„სხვისი ოთახი, სხვისი სიხარული, სხვისი ტკივილი ემატება შენს ტკივილს, სხვისი ჰაერი რომ გახრჩობს…“ – ემიგრანტის წერილი
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეონა ჭანტურია „ქართული კვირის“ მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. როგორია ემიგრანტობის პირველი წელი უცხო ქვეყანაში და მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება.
„მალე გახდება ერთი წელი ჩემი ემიგრანტობიდან, ამ ერთ წელიწადში ბევრი სირთულე გადავლახე და ბევრი ცრემლიც ვღვარე… ამ გზას ყველა ახალბედა ემიგრანტი გაივლის, თუმცა ყველა ვერ გადმოსცემს, ზოგი გაძლიერდება – ცრემლს არავის დაანახებს, ზოგი ღამით ტირის მხოლოდ, ზოგი მეგობრებთან შეხვედრისას იოხებს გულს, მე ეს ყველაფერი ერთად მჭირდა… ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, მხეცია და მხეცზე ძლიერია, ტვინი ეყინება და ფიქრის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას, მხოლოდ მონატრება ეფინება გონებაზე და ამ მონატრებით აგრძელებს გზას ემიგრანტობისას!
პირველად როცა ჩამოვედი იტალიაში, ქართველებს შევხვდი, ქართულ რესტორან „ნიკალაში“ წამიყვანეს, გამომაწყვეს თავის ქუსლიანებში და ლამაზი კაბაში, რომ გითხრათ ბედნიერი ვიყავი ამდენი ქართველი ქალის ხილვით-თქო – ვერა. გულზე შემომეყარა, იცით რამდენი ქალი იყო დარბაზში? ყველა ერთნაირად ლამაზი, ხალისიანი, როგორ ცეკვავენ და მღერიან ნუთუ სახლი და შვილები არ ენატრებათ-მეთქი!ვფიქრობდი გულში და ვერ ვბედავდი თქმას და დღეს, როცა ერთი წელი სრულდება ჩემი ემიგრანტობისა და მეც იგივე რესტორანში სხვებივით ვხალისობ ხოლმე, ვხვდები, რას ჰქვია ხალისი და რას ჰქვია ტკივილთან და მონატრებასთან შებრძოლება.
აქ პატარა საქართველოა, ქართველი მომხიბვლელი და გონიერი მეპატრონე უძღვება ყველა წვრილმანს და დეტალს, რაც კი ხდება რესტორანში… თითქმის ყველა ემიგრანტს იცნობს… მიჰყავს მთელი საღამო… სულ სამი საათი მაქვს ხოლმე დრო ხუთშაბათ დღეს და ამ სამ საათში თუკი მიმიწვიეს ქართულ რესტორანში მეგობრებმა, სრულ სიამოვნებას ვიღებ ხოლმე… ვიყუჩებ ტკივილებს და ვუსმენ და ვუმზერ ჩემს ლამაზ და ნიჭიერ ქართველებს, ზოგი ლამაზად ცეკვავს, ზოგი მღერის არაჩვეულებრივად, ზოგი ლექსს კითხულობს თავისას… ყველა ერთმანეთს ვუსმენთ ვეფერებით და პატივს ვცემთ… აქ ამ რესტორანში პატარა საქართველოა… რამდენჯერმე გადავწყვიტე გავთამამებულიყავი და წამეკითხა ჩემი ჩანახატი ან ლექსი და ამით მოვეფერებოდი ჩემს ლამაზ ქართველებს, მაგრამ სითამამე არ მყოფნის ხოლმე.
რა არის ჩვენი ცხოვრება, ემიგრანტებო, სხვისი ოთახი,სხვისი სიხარული, შენი საძინებელიც რომ სავსეა სხვისი სურათებით, სხვისი ტკივილი ემატება შენს ტკივილს, სხვისი ჰაერი რომ გახრჩობს… აივანზე ბაბუასთან ერთად მჯდარი შეჰყურებ, თუ როგორ მიაქვს სამსახურიდან მოსულ ტიპს ყვავილის თაიგული ცოლისთვის და შენ თვალებს დახუჭავ და შენს თავს წარმოიდგენ, ეხლა საკუთარ სახლში, მეუღლეს ყვავილებით,თუმცა ქართული ფილმის არ იყოს, ცოლს ხომ არ წავუღებ სახლში ამ ყვავილებსო… ჩვენთან ცოლებისთვის იშვიათია მსგავსი სიამე სულისა… მე მაინც თვალს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ჩემს თავს ჯიუტად… თუმცა დიდხანს ფიქრის დრო სადღაა, ჩემი მოუსვენარი და ბუზღუნა ბაბუა შემომჩივლებს უკვე მეასედ, ნახე, რამხელაა ეს ხეები, მთელს ქუჩას ფარავენ, ვერაფერს ვერ ვხედავო და მეასედ ვეთანხმები, მართალია-მეთქი…
ემიგრანტებო, უფალს ვთხოვ, მალე დაგვაბრუნოს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს შვილებთან, არავის ბედნიერებაზე არ მემზიროს ცრემლით და ერთად ქართულ რესტორნებში აქ, ამდენი ქართველი არასოდეს ყოფილიყოს… მე ჩემს ქვეყანაში უფრო ლაღი და ბედნიერი ვარ… იქ მეფე ვარ აქ კი… თავად განსაზღვრეთ, ვინ. “
კომენტარები