კრიმინალისაქართველო

24 წლის სევამ, რომლის ცოცხლად დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, საავადმყოფო დატოვა: რა და როგორ მოხდა

24 წლის სევა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა, საავადმყოფო დატოვა.

ექიმები ამბობენ, რომ ის ძველებურად ლამაზი იქნება, მაგრამ ამისთვის დაახლოებით ერთწლიანი მკურნალობა და მოთმინება იქნება საჭირო.

ულამაზესი სევას დედა, ირინე შამოიანი ექიმების მადლობელია, რომლებმაც მისი შვილის გადარჩენასა და ფეხზე დაყენებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

სასწაულით გადარჩენილ სევაზე „ფორტუნა“ დედამისს, ირინე შამოიანს ესაუბრა. 

ყველა ექიმს მინდა, მადლობა გადავუხადო. ყველაფერი გააკეთეს, რომ ფეხზე დამდგარიყო. ორი თვე იწვა და კანი დაჭიმული აქვს. კანის გადანერგვის შემდეგ თანდათან უხორცდება. სიარული შეიძლება ერთ თვეში დაიწყოს, მაგრამ გამართულად და სრულყოფილად რომ გაიაროს, ერთი წელიწადი დასჭირდება.

რამდენი ოპერაცია ჩაუტარდა?

ორი ოპერაცია გაუკეთეს. მესამეს ველოდებოდი, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მართალია, ექიმები ამბობენ, რომ ერთ წელიწადში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იაქტიურებს თვითონ. ძალიან მშიშარაა. ძალიან დიდი ტკივილები ჰქონდა. გადახვევებს ნარკოზის გარეშე არ უკეთებდნენ. ჩათვალეთ, რომ ყოველ მეორე დღეს ოპერაცია გვქონდა.

ბიჭის ოჯახმა, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, გოგონას დახმარების სურვილი გამოთქვა?

მე მათთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს და არც მივცემ იმის უფლებას, რომ მომეკარონ. მე მათთვის არც არაფერი მითხოვია. მათ უნდა დაფარონ ყველა ხარჯი, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 1 ან 2 წლის შემდეგ. მე არ ვიცი, როდის მიუსჯიან მას სასჯელს. მერე უნდა შევიტანოთ ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარი. მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა.

ოჯახმა თქვენთან შეხვედრა და მობოდიშება სცადა?

ტყუილს ვერ ვიტყვი. შემთხვევა როდესაც მოხდა, იმ დღესვე მოვიდნენ და იკითხეს, როგორ იყო ჩემი შვილი. ამ დროს ისევ თავის შვილზე იფიქრა, აინტერესებდა, მის შვილს რა ემუქრებოდა.
როგორც გავიგე, სასამართლოში 20 ათასი მიუტანიათ. უნდოდათ გირაოთი გამოეყვანათ შვილი. ალბათ იფიქრეს, რომ მათი შვილი იმსახურებდა კვლავ თავისუფლად ყოფნას, რაზეც უარი მიიღეს.

თქვენი გოგონა ალბათ ნანობს, რომ ასეთი შეყვარებული ჰყავდა?

სულ ამბობს, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ რამეს თუ გააკეთებდაო. ამბობს, რომ პირველი „გაჭედვის“ შემდეგ დავშორდიო. თურმე არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად იყო და ამ დროს უხეშიც იყო და გინებაც უყვარდა. რამდენიმე თვის დაშორებული იყვნენ, როდესაც დაბადების დღეზე შემთხვევით  ნახა და ისევ მიწერა იმ ბიჭმა და აღარ შეეშვა. ყვავილებს აგზავნიდა და პატივს სცემდა. მისცა შანსი, მაგრამ მალევე ისევ ძალიან იჩხუბეს. იმის მერე საერთოდ დაბლოკა და კონტაქტი არ ჰქონდა.

ბოლოს მიწერა, უნდა შეგხვდე ბოლოჯერო, რაზეც ჩემმა შვილმა უარი უთხრა, მიწერა, რომ მეგობრებთან ერთად ზღვაზე წასასვლელად ემზადებოდა. მაგრამ დამუქრებია, თუ არ გამოხვალ, აგაფეთქებ, ცოცხლად დაგწვავო, მიუწერია. ჩემმა შვილმა იფიქრა, გავალ და ვნახავ, რას გაბედავს ხალხშიო. თან იქვე პოლიციის შენობაა. იფიქრა, რომ ვერაფერს გაბედავდა. გავიდა და ნახა…

შეგახსენებთ, 29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა. გოგონა ექიმების დაუღალავმა შრომამ და, შეიძლება ითქვას, სასწაულმა გადაარჩინა.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close