როგორ გადაარჩინეს მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი (ვიდეო)
28 აგვისტოს, დილით გლდანში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. ამ დროს ბინაში 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრიდან ბავშვები უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმცია ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი „პრაიმტაიმს“ დეტალურად მოუყვა, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები:
„ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე.
იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა, ჯერ ჩემი ძმა გადაარჩინეო. კიბეებზე რომ ჩამყავდა, ველაპარაკებოდი, რომ არ შეშინებოდა. ბავშვებმა გვითხრეს, გვეძინა, როცა ცეცხლი გაჩნდაო. სავარაუდოდ, მეზობლებმა დარეკეს 112-ში.
ადგილზე მისვლიდან ზუსტად 5 წუთში სამივე მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოვიყვანეთ“, – ჰყვება მეხანძრე მაშველი გაგა გიგაშვილი.
კომენტარები