მოულოდნელი მესიჯები თბილისს – რა ხდება აფხაზეთში?
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას, ოთხი თვეა, ახალი ლიდერი ჰყავს. ამ 4 თვის განმავლობაში ასლან ბჟანია და მისი ე.წ. მთავრობის წევრები რამდენჯერმე ჩავიდნენ მოსკოვში, თუმცა ამ სტუმრობას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია: მოსკოვი დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის განკუთვნილ დოტაციას არასრულად და დიდი დაგვიანებით რიცხავს, რასაც სოხუმში ზეწოლად აღიქვამენ.
პარალელურად, ასლან ბჟანია ჩადის გალის რაიონში და იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ხვდება, ჰპირდება მათ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; პერიოდულად ბჟანია საუბრობს თბილისთან ურთიერთობის დალაგებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე. 29 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ბჟანიას ბრძანებით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა სერგეი შამბა, რომელიც ასევე თბილისთან დიალოგისა და ნორმალური ურთიერთობის დამყარების საჭიროებაზე ლაპარაკობს.
რატომ „ახრჩობს“ მოსკოვი სოხუმს?
ასლან ბჟანიამ 2020 წლის 22 მარტს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კრემლის აშკარა ფავორიტი, რაულ ხაჯიმბა, შეცვალა. მოსკოვში არასოდეს დაუმალავთ, რომ მხარს სწორედ ხაჯიმბას უჭერდნენ და ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ყოველწლიური საბიუჯეტო დოტაციის შეუფერხებელი მიწოდებითაც.
2009 წლიდან მოყოლებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტი დიდწილად რუსული დოტაციით ივსება: 2009-2017 წლებში სოხუმმა საბიუჯეტო მუხლებით – „სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ და „საბიუჯეტო ინვესტიცია“ – მოსკოვიდან 37 მლრდ რუბლის (616 მლნ აშშ დოლარის) დოტაცია მიიღო.
რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ბიუჯეტს საშუალოდ 50-70%-ით ავსებს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 57,7% იყო.
საინფორმაციო სააგენტო „აფხაზია-ინფორმის“ მიხედვით, მიმდინარე წლის დოტაციის მოცულობა 4 მლრდ 746 მლნ რუბლია, თუმცა მოსკოვმა, 1 ივნისის მონაცემებით, სოხუმს მხოლოდ 703,3 მლნ რუბლი ანუ მთელი თანხის 15%, გადაურიცხა, რამაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა.
შეფერხების ოფიციალურ მიზეზად რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის საქმეთა სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები დასახელდა, თუმცა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ამგვარი ვითომ ტექნიკური შეფერხებით მოსკოვი ზეწოლას ახდენს აფხაზეთზე.
„ნამდვილად მოგუდვის პერიოდია. პენსიები და საბიუჯეტო სამსახურები ვერ ფინანსდება, რაც აშკარად თვალშისაცემია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ეს აფხაზურ საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამგვარი დამოკიდებულება და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი აშიშვლებს რუსეთის მიზნებს, რომ რუსეთს აფხაზეთი სჭირდება როგორც ტერიტორია და არა როგორც ხალხი. შესაბამისად, აფხაზურ საზოგადოებაში გაისმის მოწოდებები, რომ ვიპოვოთ ჩვენი საკუთარი რესურსები და ა.შ.“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთის ეს ზეწოლა?
პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსკოვში იციან, რომ ამ ზეწოლასაც შეზღუდული რესურსი აქვს და ისე არ მოიქცევიან, რომ ბოლომდე მოგუდონ და საერთოდ გააუცხოვონ აფხაზური საზოგადოება რუსეთის მიმართ.
ეკონომიკური დამოუკიდებლობა მაინც?
აფხაზეთში კარგად ესმით, რომ რუსეთი ერთდროულად მათი დამოუკიდებლობის გარანტიც არის და მტერიც, მათი მთავარი ეკონომიკური პარტნიორიცაა და ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი შემფერხებელიც. შესაბამისად, რუსეთისადმი დამოკიდებულებაც ამბივალენტურია. როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, აფხაზებს რუსეთი თან უნდათ და თან არ უნდათ.
„გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ყველაფერს აფინანსებს რუსეთი და თვითონ არ შესწევთ უნარი გადავიდნენ დამოუკიდებელ, თვითკმარ არსებობაზე. ამიტომ ასლან ბჟანიას მიერ გატარებული პოლიტიკა ცალსახად არ უნდა იქნეს აღქმული ისე, თითქოს მოსახლეობა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ გარკვეულწილად რუსეთს უპირისპირდება. ბევრი ფიქრობს, რომ ბჟანია ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. ცხადია, ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზეა საუბარი. პოლიტიკურს რუსეთი არ დაუთმობს, ეკონომიკურში შეიძლება რაღაც წარმატების იმედი ჰქონდეთ“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
რუსეთის მხრიდან გაზრდილ ზეწოლაზე უნდა მიანიშნებდეს 22 ივლისს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რუსი ჩინოვნიკის, სერგეი პუსტოვალოვის, დანიშვნა. როგორც ჩანს, რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დოტაციების მოცულობა და გადარიცხვების გრაფიკი დიდწილად იქნება დამოკიდებული სწორედ ამ მოხელის მიერ მოსკოვში გაგზავნილი მოხსენებებისა და ანგარიშების შინაარსზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ სერგეი პუსტოვალოვის დანიშვნა არ ყოფილა უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება აფხაზეთში.
სერგეი შამბას მეორე სიცოცხლე
არასრული ერთი კვირის წინ, 24 ივლისს, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენთან ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგე შამბამ, თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა: „თუ არსებობს პრობლემა, ის უნდა გადაიჭრას დიალოგის გზით!“
9 ივლის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმაც ილაპარაკა თბილისთან დიალოგის განახლებისა და ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ. კერძოდ, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ არ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ აღიაროს აფხაზეთის სახელმწიფო, თუმცა, მისივე თქმით, „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მხარეებს მისცემდა ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის დიალოგის შესაძლებლობას“.
გააგრძელე კითხვა radiotavisupleba-ზე
კომენტარები