მოგზაურობასაზოგადოებასაქართველო

ახალი რეგულაციები ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 2018 წელს მოხდა, თუმცა პროცედურა გაიწელა და ის მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, დამატებით განისაზღვრება შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე. კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ სამ თვეს გრძელდება.

ასევე, შესაძლებელია უარი ეთქვას, თუ არ აქვს უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი; აგრეთვე, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულის გარდა, პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ზემოაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; ყალბი საბუთების გამოყენებით – გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. თუ მითითებული ქმედება ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close