ისტორია

რატომ არ არქმევდნენ „ნინოს“ ძველ საქართველოში

საქართველოში წმინდა ნინოს დღეს ისევე მიაგებენ პატივს, როგორც წმინდა გიორგის ან თამარს, თუმცა ისტორიული ფაქტია, რომ ბოლო საუკუნეებამდე მას იშვიათად იხსენიებდნენ. კითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, მკვლევარებს ერთი პასუხი არა აქვთ.

სოციოლოგი გიგი თევზაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში ბავშვებისთვის „ნინოს“ დარქმევას მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოდან იწყებენ.

„პირველი ნინო, ვისაც ისტორიულ წყაროებში მივაკვლიე, გიორგი XII-ის ქალიშვილია, 1772 წელს დაბადებული… აღსანიშნავია, რომ ერეკლეს, მიუხედავად იმისა, რომ 11 ქალიშვილი ჰყავდა, არც ერთისთვის არ დაურქმევია „ნინო“, – წერს გიგი თევზაძე წიგნში „სხვა ისტორია“.

ფილოსოფიის დოქტორი ეკა ჭყოიძე ამბობს, რომ ეს ფაქტი მართლაც უცნაურია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალებზე მემატიანეები ძალიან ცოტას, თითქმის არაფერს წერდნენ. ამის მაგალითად მკვლევარს მარიამ-მართა მოჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი ორჯერ გახდა ბიზანტიის დედოფალი, ისტორიკოსები მაინც მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ის მიხეილ პალეოლოგოსზე დაქორწინდა.

წმინდა ნინოს ფრესკა წალენჯიხის ტაძარში

წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში შემოდის, თუმცა უძველესი დოკუმენტი, სადაც ის მოიხსენიება, არის მე-10 საუკუნის „მოქცევაი ქართლისაი“. უშუალოდ ტექსტთან დაკავშირებით მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი მას მე-9 საუკუნით ათარიღებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ნაწარმოები წმინდა ნინოს სიცოცხლეშივე დაიწერა ანუ უფრო ძველია, ვიდრე „შუშანიკის წამება“.

მე-10 საუკუნის ლიტურგიკულ ტექსტებშივეა ნახსენები წმინდა ნინოს ხსენების დღე – 14 იანვარი (ახალი სტილით 27 იანვარი).

„წმინდა ნინოს ფრესკებსა და გამოსახულებას რაც შეეხება, ადრეული პერიოდის ისინიც არ გვაქვს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის არ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც ახლაა. მიზეზი რა შეიძლება იყოს, ამაზე ხშირად მიფიქრია, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი მოვძებნე“, – ამბობს ეკა ჭყოიძე.

თეოლოგიის დოქტორ მირიან გამრეკელაშვილის აზრით, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქართველებს, უბრალოდ, რცხვენოდათ, რომ ისინი ქალმა მოაქცია.

„რომ რცხვენოდათ, იქიდანაც ჩანს, რომ სომხებთან დავის დროს სომხებმა უთხრეს ქართველებს, წმინდა გრიგოლმა თქვენც მოგაქციათო და ქართველებს საწინააღმდეგო არაფერი უპასუხიათ“, – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

მას მაგალითად მოჰყავს ასევე საქართველოს პატრიარქის (XII საუკუნე), ნიკოლოზ გულაბერისძის, „სვეტიცხოვლის საკითხავი“, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ ჩამოვიდა ქართველების განმანათლებლად დედაკაცი.

პატრიარქი წერს, რომ წმინდა ნინო საქართველოში ღვთისმშობელმა გამოგზავნა. ქალი კი შეარჩია იმის გამო, რომ თავადაც ქალი იყო. მეორე მიზეზად ნიკოლოზ გულაბერისძე მაშინდელი მოსახლეობის სიველურეს ასახელებს.

„ყოველთა ნათესავთაჲსა უმძჳნვარესნი და უველურესნი იყვნეს ესე ნათესავნი, ამისთჳსცა დედაკაცი წარმოავლინა“, – წერს ის და განმარტავს, რომ „ძალი ღვთისა უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო“. ის პარალელს ავლებს მაცხოვრის მიერ მოციქულებად უსწავლელი მეთევზეების არჩევასთან და მიიჩნევს, რომ სწორედ იმავე პრინციპით, უფალმა საქართველოში ფილოსოფოსი და რიტორი მამაკაცი კი არა, სუსტი დედაკაცი გამოგზავნა, რომ ღვთის ძალა და სასწაული უფრო თვალნათელი ყოფილიყო.

გელათის ტონდო, წმინდა მამაი

„აბა, ვის ახსოვს წმინდა მამაი?“

წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც დღეს სიონშია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტაძარში ინახებოდა. ის ბევრჯერ გაიტანეს საქართველოს საზღვრებს გარეთაც. XV-XVI საუკუნეებში ჯვარი რუსეთში მოხვდა. მოგვიანებით იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ბრძანა, ის ისევ საქართველოსთვის გადაეცათ. 1802 წლის 9 აპრილს ჯვარი დიდებით ჩამოიტანეს თბილისში. გიგი თევზაძე ამბობს, რომ წმინდა ნინო და მისი სახელი სწორედ ამ პერიოდიდან ხდება პოპულარული.

პროფესორი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი განმარტავს, რომ ისტორიას ახასიათებს ამა თუ იმ ფიგურის აღზევება ან მივიწყება და ამაში გასაკვირი არაფერია.

„წმინდა გიორგიც მე-10 საკუნემდე თითქმის არ ფიგურირებს. გამოჩენილ კაცს, ვის ერქვა იმ დროს გიორგი? არავის. დავით აღმაშენებელმა შეუწყო ხელი მისი კულტის აღზევებას. მაშინ უფრო მიქაილ მთავარანგელოზი და წმინდა მამაი იყო წინ წამოწეული, მაგრამ დღეს, აბა, ვის ახსოვს წმინდა მამაი?“ – ამბობს ექვთიმე კოჭლამაზაშვილი.

მისივე თქმით, ადრეული დოკუმენტებისა და წიგნების დიდ ნაწილს დღევანდელ დღემდე არ მოუღწევია. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ერთიანი სურათის დანახვა ისტორიკოსებისთვის ხშირად შეუძლებელი ხდება.

თეა თოფურია

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close