ვარსკვლავი, რომელიც უკვე ზეცაშია – მედეა ჩახავა
უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, რესპუბლიკის სახალხო არტისტის, მედეა ჩახავას შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრება ყოველთვის გამორჩეული იყო და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეულ წელზე მეტია ქალაბატონი მედეა ჩვენ შორის აღარ არის, მისდამი ხალხის სიყვარული და პატივისცემა არ განელებულა, რაც პროფესიულ ნიჭიერებასთან ერთად, ალბათ, იმ პიროვნული ხიბლის დამსახურებაცაა, ასე უხვად რომ ჰქონდა მომადლებული.
მედეა ჩახავას ოფიციალურ დოკუმენტებში დაბადების თარიღად 1921 წლის 15 მაისი ეწერა, სინამდვილეში კი მომავალი დიდი მსახიობი 1921 წლის 17 მაისს დაბადებულა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში. თავად ამ ფაქტს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა და, ცხადია, არც ოფიციალური დოკუმენტის გასწორებაზე უზრუნია. ჩვეულებრივ იღებდა მილოცვებს 15 მაისს და ხშირად მეგობრებს თავისი ხელით შექმნილი კულინარიული შედევრებით უმასპინძლდებოდა. კოლეგები დამეთანხმებიან, რომ გამასპინძლების გარეშე სახლიდან არც ჟურნალისტებს უშვებდა. პირადად მე არასოდეს დამავიწყდება მისი ნახელავი ნამცხვრების გემო.
რაც შეეხება მსახიობობას, ბალერინობაზე მეოცნებე გოგონამ ბოლოს მაინც თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, ტოვსტონოგოვის კლასი, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის თეატრში მუშაობდა.
2006 წლის 4 ივნისს ქართველმა ხალხმა, დიდი სიყვარულის ნიშნად, სწორედ რუსთაველის თეატრის შესასვლელში გაუხსნა მას ვარსკვლავი. თავად ქალბატონი მედეა ამბობდა, ვარსკვლავები ზეცაშიაო და იქვე ამატებდა: „იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს მსახიობისთვის, როცა ხალხს ასე უყვარხარ, პატივს გცემს და გაფასებს. ამ მხრივ მე უბედნიერესი ქალი ვარ, ასაკის მიუხედავად ბავშვებიც კი მცნობენ… მადლობა უფალს, რომ გამაკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მიყვარდა და მიყვარს“.
სცენური ნათლობა
რომ არა ეს სიყვარული, მედეა ჩახავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტს (ინგლისური ენის სექტორი) არ მიატოვებდა და სწავლას თეატრალურ ინსტიტუტში არ გააგრძელებდა. ნიჭიერმა გოგონამ მალე დაიმსახურა თეატრალური ინსტიტუტის მთელი კოლექტივის სიყვარული და აღიარება, რის დასტურადაც იმხანად მეტად ფასეული სტალინური სტიპენდია დაენიშნა, მაღალი ფულადი ანაზღაურებით. სხვათა შორის, მედეა ჩახავა იყო სტალინური (შემდგომში სახელმწიფო პრემია) პრემიის პირველი ლაურეატი ქალი საქართველოში. პრემია სპექტაკლში „ჩაძირული ქვები“ გაიანეს როლის შესრულებისთვის მიიღო. მაშინ იგი 27 წლის იყო.
მანამდე კი, 1943 წლის 17 მაისს მედეას სცენური ნათლობა შედგა სპექტაკლში „ცისფერი და ვარდისფერი“ (ალექსანდრა ბრუშტეინის პიესის მიხედვით), რომელსაც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. სპექტაკლს მოსკოველი სცენის კორიფეები დაესწრნენ. მათ შორის იყო დიდი რუსი მსახიობი ვასილი კაჩალოვი, რომელმაც, მედეას თამაშით აღტაცებულმა, განაცხადა: „ეს გოგონა პირდაპირ სასწაულია, გაუფრთხილდით მას!“
საკუთარ დაბადების დღეზე ასეთი შეფასება, თანაც კაჩალოვისგან, უდიდესი საჩუქარი იყო მომავალი მსახიობისთვის.
ეს დღე ქალბატონი მედეასთვის იმ მხრივაც იყო ბედნიერი და აღსანიშნავი, რომ ფრონტიდან დაბრუნდა მისი მამა – ცნობილი მეან-გინეკოლოგი ვასილ ჩახავა, რომელიც დაღუპული ეგონათ. როგორც თავად ამბობდა, ხელოვნებისადმი მისი უსაზღვრო სიყვარული სწორედ მშობლების დამსახურება იყო: დედა – მარო გაწერელია (რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ცნობილი მეცნიერის, აკაკი გაწერელიას და) და მამა – ვასილ ჩახავა თავის დროზე აბაშის დრამატულ წრეში მოღვაწეობდნენ და შვილებსაც (მედეას და ოთარს) ხელოვნების სიყვარულით ზრდიდნენ.
აღმავლობის ხანა
მედეა ჩახავა თავს ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულად თვლიდა – თუნდაც იმიტომ, რომ მის ჯგუფს მსახიობის ოსტატობას პირველი კურსიდან ბოლომდე გიორგი ტოვსტონოგოვი ასწავლიდა; ყველაზე ლამაზად კი 1950 წლიდან 1970 წლამდე პერიოდს იხსენებდა: „შესანიშნავი იყო ინსტიტუტში სწავლის წლები, შემდეგ თეატრში ჩასვლა და ბატონ მიხეილ თუმანიშვილთან ურთიერთობა… ეს მართლა აღმავლობის ხანა იყო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რობერტ სტურუას არსებობას ჩემს ბიოგრაფიაში… თემურ ჩხეიძის არსებობას, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ინტენსიური და სავსე არ ყოფილა, როგორც ბატონ მიშასთან, რადგან როცა სტურუა და ჩხეიძე წამოიზარდნენ, ჩემი ეს „ოქროს ხანა“ უკვე გავლილი მქონდა… ბაჯაღლოში გადადიოდა…“
გამჟღავნებული საიდუმლო
რაც შეეხება კინოს, მედეა ჩახავას კინოდებიუტი მიხეილ ჭიაურელის „გიორგი სააკაძეში“ შედგა, რომელშიც მან თეკლეს მეგობრის ეპიზოდური როლში შეასრულა. მაშინ მესამე კურსის სტუდენტი იყო. შემდეგ რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა გადაიღო ფილმში „ბედნიერი შეხვედრა“, რასაც მოჰყვა ცქრიალა კომედიაში „ჭრიჭინა“. მერე იყო „ბაში-აჩუკი“, „ნინო“, „გლახის ნაამბობი“, „მანანა“, „თხუნელა“, „მხიარული რომანი“ და ასე შემდეგ…
„ჭრიჭინას“ გადაღების დროს რუსთაველის თეატრი დაიწვა. ნახშირი, რომელიც ქალბატონმა მედეამ მაშინ თეატრის დამწვარი სცენიდან წაიღო, ცნობილ მსახიობს სათუთად ჰქონდა შენახული.
აი, როგორ იხსენებდა იგი ამ ფაქტს: „მახსოვს, იმ წელიწადს თბილისში ძალიან მკაცრი ზამთარი იყო, არადა, „ჭრიჭინას“ ის ეპიზოდი უნდა გადაგვეღო, სადაც მე და დოდოს წვიმის ქვეშ გვაქვს სცენა. თეატრიდან არ მიშვებდნენ, დასველდება და გაცივდებაო. იმ დღეს სპექტაკლის („პირველი ნაბიჯი“) შემდეგ მატარებლით მაინც წავედი ბათუმში – გადაღება იქ გვქონდა.
ფოიეში ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, მაგრამ პირველი ჟორა შავგულიძე შემომეგება და მკითხა: „მედიკო, მართალია?“ რა-მეთქი? „რუსთაველის თეატრი დაიწვა“…
მსახიობებმა ყოველთვის იცოდნენ ერთმანეთის გამოჯავრება, ამიტომ ჟორას მეც ავყევი და ვუთხარი: რუსთაველი არა, თქვენი თეატრი დაიწვა-მეთქი. „მე სიმართლეს გეუბნები“, – მითხრა. მეც სიმართლეს ვამბობ, თქვენი თეატრი დაიწვა-მეთქი… სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი ჟორას სიტყვების სიმართლეში და ისეთი ისტერიკა დამემართა, რომ იმ საღამოსვე უკან გამომიშვეს – გადაღება ვეღარ გავაგრძელე. თბილისში რომ ჩამოვედი და რუსთაველის თეატრს შევხედე, საშინელი ტირილი ამივარდა – ფანჯრებიდან ცა ჩანდა, რადგან ჭერი დამწვარი იყო. თეატრში ტირილ-ტირილით შევედი. მახსოვს, ბატონმა სერგო ადამიამ (დირექტორის მოადგილე იყო), მხარზე ხელი გადამხვია და სცენისკენ წამიყვანა, რომელიც საშინლად იყო დანახშირებული. მაშინ იქიდან ავიღე ნახშირის ნატეხი, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. სხვათა შორის, თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, რომელსაც ამის შესახებ ვუყვები…“ – წლების წინანდელი ეს საიდუმლო ქალბატონმა მედეამ 2003 წელს ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაგვიმჟღავნა.
„მაიტა შენი ცხვირი!“
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე „მანანას“ გადაღება მიმდინარეობდა. მომხიბვლელი „ქურთი“ გოგონა იქაურ ქურთებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, აღტაცებულები შესცქეროდნენ. მისი ყოველი ჟესტი და მიმიკა ისე ნაცნობი იყო მათთვის, ვეღარ მოითმინეს, თავისთან იხმეს და ჰკითხეს: „გოგო, შენ სადაური ქურთი ხარ?“. „ახლა არა მცალია, ვმუშაობ“, – უპასუხა მედეამ და გაეცალა. მათ კი იქიდან ფეხი არ მოუცვლიათ. ცოტა ხნის შემდეგ ისევ იხმეს „თანამემამულე“ მსახიობი: მაინც ვინ ხარ, სადაური ხარ, სად გიპოვოთო? მაშინ მედეამ სარესებური ქართულით ჩაურაკრაკა: „თავი დამანებე, კასო, მე აქაური იეზიდი არ არის, მე ჩამოსული იეზიდი არის“… – და კისკისით გაეცალა იქაურობას.
ამ დროს მედეა ჩახავას უკვე შესრულებული ჰქონდა სარეს როლი კიტა ბუაჩიძის კომედიაში „ეზოში ავი ძაღლია“.
რეჟისორმა შალვა მარტაშვილმა ეს სახე თითქმის უცვლელად გადაიტანა კინოფილმში „მანანა“ და ამით დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრსაც, კინოსაც და თავად მსახიობებსაც. როგორც შემდგომში ქალბატონი მედეა იხსენებდა, ფილმის სცენარის მიხედვით, მეეზოვე ქართველი ქალი უნდა ყოფილიყო, რომელსაც თეთრი ხალათი უნდა სცმოდა და სხვა დანარჩენი ფუნქციები ჩვეულებრივ შეესრულებინა: „მე ბატონ შალვას, ფილმის რეჟისორს, ვთხოვე, იქნებ მეეზოვე ქურთი ქალი იყოს-მეთქი, რადგან ისეთი წარმატება ჰქონდა ამ ქურთის ქალს თეატრში, ვიფიქრე, კინოსაც ერთგვარად კოლორიტულ მუხტს შესძენს-მეთქი. ქურთი ქალისთვის ტექსტი დაწერილი არ იყო. მე და იპოლიტე იქვე ვიგონებდით რაღაცებს: ტელეფონთან ჩხუბის დროს, ცოცხის მაგივრად ცხვირით რომ ვთავაზობ ნაგვის გახვეტას („მაიტა შენი ცხვირი!“), ეს და სხვა მსგავსი სცენები ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და, რა ვიცი, მე მგონი, რაღაც კარგი გამოგვივიდა“.
„მაინც კოხტა მედეა ხარ!“
მედეა ჩახავა შესანიშნავად უთავსებდა ერთმანეთს შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას. 1963-67 წლებში ცნობილი მსახიობი საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო და ყოველთვის ცდილობდა, ხალხს რამით დახმარებოდა. ერთი პერიოდი ლტოლვილებიც კი ცხოვრობდნენ მის ბინაში…
ახალგაზრდობაში ფესვგადგმული ნარკომანია, ქურდობა, ლოთობა და მკვლელობები უკლავდა გულს, რის შესახებაც ხშირად საუბრობდა პრესასა და ტელევიზიაში; სიამოვნებით უზიარებდა ყველას თავის აზრს და დაკვირვებას ბავშვის აღზრდაზე:
„თუ ბავშვს რაიმეს იძულებით გააკეთებინებ, ის შეურაცხყოფილი რჩება… ბავშვი ძალადობას და მოთხოვნას არ უნდა დაუმორჩილო. როგორც მსახიობი ცდილობს, მაყურებელს მოაწონოს და შეაყვაროს თავი, ისე უნდა ცდილობდნენ მშობლები და მასწავლებლები, რომ ბავშვს თავი შეაყვარონ“.
უსაზღვროდ კეთილს, საოცრად სათნო და მომხიბვლელ ქალბატონს პატივს სცემდნენ და ლექსებს უძღვნიდნენ როგორც პროფესიონალი პოეტები, ისე მეგობრები და თაყვანისმცემლები, მისი ოსტატობითა და სილამაზით აღფრთოვანებულები. აი, ერთ-ერთი მათგანი, გურამ გეგეჭკორის ექსპრომტი „მედეას“:
„რა იყავი, რა იამზე, ამარანტა, რა პეპელა,
ვის აქვს შენი სიკისკასე, რის ჩიტი და რის პეპელა?
ჯობნი ზამბახს, ვარდს ეკლიანს, წარმტაც ბაღთა მეფედ დახვალ,
თუმცა დიდი ბებია ხარ, მაინც კოხტა მედეა ხარ!“
აზარტული მოჭადრაკე – როგორ აერიათ მედეა ნონა გაფრინდაშვილში
მედეა ჩახავა საოცრად აზარტული იყო. ხშირად ქალბატონ ვერა წიგნაძესთან ერთად ჭადრაკი გვიან ღამემდე უთამაშია და, როგორც თავად იხსენებდა, ლამის გათენებამდე „შეუხლიათ ერთმანეთისთვის თავები“: „ერთხელ ვერასთან ვიყავი. ღამის სამ საათზე, როგორც იყო, დავამთავრეთ ჭადრაკის თამაში და სახლში წასვლა გადავწყვიტე. მაშინ მანქანა არ მყავდა. გამოვედი გვიან ღამით ქუჩაში და დავინახე, მარჯანიშვილის მოედანზე ორი მილიციელი დგას. ვერა იქ ცხოვრობს – მეხუთე სართულზე და ზემოდან მიყურებს, რომ არ შემეშინდეს. მივედი იმ მილიციელებთან და ვთხოვე, იქნებ მანქანა გამიჩეროთ, უფრო იმედიანად ჩავჯდები-მეთქი. „კი მაგრამ, სად ყოფილხართ ასე გვიან?“ – მეკითხება ერთ-ერთი მათგანი. სტუმრად ვიყავი-მეთქი – ვუპასუხე. „ასე გვიან სად იყავი სტუმრად, მარტო რომ ხარ?“ – მილიციელი დაკითხვას აგრძელებს. ეს ჩემი საქმეა, თქვენ თუ შეგიძლიათ, მანქანა გამიჩერეთ-მეთქი. მაინც არ ჩერდება: ასე გვიან რატომ გამოხვედიო? „გაჩერდი, კაცო, ვერ იცანი?“ – იდაყვი გაჰკრა მეორე მილიციელმა, უფრო ახალგაზრდამ. „როგორ არ ვიცანი, ვიცანი“, – ისე თქვა, მივხვდი, ვერ მიცნო. აბა, თუ მიცანი, მითხარი, ვინ ვარ-მეთქი, ჩავეკითხე. გიცანი, გიცანიო, ისევ გაიმეორა. ჰოდა, მითხარი, ვინ ვარ-მეთქი. ვინ ხარ და ნონა გაფრინდაშვილიო… საიდან მიხვდა, ჭადრაკს რომ ვთამაშობდი, ვერ გეტყვით, მაგრამ ამის გამო იმ მილიციელის ღირსებამ ჩემს თვალში აიწია… ნონას რომ ვუთხარი ეს ამბავი, ბევრი იცინა“.
* * *
გასახსენებელიც ბევრი ჰქონდა ქალბატონ მედეას და საამაყოც: ჰყავდა ორი არაჩვეულებრივი მეუღლე (ნოდარ ჩხეიძე და კოტე მახარაძე), იყო შესანიშნავი შვილების დედა, მშვენიერი შვილიშვილების ბებია, დიდი ბებია, რომელთა ბედნიერებასა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებასაც ნატრობდა: „მინდა, ჩემმა შთამომავლობამ მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვროს!“ – ამ ნატვრით წავიდა ამ ქვეყნიდან და თან ხალხის დიდი სიყვარული წაიყოლა.
ქალბატონ მედეას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა სოფიკო ჭიაურელთან, რომელიც ბოლო წლებში მისი მეორე მეუღლის – კოტე მახარაძის ცოლი იყო. არადა, მედიკოს და კოტეს მგზნებარე რომანის შემდეგ ოცწლიანი ცოლქმრული ურთიერთობა და ორი შვილი – მაკა და ივიკო აკავშირებდათ ერთმანეთთან. გარდა იმისა, რომ მეტოქის თვალით არასოდეს შეუხედავს სოფიკოსთვის, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ერთხელ მადლობაც კი გადაუხადა: გმადლობ, ასე კარგად რომ უვლი კოტეს და მისი ნიჭი კიდევ უფრო გამოაბრწყინეო. ასე მოქცევა ალბათ მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ!
მიუხედავად ხანდაზმულობისა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სცენაზე იდგა და შესაშური ენერგიულობით თამაშობდა თავის როლს სპექტაკლში „მოხუცი ჯამბაზები“, რომელიც რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ რუსთაველის თეატრში დადგა. ეს იყო ბოლო სპექტაკლი, რომელშიც ქალბატონმა მედეამ კიდევ ერთხელ თქვა თავისი სათქმელი.
საბედნიეროდ, მედეა ჩახავას შთამომავლები ღირსეულად აგრძელებენ ხელოვნების გზით სიარულს (ამის მაგალითად მარტო რეჟისორი თემურ ჩხეიძეც კმარა, რომელიც მთელ ეპოქას ქმნის ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში) და, რაც მთავარია, მაღალი ადამიანური ღირსების მქონე პიროვნებები არიან. სხვანაირად წარმოუდგენელიც კია – ისინი ხომ მედეა ჩახავას სულიერების წიაღში გაიზარდნენ და დღესაც ამ სულიერებით საზრდოობენ.
მე კი ვმადლობ უფალს, რომ ასეთ განუმეორებელ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება მომცა!
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები