თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ფიქრობს, რომ მის შვილიშვილს თვითმკვლელობა გადაწყვეტილი ჰქონდა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებიას რიტა ზურაბაშვილს 23 წლის პროგრამისტის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა. გარდაცვლილის ბებია POSTV- სთან მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მის შვილიშვილს ოჯახთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი თავის უფროსზე ცალმხრივად იყო შეყვარებული.
„ოჯახში მანამდე უკამათიათ რაღაცეებზე. ეს ბავშვი სასტიკად ვერ იტანდა კამათს. დედა რომ ვეღარ აჩერებდა, ისევ გამოუძახია პატრული. სიმთვრალეში ის კაცი [მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი] პათოლოგია. ცალკე ცხოვრობდა. მაგას ისანზეც აქვს ბინა, სამგან თუ ოთხგან აქვს. კარგახანია ეგენი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თამუნა სახლიდან დისტანციურად მუშაობდა. ძმა არქიტექტურულზე სწავლობს და მამამ თავისთან გადაიყვანა. გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი“, – აცხადებს ბაჩალიაშვილის ბებია.
მისივე თქმით, თამუნამ დედის მიერ პატრულის გამოძახება გააუქმა და უთხრა, რომ შეეშალათ.
„ძალიან ახლო მეზობლებისგან ვიცი, 10 დღის განმავლობაში სულ კამათობდნენო. ამ დროს თამუნა ხო შეყვარებულია, ვერ ნახულობს თავის უფროსს, ამდგარა და მიუწერია, ნიკაო, მე მივდივარ სამსახურიდანო. იფიქრა, ნიკა თუ ჩემზე რაღაცას ფიქრობს, ან სიმპატიები აქვს, ხომ შემეხვეწება რატომ მიდიხარო. ნიკას მიუწერია თამუნასთვის, ეგრე არ ხდება, ორშაბათს მოდი, ხელი მოაწერე, ლეპტოპი ჩაგვაბარე და შენი ნივთები წაიღეო. ამან ადგა და შაბათს თავი მოიკლა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. ჩემი გაზრდილი ბავშვია. ოჯახური სიტუაცია არეული, ვერავის ვერაფერს უყვება, ბებო აქ არ ჰყავს, ვისთანაც მოვიდოდა და აი, ეს გააკეთა. რატომ დადიოდა ასე სოფელ-სოფელ? რატომ წავიდა? მამამისისთვის ისიც უთქვამს, ისეთ ადგილას წავალ, თავს მოვიკლავ, რომ ვერ მიპოვითო. აი, მაშინ ჩხუბის დროს“, – ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
რიტა ზურაბაშვილის თქმით, ოჯახურ კონფლიქტს თამარ ბაჩალიაშვილის დედ-მამა მალავს.
„რატომ არ აწვება ის ადვოკატი ან დედას ან მამას, როცა გამოკითხვები ჰქონდა და უთხრეს, რომ ამათ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ. რატომ არ ეკითხება, რა მოხდა?! რატომ ატეხა დედამ დღის 12 საათზე შვილის ძებნა? როცა შენი შვილი სტუდენტია, დამოუკიდებელია, მუშაობს და კონფერენციიდან მოვიდა. პირველის 10 წუთი, სახლში არ დახვდა თამუნა და იმ წუთიდან დაიწყო, სად წავიდა, რატო წავიდა, როგორ წავიდა. ლეპტოპი სადაც მიდიოდა, თან დაჰქონდა. დატოვებული სახლში ყველაფერი. ფლეშკა გამოძრობილი. ახლა რომ იძახიან, ფლეშკა რა უყოო. გამოაძრო და გადააგდო. ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო, ამ სცენარს თვითონვე იდგამდა თავისთვის. ის წამლებიც… ხომ დაუდგინდა, წამლები დალეული აქვს. არაო ვიღაც დაალევინებდაო, ვინ დაალევინა, ის მესამე პირი ვინაა? ჩემი მეორე და თურმე საჭმელს აკეთებდა, ეს ადვოკატი რომ მისულა. თეონასთვის უთქვამს, არავის გაკეთებული საჭმელი არ ჭამო, შეიძლება მოგწამლონო. რატომ უნდა მოეწამლა, მაგალითად, დეიდას დისშვილი?! გეკითხებით, რა უნდა დაელევინებინა, რა უნდა გაეკეთებინა? ჩემმა დამ რომ გააკეთა საჭმელი, თეონამ არ ჭამა“, – იხსენებს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
იგი ფიქრობს, რომ თამარი თვიმკვლელობას ჩაიდენდა, რადგან ძალიან იყო ემოციებით დატვირთული ოჯახში დედ-მამას შორის ურთიერთობის და ცალმხრივი სიყვარულის გამო.
„მე ვამბობ, რომ ბავშვი თვითმკვლელობას ჩაიდენდა. ძალიან იყო ემოციებით დატვირთული, ოჯახშიც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მერე ცალმხრივად იყო შეყვარებული თავისივე უფროსზე, ვისაც წერილი მიწერა. ეს თამუნას დაწერილი წერილია. არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. აქ ვიწროდ ცხოვრობენ, ოთახ-ნახევრიანში, მამას 5 დეკემბერზე ბინა აქვს უცხოელებზე გაქირავებული, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. დისტანციურად სახლიდან მუშაობდა. ეტყობა ამ შეყვარებულს ვერ ხედავდა. ამით დაიძაბა. ერთხელ ჩემთან რომ მოვიდა, მოვილაპარაკეთ, საცხოვრებლად ჩემთან გადმოდი-მეთქი. კარგი აზრიაო. მე ინტერნეტი არა მაქვს სახლში, პენსიონერი ვარ, ვერ ვიხდი. ვიცოდი, რომ კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ინგლისში უნდოდა სწავლა აუცილებლად და კაპიკ-კაპიკ აგროვებდა“, – იხსენებს რიტა ზურაბაშვილი.
რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობებს, ბებია ამბობს, რომ თამარს ვიდრე მისი უფროსი შეუყვარდებოდა, ჰყავდა შეყვარებული, თანაკურსელი – თემურ ჭანუყვაძე, რომელსაც დაშორდა.
„თანაკურსელი იყო. ერთმანეთს ხვდებოდნენ. საფრანგეთში გაცვლით პროგრამით რომ მიდიოდა, იმ ბიჭმა ჩააკითხა. ჩამოვიდა თუ არა, ისევ წავიდა საფრანგეთში. ამ ბიჭს უთქვამს, ან მე ამირჩიე, ან საფრანგეთიო. ამას უთქვამს, მე მივდივარ საფრანგეთშიო. რომ ვუთხარი, რატომ გააკეთე ასე-მეთქი, ბებო, თუ ვუყვარდი, არჩევანის წინაშე არ დამაყენებდაო. მეორედაც რომ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რაღაცნაირად იყო. ბებო-მეთქი შეყვარებული ხომ არ ხარ თქო – როგორც კი ვიქნები პირველი შენ გეტყვიო. მერე უცებ მობრუნდა და მითხრა – მე ჩემი ბიუროს უფროსი მომწონს, 33 წლის არისო“, – ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
იგი იხსენებს, რომ გაუჩინარების დღეს მისმა შვილიშვილმა ფონიჭალაში, მაღაზიაში ქაღალდის საჭრელი დანა იყიდა.
„აქ არ გადაწყვიტა [თვითმკვლელობა], მერე ბებო არ იცხოვრებს ამ სახლშიო… ხომ იცოდა, რომ არ ვარ სახლში, აღარ ქნა და მერე წავიდა“, – ამბობს გარდაცვლილის ბებია.
მისივე თქმით, თამარმა თვითმკვლელობა ადრეც სცადა, ბებიას კი სთხოვა, რომ ამის შესახებ დედისთვის, თეონა თამაზაშვილისთვის არ მოეყოლა.
„მეორე მცდელობის დროს 11 ტაბლეტი ძილის საშუალება ჰქონდა დალეული. მითხრა, 10 წუთის დალეული მაქვსო, ძალიან განვიცდი, მიშველე რამეო. სოდიანი წყალი დავალევინე. დამაფიცა, არ მეთქვა მშობლებთან. საერთოდ არავისთან მითქვამს. ეს მოხდა, როცა მეორედ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. საფრანგეთში რომ წავიდა, იმ ბიჭმა, [ბაჩალიაშვილის უფროსი] ვისზეც ფანატიკურად იყო შეყვარებული, სხვა გოგო მიიღო სამსახურში და სასტიკად ეჭვიანობდა. როცა დაურეკა და უთხრა, მივდივარ სამსახურიდანო, იმან რომ იგნორირება გაუკეთა, ეს იყო ბოლო წერტილი, თან ოჯახშიც ეს სიტუაცია [კონფლიქტური] ჰქონდა. მაშინ ისიც აღნიშნა, ვეღარ ვიტან ბებო, ერთმანეთს აწიწკნიანო, გარბიანო. სამი დღის მერე დედამისს ვუთხარი, თეონა, ცოტა ისე მოვეპყროთ თამუნას-მეთქი, კონფლიქტი ნუ გექნება ოჯახში. ხრუსტალივით არის, რომ დაგივარდება სულ დაიფშვნება-თქო. მე ჩემს თავმოყვარეობას ბავშვების გამო ვერ „იმასვიზამო“. რა თავმოყვარეობა იყო, ესე იგი, რასაც ეტყოდა ქმარი, ათჯერ მეტი უნდა ეთქვა?“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
მისი თქმით, თამარს და მის ძმას მამის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ.
„მამამისს უთქვამს, ეს ბინა გავყიდოთ, ისანში სხვა სახლი მაქვს არჩეულიო და ის თამუნას სახელზეო. დედამისის სახელზეა ეგ ბინა. დედას უთქვამს, არაო, რა ვიცი, თამუნა იქნებ ერთ ნარკომანს გაყვეს და ბინიდან გამომასახლოსო. მაგაზე ძალიან უტირია თამუნას და მითხრა, რატომ არ სჯერათ ჩემი, რატომ უნდა გავყვე ნარკომანსო. მე ვუთხარი, ეგ სიტყვის მასალად თქვეს, ხომ იცი, დედაშენი და მამაშენი რა ტიპები არიან-თქო. მე რომ ვყოფილიყავი, ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა, ვიღაცას ეტყოდა თავის დარდს, შეიძლება ის წერილიც არ დაეწერა – წერილი მომავლიდან რომ დაწერა. იმ წერილში აშკარად ეტყობა, რომ შეყვარებულია ამ ბიჭზე და ეჭვიანობს იმ ქალზე“, – ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები