დონარა გაბეხაძე: „იტალიამ ლეგალიზაციის შანსი მოგვცა და აუცილებლად გამოვიყენებ…“
მართალია ფიქრობდა, რომ საქართველოში ორიოდე წელში დაბრუნდებოდა, მაგრამ უკვე 8 წელია, ემიგრანტია… „რაღაც-რაღაცებს ეჩვევი, მაგრამ ძნელია აკეთო საქმე, რაც შენი არ არის…. არასოდეს ჩავთვლი ამ წლებს წარმატებულად“, – ამბობს დონარა გაბეხაძე, რომელმაც იტალიაში წასვლა მოულოდნელად გადაწყვიტა.
კონკრეტული მიზნით წავიდა: უნდოდა, საკუთარი ბრენდი ჰქონოდა და ცოტა უფრო მასშტაბური გაეხადა თავისი საქმიანობა. თუ რა საქმიანობაზეა საუბარი, რა დაანახვა ემიგრაციამ და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ქალბატონი დონარა თავად მოგვიყვება:
მოგესალმებით, მივესალმები თქვენს აქტიურ მკითხველს და, საერთოდ, მთელ საქართველოს. რა გითხრათ? ჩემს თავზე ბევრს არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ ვეცდები, რომ საინტერესო რესპონდენტი ვიყო (იცინის).
ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში დავიბადე და გავიზარდე. ვცხოვრობ ქ. ქუთაისში, მყავს ორი შვილი, მათი მეუღლეები – ჩემი შეძენილი შვილები, და ოთხი შვილიშვილი. ამჟამად ემიგრაციაში ვიმყოფები იტალიაში, ქ. ბარის პატარა პროვინციულ ქალაქში, პალეზეში.
სკოლასთან ერთად მუსიკალური ათწლედი დავამთავრე და სწავლა სამედიცინო კოლეჯში გავაგრძელე. პარალელურად ვსწავლობდი ტანსაცმლის დიზაინის მოდელების კონსტრუირების ჭრა-კერვის კურსებზე. არასოდეს მიფიქრია, თუ როდესმე ემიგრაციაში წავიდოდი. მეტიც, არასოდეს მომწონდა სხვების ეს გადაწყვეტილება. ვერ წარმომედგინა, თუ როგორ უნდა მეცხოვრა უცხო ქვეყანაში ჩემი საყვარელი შვილების, შვილიშვილების, მშობლებისა და ახლობლების გარეშე. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ადამიანი ტვინს და ხელს გაანძრევ, საარსებოს შენს ქვეყანაშიც იშოვი-მეთქი. რა თქმა უნდა, თუ ამბიციური არ ხარ ადამიანი… მაგრამ თურმე არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“!
2006 წლიდან ვიყავი მცირე მეწარმე – მქონდა ჩემი ქსოვილების მაღაზია, პატარა სამკერვალო და ჩემ მიერ შექმნილ პროდუქციას ვაწარმოებდი. ვერ ვიტყვი, რომ მომგებიანი არ იყო, ნელ-ნელა საკმაოდ კარგად ვმართავდი ჩემს საქმეს. ფინანსურად არც ბევრი მქონდა, მაგრამ არც ნაქირავებში ვცხოვრობდი. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს დაუხმარებლად მივაღწიე, მეხმარებოდნენ ჩემი მშობლები და დედმამიშვილები – მადლობა მათ.
იტალიაში წამოსვლა მოულოდნელად გადავწყვიტე, მინდოდა ჩემი საკუთარი ბრენდი მქონოდა და ცოტა მასშტაბური გამეხადა ჩემი საქმიანობა. ვფიქრობდი, რომ ამისთვის ცოტა დრო დამჭირდებოდა. ვიცოდი, ლეგალიზების საბუთს ყოველ მეორე წელს გასცემდა მთავრობა, რომლითაც ადვილად შემეძლო საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ვაი, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას არ აღმოვჩნდი. უკვე რვა წელია ველოდები ამ საბუთს და ამასობაში ჩემი ფიქრებიც 90 გრადუსით შეიცვალა. ასე აღმოვჩნდი 2012 წლის 21 აგვისტოს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფირენცაში.
მცირე ბიზნესი ვის დაუტოვეთ ქუთაისში, თუ მართავს ახლა ვინმე?
ჩემი ქსოვილების მაღაზია ჩემს უახლოეს მეგობარს დავუტოვე, ჩემ გვერდით მუშაობდა, სხვა სექციაში, მაგრამ ჩემს ქსოვილებთან შეხება ჰქონდა, როცა მე საქონელზე წასვლა მიწევდა. რა თქმა უნდა, დღესაც მუშაობს წარმატებულად, თუმცა დაიღალა ორი მაღაზიის გაძღოლით. სულ მეუბნება, დაბრუნდი და მიხედე შენს ქსოვილებსო. მართალია, ჩემი იქ არაფერი აღარ არის, ყველაფერი მის მფლობელობაშია, მაგრამ შანსი ყოველთვის არის, თუკი მოვინდომებ…
საინტერესოა, მაინც რას ელოდით, როცა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ და დღეს რას ფიქრობთ – დაემთხვა თქვენი მოლოდინი შემდგომ ნანახსა და განცდილს?
ვფიქრობდი, რომ სულ ორ-სამ წელიწადში შევძლებდი ჩემი მიზნების განხორციელებას. ყველას ვეუბნებოდი და ვპირდებოდი, მაქსიმუმ ეს წლები და მე დავბრუნდები-მეთქი.
სადაც არ ხარ, იქ რომ ყველაფერი კარგი და მარტივი გგონია! არ ყოფილა მარტივი – უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრებას ძალიან ბევრი წელი სჭირდება. როცა უკვე ამ სიტუაციაში აღმოჩნდები, მერე უკან დახევა ძნელია. სწორედ მაშინ გადადიხარ სხვა სამყაროში და ხდები სხვა ადამიანი – გემატება სიძლიერე, რწმენა, იმედი და ამ სამყაროში გიწევს ცხოვრება.
ჩემი მოლოდინი იყო, რომ მალე დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ აქ ვარ… თუმცა ბევრი რამ შევძელი. რაც მთავარია, დიდი სიმდიდრეა, როცა შვილების (თემური, მარიამი, ანჟელა და გიორგი) ბედნიერ სახეებს და მომავალს უყურებ, მაგიჟებენ ჩემი ულამაზესი შვილიშვილები – დავითი, ალექსანდრე, ზურა და ლივია. ისინი ქმნიან ჩემს სამყაროს, საიდანაც დიდი დოზებით ვიღებ იმ დანაკლისს, რასაც მათი სიშორით განვიცდი.
როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება, როცა შორს, იტალიის მიწაზე დადგით ფეხი?
შთაბეჭდილებაში თუ ხალხს ვიგულისხმებთ, პირველად მომეჩვენა, რომ ცივები იყვნენ… და ცოტა შიშის გრძნობაც გამიჩნდა. ვფიქრობდი, რომ ასეთ ხალხთან ურთიერთობა გამიძნელდებოდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ენა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ დღეს, ჩემი ურთიერთობებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხალხი ძალიან თბილი და ზრდილობიანია.
ქალაქი ბარი კი თავიდანვე რაღაცნაირად ბათუმს მივამსგავსე და დღესაც რომ აქ ვარ, იმის ბრალიცაა, რომ მიყვარს ეს ქალაქი.
რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ პირველ ეტაპზე? ადაპტაციისთვის დიდი დრო დაგჭირდათ?
აქ ჩამოსვლის მერე პირველი ეტაპია, იპოვო დამსაქმებელი ანუ ბინა და სამსახური. მე გამიმართლა – სამსახური მალე მიშოვეს და ბინაშიც არასოდეს ვყოფილვარ დამსაქმებელთან. მყავს მეგობარი, რომელიც თავის ბებოს სახლში მაცხოვრებდა, მეტიც, მისი პატრონი, ბებოს იტალიელი შვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი.
ცხადია, განიცდი, როდესაც სამსახურში შედიხარ. ხასიათით კონტაქტური ვარ და, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივ კონტაქტში ვიყავი ადამიანებთან. ემიგრაციაში კი სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდები, მარტო შენს თავთან, სამყაროში, სადაც საერთოდ სიცარიელეა. ხედავ ადამიანებს და არ გესმის მათი, შენც გინდა რაღაც უთხრა და მათ არ ესმით შენი… ეს არის კატასტროფა. აცნობიერებ შენს მოვალეობებს, ყველაფერს ტირილით აკეთებ და ხვდები, რა ბედნიერი ყოფილხარ შენს გაჭირვებულ ქვეყანაში.
ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, რაღაც-რაღაცებს ეჩვევი, მაგრამ ძნელია აკეთო საქმე, რომელიც შენი არ არის. ეჩვევი ტკივილით, მაგრამ მაინც მეცოდება ჩემი თავი… არასოდეს ჩავთვლი ამ წლებს წარმატებულად.
თქვენს საქმეზე რას გვეტყვით, თქვენი პროფესია არ გამოგადგათ უცხო მიწაზე?
ყოველთვის ვამბობ, ადამიანისთვის არასდროს უნდა იყოს მნიშვნელოვანი დიპლომების რაოდენობა. მთავარია გქონდეს პროფესია და გიყვარდეს შენი საქმე. თუ შენი საქმე გიყვარს, მის გაკეთებას ყველგან შეძლებ… წარმოიდგინეთ და – სადაც მუშაობა მიწევდა, ყველა ბებო იყო მოყვარული მკერავი და საკერავი მანქანები თავისი მოწყობილობით ყველგან მხვდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ რამეს ვაკეთებ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეხმარები ჩემს გოგოებს. ბებოს ერთ-ერთი შვილისგან სამკერვალოს გახნის შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არალეგალობის გამო უარის თქმა მომიწია. უფლის წყალობით, იტალიამ ლეგალიზაციის შანსი მოგვცა და აუცილებლად გამოვიყენებ ამ შანსს წინ გადასადგმელი ნაბიჯებისთვის.
ახლა სად ხართ კონკრეტულად?.. რა ვითარებაა თქვენს ირგვლივ კორონავირუსის ფონზე? რა დაგანახვათ პანდემიამ?
ვცხოვრობ ზღვის სანაპიროზე, ულამაზეს პატარა ვილაზე. ამ ეტაპზე ჩემს ქალაქში ნამდვილად არ აისახება წინა თვეების ეპიდემიის კვალი. პლაჟი გადაჭედილია ხალხით. ვიტყვი, რომ კორონა არ არსებობს! არსებობს ვირუსი, რომელიც არ კლავს… ჩემს ქალაქში ეპიდემია არ დაფიქსირებულა. არც ჩვენს სანაცნობოში ბებოს მხრიდან, არავინ გარდაცვლილა. გავიარეთ რთული პერიოდი, გავიარეთ და მორჩა.
რა დამანახვა ამ პანდემიამ? გზების ჩაკეტვამ, მსოფლიოს „გაჩერებამ“ და სახლში უსუსურად გამოკეტვამ?.. თურმე არაფერს არა აქვს მნიშვნელობა, რა გექნება, როგორი ღირებულიც არ უნდა იყოს. მთავარია უხვად გვქონდეს სიყვარული, რომელსაც ერთმანეთს გავუნაწილებთ… გვერდით დგომაა მთავარი და, რა თქმა უნდა, შენს ოჯახში, საახლობლოში, შენს ქვეყანაში ყოფნა.
ამ პერიოდში ემიგრანტების გარკვეული ნაწილი დაბრუნდა საქართველოში, თქვენ არ გიფიქრიათ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებაზე? როგორია თქვენი პოზიცია?
როცა ეპიდემიაზე საუბარი დაიწყო და მოსალოდნელი იყო საჰაერო მიმოსვლის ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მთხოვდნენ საქართველოში დაბრუნებას. არ წყდებოდა მესენჯერში ზარები, ამიტომ ჩემს პირად გვერდზე დავდე პოსტი, სადაც ვწერდი, რომ მე არ დავბრუნდები და იტალიელების გვერდით ვიქნები ამ განსაცდელის ჟამს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ მე კი არ ვეწირები იტალიას და იტალიელებს, უბრალოდ, ჩვენ აქ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და ვერანაირად ვერ უღალატებ შენს პრინციპებს. მეორეც, ჩემს ქვეყანას ჩემი ჩამოსვლით საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებდი.
ამ გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის თქვენთვის?
ამ ეტაპზე ყველა ემიგრანტისთვის და ასევე ჩემთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში სიმშვიდე, ჩემი ქვეყნის წინსვლა, რომ ჩვენ შევძლოთ საქართველოში დაბრუნება.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ მეტი ყურადღება მოგვქციონ ემიგრანტებს.
რას ითხოვთ, რას უნდა მიაქციოს საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება ემიგრაციასთან დაკავშირებით?
მთავრობისგან მე პირადად იმდენ რამეს მოვითხოვ და იმდენი კითხვა მაქვს, რომ… თუმცა ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები ძალიან მოკლედ.
ჩვენ საქართველოს წარმოვადგენთ იტალიის სხვადასხვა კუთხეში. ქართველების დიდი ნაწილი ელიტაა და თამამად ვიტყვი, რომ ეს ხალხი აქ, უცხო მიწაზე ეპოქას ქმნის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, გახშირდა ქართველების სიკვდილიანობა იტალიის ემიგრანტებში. თითქმის ყოველ თვეში ვიგებთ გარდაცვალებას და ან ცუდად ყოფნას ჩვენი თანამემამულე ქალბატონებისა. არ ვიცი, რამდენად გადმოსცემენ ამას ტელევიზიები საქართველოში, ან რამდენად იგებს ჩვენი მთავრობა, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი კეთდება მათ საკეთილდღეოდ.
2012-2013 წლებში ქ. ბარში ჩამოსული იყო ქართველი ექიმების ჯგუფი და ერთი კვირის მანძილზე კონსულტაციებს უწევდნენ აქ მცხოვრებ ქართველებს. რატომღაც ეს პროექტი გაქრა, აღარ არის, იმის მაგივრად, რომ გაორმაგებულიყო. ემიგრანტების რაოდენობა კი ყოველდღიურად იმატებს. დროა, ამ კუთხით მოხდეს რეაგირება…
მეორე, რაც მინდა ვთქვა, საქართველოს ტელევიზიებს ეხება. რატომღაც არ აინტერესებთ ემიგრანტების ცხოვრება და მათი აზრი. რამდენიმე შემთხვევას არ ვგულისხმობ, ზოგადად, ასეა. არადა, ძალიან საინტერესო იქნება და ზუსტად ვიცი, რეიტინგული. მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამაზე. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და უფლება გვაქვს ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, რა გვიჭირს და რა გვილხინს. ვერც კი წარმოიდგენთ, უნიჭიერესი ემიგრანტი ქართველები რა საოცარ შთაბეჭდილებებს ახდენენ იტალიის კულტურის სფეროში. დაინახეთ და დაანახვეთ!.. დანარჩენ მოთხოვნებს აზრი არ აქვს, თუ ეს არ გაითვალისწინეს.
თავად როგორ და სად ხედავთ საკუთარ თავს – იტალიაში თუ საქართველოში? თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე რას ფიქრობთ, მომავალში რა პერსპექტივა აქვს თქვენს დიზაინერობას?
