საბერძნეთი: 9 დღე კოვიდ-19-ის მსხვერპლის გარეშე
ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 13 ტურისტია
საბერძნეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 4000-ს მიუახლოვდა (3939). ინფიცირებულებს შორის არიან ტურისტებიც – 13 შემთხვევა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაფიქსირდა.
კოვიდ-19-ით ბოლო 9 დღის განმავლობაში საბერძნეთში არავინ გარდაცვლილა და კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ 193 რჩება (ინფიცირების მთლიანი მაჩვენებლის 4,9%).
ამ დროისთვის საბერძნეთში გამოჯანმრთელებულია 1374 ადამიანი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია (35%-მდე). ამჟამად ვირუსის მატარებელ აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 2372-ს შეადგენს, მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც ცნობილია, საბერძნეთი კოვიდ-19-თან გამკლავების მხრივ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება, თუმცა ბერძნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია „შეთქმულების თეორიის“ მომხრეთა რიცხვი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში კვლავ აღდგება ყოველდღიური ბრიფინგები კოვიდ-19-თან დაკავშირებით, რადგან, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობა დაცვის წესებს და ინფექციის გავრცელების რისკებს საკმარისად სერიოზულად აღარ აღიქვამს.
15 ივლისიდან საბერძნეთმა კარი გაუხსნა ბრიტანელ ტურისტებს. მანამდე ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის იყო, საიდანაც მოგზაურებს საბერძნეთში შესვლა ეკრძალებოდათ. როგორც ცნობილია, საბერძნეთში მოგზაურობის მსურველებმა გაფრენამდე მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა PLF . ქვეყანაში ჩაფრენილ ტურისტებს აეროპორტში შემთხვევითი შერჩევით უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება და კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში 14-დღიან კარანტინში გადავლენ სპეციალურ საკარანტინო სასტუმროებში, რომლებიც ყველა რეგიონულ ცენტრში არსებობს.
15 ივლისს შეზღუდვის მოხსნის შემდეგ მომდევნო 48 საათში დიდი ბრიტანეთიდან საბერძნეთში 50 რეისია დაგეგმილი. პირველი რეისი კუნძულ ზაკინთოსზე განხორციელდა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები