ვიდეომსოფლიოტექნოლოგიები

ილონ მასკის ხომალდი „დრაგონი“, ორ ასტრონავტთან ერთად, წარმატებით გაფრინდა კოსმოსში „კანავერალის კონცხიდან“ (ვიდეო)

Space-X-ის რაკეტა „ფალკონ 9“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ წარმატებით გაეშვა „კანავერალის კონცხიდან“ (ფლორიდა, აშშ). რაკეტაზე მოთავსებულია კაფსულა Crew Dragon, რომელშიც ნასას ორი ასტრონავტი, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი სხედან. მას შემდეგ, რაც რაკეტა კაფსულას ორბიტაზე გაიტანს, ის კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ ტივტივაზე დაჯდება.

Crew Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე გაშვებიდან 19 საათის შემდეგ, კვირას, 31 მაისს მიაღწევს გრინვიჩის დროით 15:29 სთ-ზე (თბილისის დროით 18:30 სთ), შეუპირაპირდება მას და ასტრონავტები სადგურზე გადავლენ.

რაკეტის გაშვება 27 მაისს იგეგმებოდა, მაგრამ სტარტამდე  16 წუთით ადრე გადაიდო ცუდი ამინდის გამო. ფლორიდის ცა შაბათს, 30 მაისსაც შეშფოთებას იწვევდა: პერიოდულად ჩნდებოდა შავი ღრუბლები და დაგეგმილ გაშვებამდე 2,5 საათით ადრე წვიმაც წამოვიდა, თუმცა შემდეგ ამინდი გამოკეთდა და სტარტიც ჩაირთო.

კოსმოსური ხომალდი „დრაგონი“ ამერიკელი ბიზნესმენისა და მეწარმის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ააგო. ეს არის ისტორიაში პირველი გაშვება, რომელიც კერძო კომპანიამ განახორციელა; ეს ასევე პირველი შემთხვევაა კოსმოსური შატლის პროგრამის დახურვის შემდეგ (2011 წლის ივლისი), როდესაც ნასას ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის ტერიტორიიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. ნასა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ამისათვის  რუსეთის რაკეტა „სოიუზს“ იყენებდა, რომლითაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან მიემგზავრებოდნენ (ამისთვის სოლიდურ თანხას იხდიდნენ – 2008 წელს ნასამ 21 მლნ დოლარი გადაუხადა რუსეთს ორბიტაზე თავისი ასტრონავტის გაგზავნისთვის. ადგილი „სოიუზზე“, რომელიც კოსმოსში 2020 წლის ოქტომბერში უნდა გაფრინდეს, ნასას უკვე 90 მლნ დოლარი უჯდებოდა. რაც შეეხება კოსმოსში გაფრენისთვის ერთი ადგილის ღირებულებას „დრაგონზე“, ნასას გენერალური ინსპექტორის პროგნოზით, 55 მლნ დოლარი იქნება).

რაკეტა ზუსტად დაგეგმილ დროს უნდა გაეშვათ, რათა ხომალდს უსაფრთხო შეპირაპირება მოეხდინა კოსმოსურ სადგურთან, რომელიც დედამიწის გარშემო ორბიტაზე 27 ათასი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

გაშვების ღირებულება 3,14  მლრდ დოლარად ფასდებოდა, თუმცა ახლა ეს თანხა გაიზრდება, რადგან მეორე ცდა გახდა საჭირო.

ხომალდის კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირების შემდეგ ასტრონავტები გარკვეულ დროს სადგურზე გაატარებენ, სადაც ხომალდის რამდენიმე გამოცდა მოეწყობა. რამდენ ხანს დარჩებიან ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე, შემდეგი გაფრენისთვის მზადყოფნის ხარისხზეა დამოკიდებული.

შემდეგ, ნასას გეგმის თანახმად, ისინი დედამიწაზე დაბრუნდებიან ხომალდ „დრაგონით“, რომელიც ფლორიდის სანაპიროსთან წყალში ჩაეშვება.

ასტრონავტები – ჰერლი და ბენკენი  არა მარტო კოლეგები არიან, არამედ საუკეთესო მეგობრები ცხოვრებაში. ისინი ერთმანეთის მოწმეები იყვნენ ქორწილზე. უფრო მეტიც, ორივე მათგანის ცოლი ასტრონავტია.

კარენ ნაივერგი, პოლკოვნიკ ჰერლის მეუღლე, 2-ჯერ გაფრინდა კოსმოსში. ახლა იგი უკვე „გადამდგარი“ ასტრონავტია და მეუღლეს თავიანთი 10 წლის ვაჟიშვილის გაზრდაში ეხმარება.

მეგან მაკარტური, ბენკენის ცოლი, ნასას მიერ 2024 წლისთვის დაგეგმილი მთვარეზე გაფრენის ერთ-ერთი კანდიდატია. იგი 2009 წელს კოსმოსური ტელესკოპის, „ჰაბლის“ რემონტში მონაწილეობდა. მათი ვაჟიშვილი 6 წლისაა.

ნასა უარს არ ამბობს თავის გეგმებზე, რომ 2030 წლისთვის ადამიანი მარსზე გაგზავნოს. აქტიურად ვითარდება სააგენტოს მთვარის პროგრამაც.

თუმცა ჯერჯერობით მეცნიერებმა ცოტა იციან იმის შესახებ, თუ როგორ „მოიქცევა“ ადამიანის ორგანიზმი ხანგრძლივი გაფრენებისას. და ერთადერთი საშუალება, რომ ამის შესახებ მეტი გაიგონ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარებაა.

ამიტომაც ნასა ცდილობს, რაც შეიძლება მალე გაზარდოს თავისი ყოფნა სადგურზე და საშუალება მისცეს ეკიპაჟებს, მეტი დრო დაუთმონ სამეცნიერო ექსპერიმენტებს და კვლევებს. 30 მაისს განხორციელებული გაშვებაც ამ მიზნისკენ ერთი საფეხურია.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close