ზოდიაქოთი მორიელი ვარ, ასე რომ, რასაც ჩავიფიქრებ, ნელა, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ. ჩემს მომავალს საქართველოს ვუკავშირებ და უკვე საფუძველს ვუყრი მიზნების განხორციელებას, თუმცა, როგორც გითხარით, აქაც მაქვს შემოთავაზებები და ვნახოთ, არ მიყვარს წინასწარ საუბარი (იცინის), დანარჩენი შემდეგი ინტერვიუსთვის შემოვინახოთ.
აუცილებლად გავითვალისწინებ…
ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სხვა საინტერესო იდეებიც მაქვს და იმედია, შევძლებ მათ განხორციელებას კეთილი და გულისხმიერი ადამიანების დახმარებითა და გვერდზე დგომით…
მანამდე, მოდი, გვითხარით, იტალიაში როდესაც სამოსს იძენთ, რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას? ან იქნებ თავად იკერავთ?
მე პირადად არ მაქვს საშუალება, რომ ძვირადღირებულ ბრენდულ მაღაზიებში ვიშოპინგო, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ვერაფერს ვიმეტებ ჩემი თავისთვის. მეგობრები ჩამქოლავენ, ეს რომ ვთქვა (იცინის).
ყოველთვის ვცდილობ ვიყო განსხვავებული, არ მიყვარს ერთფეროვნება. ძვირს არასოდეს ვიხდი ტანსაცმელში, უბრალოდ, მენანება იმაში ფულის გადახდა, რაც უმარტივესად შემიძლია თვითონ შევკერო. უპირატესობას ვანიჭებ კომფორტულ ფეხსაცმელს, ჩანთას და სუნამოს. თუ ეს სასურველი შენაძენი მაქვს, ჩითის კაბაშიც თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს.
ემიგრანტების ყველაზე დიდი საფიქრალი რა არის, რაზე საუბრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად, როცა ერთმანეთს ხვდებით და პირადად უზიარებთ აზრებს?
ემიგრანტის, კერძოდ ქალის ფიქრი უსასრულოა და განსხვავებული. ფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე, განსაკუთრებით კი – დატოვებულ შვილებზე.
საქართველოს ტკივილი ჩვენ ორმაგად გვტკივა. უამრავი საკითხია, რასაც სერიოზულ კონტექსტში განვიხილავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენს საუბრად რჩება. გვინდა, რომ მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეს საკონსულოს. გვქონდეს თუნდაც მცირედი ადგილი, ფართი, იმისათვის, რომ შევძლოთ საუბარი მშვიდ გარემოში და არ ვისხდეთ ბაღებსა და სკვერებში. აუცილებელია გვყავდეს ფსიქოლოგი, რომელთანაც შევძლებთ კონსულტაციებს და მივიღებთ სწორ დარიგებებს. კარგი იქნება, თუ ჩვენს ამ სურვილს გაითვალისწინებენ.
აქვე მინდა, აღვნიშნო ის გულისტკივილი, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდები. ეს ეხება ათეული წლების წინათ ემიგრაციაში წამოსულ ქართველი ქალბატონების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც ჩვენნაირ სამსახურს ეწეოდნენ, მაგრამ თავიანთი მარიფათითა თუ მაქინაციებით შეძლეს ცოტა მაღალ საფეხურზე ასვლა და ბევრს წარსული დაავიწყდა. ყველა აღმართის შემდეგ დაღმართია და კარგი იქნება, თუ შეურაცხყოფას არ მიაყენებენ თანამემამულეს!..
თანამემამულეებისთვის რა გაქვთ სათქმელი უცხო ქვეყნიდან?
ჩემს ქართველებს, ქართველ დედებს ვეტყოდი, რომ ჩვენი შვილებიც თქვენ დაგიტოვეთ, გაუფრთხილდით ჩვენი და თქვენი მომავლის სიცოცხლეს. მეტი სიყვარული და ნაკლები სიძულვილი გქონდეთ ემიგრაციაში წამოსული დედების მიმართ. არავინ იცის, ვინ რა მოტივითაა აქ წამოსული.
იცოდეთ, რომ ორმაგად გვიყვარხართ თითოეული ქართველი. ჩვენ დავბრუნდებით!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები