მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ვეშაპი, რომელიც მკვდარ შვილს 17 დღის განმავლობაში არ სცილდებოდა, ისევ ორსულადაა

წყნარ ოკეანეში, ვაშინგტონის შტატის მახლობლად მობინადრე ვეშაპი (Killer Whale), სახელად ტალეკუა, რომელმაც 2 წლის წინათ სახელი იმით გაითქვა, რომ მკვდარი შვილი 17 დღის განმავლობაში არ მიუტოვებია, ისევ ორსულადაა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე ვაშინგტონის ვეშაპების კვლევითი ცენტრის მეცნიერები მივიდნენ, რომლებიც ტალეკუას და მის გუნდს წლების განმავლობაში აკვირდებიან. მონაცემები მათ დრონებით დაკვირვების მეშვეობით შეაგროვეს. მეცნიერებმა ნავებს ტერიტორიაზე მოძრაობისგან თავის შეკავება სთხოვეს, რათა ცხოველებმა მშვიდ გარემოში იცხოვრონ.

ტალეკუამ მსოფლიოს ყურადღება 2018 წელს მიიპყრო, როცა მისი შვილი დაბადებიდან მეორე დღეს მოკვდა. ტალეკუა მკვდარ შვილს არ მოშორებია და თავისი სხეულით ცდილობდა პატარა ვეშაპის სხეულის წყლის ზედაპირზე შენარჩუნებას.

მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ქცევა დელფინებსა და ზვიგენებსაც ახასიათებთ, თუმცა აქამდე არსებული მონაცემებით, დედები მკვდარ შვილებს დაახლოებით ერთი კვირა არ შორდებიან, ვეშაპი ტალეკუა კი 17 დღის განმავლობაში დაცურავდა მკვდარი პატარა ვეშაპის გარშემო.

მთელი ამ დროის განმავლობაში ვეშაპი თავის გუნდში იყო. როცა ის იღლებოდა, მას გუნდის სხვა წევრები ენაცვლებოდნენ. ტალეკუამ შვილი მხოლოდ 10 აგვისტოს დატოვა, მას შემდეგ, რაც პატარა ვეშაპის სხეულმა წყლის ზედაპირზე დაშლა დაიწყო.

მეცნიერების ვარაუდით, ვეშაპის ამგვარი საქციელი შვილის სიკვდილით გამოწვეული განცდის გამოხატულებაა. ამ დროის განმავლობაში ვეშაპმა, საშუალოდ, 1600 კილომეტრი გაცურა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close