კრიმინალისაქართველო

ორ წინამძღვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა

რა გახდა აღდგომის ღამეს ყინწვისის მონასტერში ჩხუბის მიზეზი?

ყინწვისის მონასტერში განვითარებულ მოვლენებზე დღეს ბევრს საუბრობენ. „კურიერის“ ინფორმაციით, სააღდგომო ლოცვის დასრულებიდან რამდენიმე საათში ორ წინამძღვარს შორის დაწყებული შელაპარაკება ჯერ ჩხუბში გადაიზარდა, შემდეგ კი სროლით დასრულდა. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება  დაწყებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დაჭრა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა.

მამა საბა (ჟღენტი) ამ ინფორმაციას უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ტვ პირველის“ ეთერში მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„მშობლები გვყავს, ახლობლები, მეგობრები, ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ისინი ნახულობენ ამას და მერე რომ ვბრაზდებით ჟურნალისტებზე, გწყინთ.

მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, ერთმა მითხრა, ხელი ასწიე, მარცხენა ხელში ხარ დაჭრილიო და სანამ არ ვაჩვენე, არ დაიჯერა.

დედაც ნახავს ახლა და ყველა ახლობელიც, რომ არ არის ასე და სიცრუეა.

მე მინდა, თქვენი ჭირიმე, გითხრათ, რომ შსს-მ ჩატარა რაღაცა, არ ვიცი, საიდან ამოიღო ეს იარაღი, არ ვიცი, ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრი იარაღი ამოაქვთ, მე ვარ ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი და არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი.

მე უარვყოფ იმას, რომ აქ, საბას კოშკში, არანაირი ოპერაცია არ ჩატარებული და არანაირი იარაღი არ ამოუღიათ და მამა დავითთან რა გააკეთეს და რა ამოიღეს, არ ვიცი.

მე არა მაქვს ინფორმაცია და არ ვიცი, ყინწვისის მამათა მონასტერში ვინმე ამოსულიყოს და იარაღი ამოეღოს – ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“,  განაცხადა მამა საბამ.

კურიერთან“ კი მამა საბა ამბობს, რომ ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ასევე, იმაზეც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ორ სასულიერო პირს შორის მომხდარი კონფლიქტი რელიგიას საერთოდ არ უკავშირდება და დაპირისპირება არც მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარა.

„კურიერის“ მიერ გავრცელებული ვერსიით, ამ დაპირისპირებას შეესწრო ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და სწორედ მან განმუხტა მწვავე დაპირისპირება. სავარაუდოდ, ჩხუბი იმ ცვლილებებს ეხებოდა, რომელსაც ადგილობრივი ეპარქიის მმართველი კონკრეტულ მონასტრებში გეგმავდა. აქ სასულიერო პირების დაპირისპირების შემთხვევები არ უკვირთ, რის გამოც ხშირია კონკრეტულ ტაძრებში წინამძღვრის შეცვლის ტრადიციაც.

იარაღებზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით დაიწყო, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან უწყება, ჯერჯერობით, თავს იკავებს. ინფორმაცია მკაცრად არის გასაიდუმლოებული საპატრიარქოშიც. ერთადერთი, რასაც შემთხვევის ადგილზე ადასტურებენ –  ჯერჯერობით, საგამოძიებო მოქმედებები აქ არ ჩატარებულა.

„კურიერი“  საპატრიარქოს პრესსამსახურთან დაკავშირებასაც ცდილობდა, თუმცა, მათი თქმით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ზარებს არ უპასუხა. სხვადახვა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრის დროს კი მან ინფორმაცია მან კატეგორიულად უარყო.

ყინწვისის მონასტერი გასულ წელსაც მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა მიზეზი არა კრიმინალური, არამედ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონების უხეში დარღვევა გახდა – მაშინ სპეციალისტების ჯგუფი ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა.

2019 წლის აგვისტოს დასაწყისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტერში მარმარილოს ძვირადღირებული მეტლახი დაიგო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ მეტლახის დაგებას „თვითნებობა“ და „უკანონობა“ უწოდა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. სააგენტო ასევე აღნიშნავდა, რომ უშედეგო აღმოჩნდა მათი მხრიდან უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა.

ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ. 

ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის, დეკანოზ ეფრემის მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და „უბრალო ფილები იყო“. მისივე შეფასებით, „ძვირფასი მარმარილოთი მოხდა ჩანაცვლება, უკეთესი გახდა“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close