კორონავირუსმა სოფლები გამოაცოცხლა – ერთ დროს მიტოვებულ ზინობიანში ახლა ხალხმრავლობაა (ვიდეო)
უჩინარმა მტერმა ადამიანებს თავდაცვის მიზნით, ძალაუნებურად, მამაპაპისეულ კარმიდამოში დაბრუნებისკენ უბიძგა და სლოგანი „დარჩი სახლში“ სოფლებში დაბრუნების მიზეზად იქცა. ერთ-ერთი ასეთი „თავშესაფარი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე მთიანი და უხვმოსავლიანი სოფელი ზინობიანი აღმოჩნდა.
„რეგიონული კვირა“ დაინტერესდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რამდენად შეინარჩუნა სოფელმა სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული სტუმრები და აღმოაჩინა, რომ სოფლის დატოვებას ზოგი მცირე მეურნეობის დასრულების შემდეგ, ზოგიც კი საერთოდ აღარ აპირებს.
ჟენია მამულაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს თავი სოფელში შეაფარა და ქალაქ რუსთავში დაბრუნებას აღარ ფიქრობს. როგორც იგი „რეგიონულ კვირას“ უყვება, სამსახურის დატოვების შემდეგ, რთულ პერიოდში, სოფელი მას ფინანსურადაც დაეხმარა – პატარა მიწაზე გაშენებული მარწყვი შემოსავლის წყაროდ აქცია, რომელიც მისმა მეუღლემ 2 წლის წინ, ყოველგვარი წინასწარი გათვლების გარეშე გააშენა.
„აგონიაში ვიყავით ჩავარდნილი, რა უნდა გაგვეკეთებინა, მარტო პენსიის ანაბარა დავრჩით, ჩამოვედით სოფელში და სულზე მოგვისწრო მარწყვმა. ფასი კარგი ჰქონდა და შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოვედით. აქედან წასვლას აღარ ვაპირებ, მივხედავ ჩემს პატარა მეურნეობას, ვენახი მაქვს, თხილები და ჩურჩხელებს გავაკეთებ“, – ამბობს ჟენია მამულაშვილი.
მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა გულო კიწბაბაშვილიც, რომელმაც გადაწყვიტა სახლს მიხედოს და სოფელში ჩასვლას სისტემატური სახე მისცეს. ზინობიანის დროებითი სტუმარი არ გამორიცხავს, რომ ხალხი სოფელს დაუბრუნდეს და მცირე მეურნეობა მათი შემოსავლის წყაროდ იქცეს.
„ეს არის ჩემი ბავშვობის სახლი და აქ იშვიათად ჩამოვდიოდი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დიდი ხნით დავბრუნებულიყავით და მიგვეხედა სახლისთვის. საჭირო ყოფილა სოფელი, აქამდე ამაზე დიდად არ მიფიქრია, იმდენი ხალხი დაბრუნდა აქ და ყველა რაღაცას აკეთებს, ზოგმა მიწის დამუშავება დაიწყო, ზოგმაც სახლების გამაგრება, ფიქრობენ, რა იქნება სამომავლოდ და მუშაობენ საამისოდ“, – უყვება „რეგიონულ კვირას“ გულო კიწბაბაშვილი.
ზინობიანში ადგილობრივი 136 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენები კი სხვადასხვა ქალაქში არიან მიმოფანტულნი. პანდემიის პირობებში კი მათი უმრავლესობა მიტოვებულ კარ-მიდამოს დაუბრუნდა და სოფელმაც თითქოს ახლიდან დაიწყო სიცოცხლე.
სალომე გრძელიშვილი
კომენტარები