 ტესტის უარყოფითი პასუხი. თვითიზოლაციის ხანგრძლივობის შემცირებით საფრანგეთი ევროპაში ლიდერია. აშშ-ის დაავადებებისა და პროფილაქტიკის ცენტრებმა ივლისში აირჩიეს 10-დღიანი კარანტინი სიმპტომების გამოვლენის მომენტიდან, მაშინ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ტესტის არარსებობის შემთხვევაში) უსიმპტომო პაციენტებისთვის არანაკლებ 3-დღიან თვითიზოლაციას და 10-დღიან პროფილაქტიკურ იზოლაციას ითხოვს ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში.
მეტისმეტი სიფრთხილე (გამართლებული)
„იტალიამ მეტისმეტი სიფრთხილე გამოიჩინა. 14-დღიანი იზოლაციის რეკომენდაციას ეპიდემიის დაწყებისას აზრი ჰქონდა და ეს სწორი იყო, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე, – ამბობს მარიო კლერიჩი, მილანის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის კათედრის პროფესორი. – მაგრამ დღეს გაცილებით მეტი დეტალი ვიცით და ასეთი ხანგრძლივი კარანტინი, განსაკუთრებით უსიმპტომო პაციენტებისთვის, უკვე მეტისმეტია. ჩემი აზრით, ერთი კვირა საკმარისზე მეტია, რათა გარანტირებული ვიყოთ, რომ ადამიანს დაავადების გადადება უკვე აღარ შეუძლია, რადგანაც ამ დროისთვის ვირუსს უკვე ამარცხებენ ანტისხეულები, T-უჯრედები და თანდაყოლილი იმუნიტეტი“.
მიზანი – წესების უკეთ დაცვა
კარანტიის შემცირება, უდავოდ, ხელს შეუწყობს წესების უკეთ დაცვას: უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომლებიც დღეს ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენენ, ერთია – იზოლაციაში ყოფნა 2 კვირა, მეორე – ერთი კვირა.
„ფრანგული ვარიანტი საინტერესოა და უნდა შეფასდეს, – ამბობს ვირუსოლოგი ფაბრიციო პრელიასკო, მილანის გალეაცის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი, – განსაკუთრებით, პრაქტიკული ასპექტების თვალსაზრისით, რომლებიც მოსახლობას ეხება. ვფიქრობ, მოვიდა დრო, ვიფიქროთ ცვლილებებზე იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ინფიცირებიდან პირველი დღეები ყველაზე სახიფათოა“.
რა შეიცვლება იტალიაში?
არის შესაძლებელი, რომ იტალიაში რამე შეიცვალოს? ლუკა რიჩელდი, პულმონოლოგი, სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის წევრი ვარაუდობს, რომ ცვლილება შეიძლება მოხდეს: „ამ გადაწყვეტილებას, დიდად სავარაუდოა, რომ იტალიაც შეაფასებს, ყველაზე უწინ იმიტომ, რომ ის დიდ ზეგავლენას მოახდენს საკარანტინო ზომების შემსუბუქებაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი ისევ ისეთივე გადამდები იყოს 10 დღის შემდეგ. დღეს ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როცა საავადმყოფოებზე ზეწოლა გაცილებით შემცირებულია და შეგვიძლია თავს ნაკლებ კონსერვატიული არჩევანის უფლება მივცეთ“.
საკარანტინო ვადის შემცირების მომხრეა პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც: „ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს კარანტინის ხანგრძლივობის შეცვლაზე, ეს მნიშვნელოვანი პერსპექტივაა. თუ შესაძლებელი იქნება მისი 7 დღემდე შემცირება, ჩვენ შევძლებდით სოციალური და ეკონომიკური ხარჯების შემცირებას“.
ოქსფორდის სამედიცინო ცენტრის მეცნიერების მიერ ჩატარებული 25 კვლევის გაანალიზებისას, მონაცემებმა უჩვენა, რომ უსიმპტომო პაციენტებს ტესტის ჩატარებიდან 7 დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა ძალიან დაბალი, ან საერთოდ აღარ აქვთ.
„ჩვენ უნდა შევაფასოთ, მისაღებია თუ არა რისკი, – ასკვნის ვირუსოლოგი ლუკა რიჩელდი. – ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია, დიფერენცირებული კარანტინი სხვადასხვა კლინიკური ფორმებისთვის – ნაკლები ხანგრძლივობის თვითიზოლაცია მათთვის, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნება“.
საინტერესოა, რას გადაწყვეტს იტალია და შეამცირებს თუ არა კარანტინის ხანგრძლივობას, რომელიც ამჟამად 14 დღეა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა.
რაც შეეხება სტატისტიკას: 10 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, რომელიც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გააცნო ჟურნალისტებს, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ერთი დღით ადრე – 1434) და გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, ინფიცირების შემთხვევების მთლიანმა რაოდენობამ 283 180-ს მიაღწია. გასულ ერთ დღეში კოვიდ-19-ს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა (წინა დღეს – 14) და გარდაცვლილთა რიცხვი 35 587-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 613 ადამიანი (წინა დღეს – 471) და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 211 885-ს მიაღწია.
ამ დროისთვის ინფიცირებული აქტიური პაციენტების რიცხვი 35 708-ს უდრის, რაც 974-ით მეტია გუშინდელთან შედარებით. მოქმედ პაციენტთა რაოდენობა, რომელიც განუხრელად მცირდებოდა აპრილის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე, უკვე მეექვსე კვირაა იზრდება და ამ ხნის განმავლობაში გასამმაგდა. ამასთან, ძალიან ნელა იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა, რასაც ექიმები ინფიცირებულთა საშუალო ასაკის ცვლილებას უკავშირებენ – ახალი ინფიცირებულები თითქმის ყოველთვის ახალგაზრდები ან საშუალო ასაკის ადამიანები არიან.
ნინო ხოშტარია
კომენტარები