მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ: პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების ფინანსური დახმარების პაკეტი დამტკიცდა

750-მილიარდიანი ფონდიდან 390 მლრდ გრანტია, 360 მლრდ კი სესხის სახით გაიცემა

ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის ეპიდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ. 750 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტში 390 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 360 მილიონი სესხის სახით იქნება გამოყოფილი. კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების ფინანსური დახმარების პაკეტი ევროკავშირის გრძელვადიან, 2021-2027 წლების ბიუჯეტში იქნება გაწერილი, რომელიც 1,074 ტრილიონ ევროს შეადგენს.

შეთანხმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხუთდღიანი დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა.

გრანტების სახით ფინანსური დახმარების დიდ ნაწილს ევროკავშირის ის წევრები მიიღებენ, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარლდნენ, მათ შორის, იტალია და ესპანეთი.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მიესალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას და აღნიშნა, რომ იტალია ევროკავშირის ლიდერების მიერ შეთანხმებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის ფარგლებში 209 მილიარდ ევროს მიიღებს. მისივე თქმით, ამ თანხიდან 81 მილიარდი იქნება სუბსიდია (გრანტი), ხოლო 127 მილიარდი – სესხი.

17 ივლისს ბრიუსელში დაწყებული მოლაპარაკებები რთული აღმოჩნდა და 2 დღის ნაცვლად 5 დღეს გაგრძელდა. ევროკავშირის მარათონული სამიტის განსახილველი მთავარი საკითხი იყო პანდემიისგან გამოწვეული რეცესიის დასაძლევად 750 მილიარდი ევროს (860 მილიარდი დოლარის) დახმარების პაკეტში გათვალისწინებული სესხებისა და გრანტების განაწილების წესი. თავდაპირველად საუბარი იყო 500 მილიარდის გრანტების სახით გაცემაზე, რასაც რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ეწინააღმდეგებოდა, განსაკუთრებით – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. საბოლოოდ ევროპელი ლიდერების მიერ შეთანხმებულ ვარიანტში გრანტებზე 390 მილიარდი გამოიყო.

ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close