მედიცინამსოფლიო

მეორე ტალღა: ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1653 შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში ბოლო დღეებში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 1653 ადამიანს  დაუდასტურდა (წინა დღით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 1977 იყო, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია).

ისრაელში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა 55 695-ს უდრის, მათგან 23 205 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19-ს 5 ადამიანი ემსხვერპლა, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 430-ს აღწევს.

ისრაელის მედია წერს, რომ ქნესეთის კორონავირუსის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა რესტორნების დახურვას, რასაც მთავრობა ითხოვდა.

უკვე ათ დღეზე მეტია, მოქმედებს ისრაელის მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები და აკრძალვები კორონავირუსის მეორე ტალღის და ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.

ექსპერტები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით შეშფოთებულნი არიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, კიდევ უფრო ცუდი სიტუაციისთვის მზად იყვნენ.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების და მკურნალობის მეთოდებს აკვირდება, მიიჩნევს, რომ აუცილებელია დამატებითი მკაცრი ზომების და შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან სხვა გზა ვირუსის შესაჩერებლად არ არსებობს. მათი თქმით აუცილებელია გაწყდეს ვირუსის გავრცელების და გადაცემის ჯაჭვი ეპიდემიის მეორე ტალღის შესაკავებლად და ინფექციის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად.

„მიმდინარე მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კვირაში გვეყოლება მძიმე ან საშუალო სიმძიმის 400-მდე პაციენტი, ხოლო თვის ბოლოს – დაახლოებით 800 პაციენტი. ეს რაოდენობა თვისებრივად გამოიწვევს პაციენტებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაუარესებას, რაც სიკვდილიანობის ზრდას ნიშნავს; იმ შემთხვევაში კი, თუ მძიმე ან საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვი1600-ს მიაღწევს, საავადმყოფოებში სერიოზული კრიზისი შეიქმნება“, – აცხადებენ ისინი.

მათი თქმით, ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია სერიოზული (უფრო მკაცრი) ზომებით უკვე  მიმდინარე კვირის დასაწყისიდან. ისინი განმარტავენ, რომ არსებობს სხვადასხვა ვარიანტი სხვადასხვა ეტაპისთვის და „დაკეტვას“ წინ უნდა უსწრებდეს მაქსიმალურად მუშაობა სახლიდან, დისტანციურად, სადაც ეს შესაძლებელია, დახურულ  სივრცეებში ადამიანების თავშეყრის თავიდან აცილება და მრავალი სხვა.

პარალელურად ისრაელის დიდ ქალაქებში პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, აქცია გაიმართა, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ექთნების გაფიცვა პირობების  გაუმჯობესების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი კორონავირუსული ინფექციის პირველ ტალღას წამატებით გაუმკლავდა და ამ ქვეყნის მაგალითი ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლებოდა, თუმცა მეორე ტალღამ შეზღუდვების დაბრუნება ისევ აუცილებელი გახადა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close