ესპანეთის ხელისუფლება ამ კვირაში გადაწყვეტს, ევროკავშირის არაწევრი რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუხსნის საზღვარს
ესპანეთის ხელისუფლება მიმდინარე კვირაში გადაწყვეტს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუხსნის საზღვარს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ განაცხადა, ქვეყანაში ვიზიტორების შეშვების საკითხს ესპანეთის მთავრობა ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს.
მანამდე კი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, რომ ესპანეთში ჩასული ვიზიტორებისთვის ორკვირიანი კარანტინის ვალდებულება გაუქმდა, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები ესპანეთში ჯერ არ დაიშვებიან.
მისი თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხი ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმით შეფასდება.
აღსანიშნავია, რომ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ესპანეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი უკვე გახსნა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, 21 ივნისს ესპანეთში საფრანგეთიდან ათასობით მოქალაქე გადავიდა შედარებით დაბალ ფასად თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების საყიდლად.
ესპანეთი ვიზიტორების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს: ყოველწლიურად ქვეყანას საშუალოდ 80 მილიონი ტურისტი სტუმრობს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები