რეგულარული რეისები საქართველოდან ევროპის 3 ქალაქში აღდგება
მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილება შევიდა
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დღეს, 10 ივლისს ცვლილება შევიდა – კერძოდ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისების შესრულება 13 ივლისიდან დაშვებულია ევროპის 3 ქალაქში, ესენია: მიუნხენი, პარიზი და რიგა.
მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებას ფრენის სიხშირეთა შესახებ ინდივიდუალურად მიიღებს სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შეთანხმება მიღწეულია ავიაკომპანია „ლუფთჰანზასთან“, რომელიც აგვისტოდან კვირაში ორი რეისს შეასრულებს მიუნხენის მიმართულებით. პარიზისა და რიგის რეისებთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც ცნობილია, საქართველომ ევროპის 5 ქვეყანას – გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ და საზღვრის გადაკვეთამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის ასახვა ევალებათ. თუ მგზავრს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები