„ამ სიტუაციაში მოდუნება სიკვდილის ტოლფასია“
როგორ ვმართოთ გაცნობიერებულად ჩვენი ჯანმრთელობა კრიზისისა და თვითიზოლაციის დროს
ფსიქოფიზიოლოგი, ეფექტიანი კომუნიკაციების ტრენერი და „ღია დიალოგის სკოლის“ დამფუძნებელი დმიტრი შამენკოვი გვიყვება, თუ როგორ უნდა გავუძლოთ უძლიერეს სტრესს, რომელიც თვითიზოლაციითა და სხვა ადამიანებთან კონტაქტის ნაკლებობითა გამოწვეული და როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური და მენტალური სიმშვიდე.
ყოველ საღამოს, 8 საათზე, ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში, Forbes Ontology მსოფლიოს წამყვან ფსიქოლოგებსა და თვითგანვითარების ექსპერტებთან ერთად განიხილავს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას – სოციალურ იზოლაციას. ქვემოთ მოყვანილია იმ ძირითადი პუნქტებისა და რეკომენდაციების ნაკრები, რომელთა შესახებაც დმიტრი შამენოვმა Forbes Ontology-ს წარმომადგენელ ოლგა დემენტიევასთან ინტერვიუში ისაუბრა: თუ რატომ არის პირადი ურთიერთობები ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რატომ აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას, როგორ შეგვიძლია სტრესის შეჩერება და საყვარელ ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობის აწყობა.
იზოლაცია – როგორც ძლიერი სტრესის გამომწვევი
კორონავირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეული კოლოსალური ცვლილებები სოციალურ სამყაროში დიდ მღელვარებას იწვევს. შფოთვის შეგრძნება ჩვენთვის ფიზიოლოგიურადაც აუცილებელია, რათა ფხიზლად ვიყოთ და დროულად ვიმოქმედოთ იმ გარემოებებზე, რომლებიც საფრთხის შემცველია.
იზოლაცია და იძულებითი მარტოობა ასევე სერიოზული უარყოფითი ფაქტორებია, რადგან ადამიანი ბუნებით სოციალური არსებაა: ჩვენ მხოლოდ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანების წყალობით ვახერხებდით გადარჩენას, ამიტომაც იზოლაცია ადამიანისათვის ძალიან ძლიერი სტრესის გამომწვევი შეიძლება გახდეს.
ამის გამო ნეგატიური მოვლენები უფრო მტკივნეულად აღიქმება. იზოლაციის მივყავართ იქამდე, რომ იცვლება იმუნური სისტემის სტრუქტურა, ქვეითდება ანტივირუსული იმუნიტეტი, მატულობს ანთებითი პროცესების რისკი, იზრდება გადაჭარბებული კვებისადმი მიდრეკილება, ხდება ფიზიკური აქტივობების შემცირება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება იზრდება, ირღვევა ძილის რეჟიმი და ა. შ.
თუ ადრეულ ისტორიას თვალს გადავავლებთ, შევამჩნევთ, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ტომიდან განდევნა იყო. ახლაც კი, 21-ე საუკუნეში, ადამიანებისათვის ემოციური კონტაქტების დაკარგვა იმავენაირად მძიმედ აღიქმება. იზოლაციის მდგომარეობა 2-3-ჯერ ზრდის სიკვდილიანობის ისეთი რისკების ზეგავლენას, როგორიცაა სიმსუქნე და ფიზიკური აქტივობის შემცირება.
სტრესი ორგანიზმის მობილიზებას ახდენს
ნებისმიერი სტრესი ორგანიზმის მობილიზებას ახდენს, რათა საჭიროების შემთხვევაში მან სწრაფად შეძლოს რეაგირება, მაგრამ ახლა ჩვენ გლობალური, სოციალური სტრესის წინაშე ვდგავართ – მიმდინარე მეტამორფოზა არა ლოკალური, არამედ გლობალური ხასიათისაა, რაც მსოფლიო წესრიგის, ადამიანებს შორის ურთიერთობებისა და საზოგადოებაში ადამიანის ადგილის შეცვლას იწვევს. ეს კრიზისი პირველი მერცხალია მთელი რიგი გლობალური კრიზისების რიგში, რომელთა გადალახვაც მოგვიწევს, თუ ახლავე არ შეიცვლება ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობა.
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მზად ვიყოთ, რომ მომხდარ მოვლენებზე რეაგირება მშვიდი გონებით მოვახდინოთ – ჩვენ მაგივრად ამ პრობლემას ვერავინ გადაწყვეტს. ყველანი უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ მუშტად შეკრულ ქსელურ საზოგადოებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარების თვალსაზრისით, 1900 წლის დონემდე დავეშვებით. დღევანდელმა გამოწვევამ უნდა აიძულოს ყველა ადამიანი, რომ გამოფხიზლდეს, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გაიაზროს საკუთარი ადგილი ახალ სამყაროში. ახლა მუდმივად იცვლება იმ უნარებისა და ტექნალოგიების სპექტრი, რომელიც ადამიანს სჭირდება. ჩვენ ახალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომელშიც საჭიროა პირადი რესურსების დაგროვება. შფოთვის შეგრძნება ამ რესურსების დაგროვებისთვის აუცილებელია. ის არ გვაძლევს მოდუნების, ჩაძინების საშუალებას, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში დაძინება სიკვდილის ტოლფასია.
ჯანმრთელობის რეცეპტი ადამიანებს შორის ურთიერთობაა
ჯანმრთელობის რეცეპტი ადამიანურ ურთიერთობებში მდგომარეობს. სრული სოციალური იზოლაცია ადამიანისთვის სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. ევოლუციურად, ჩვენ ვვითარდებოდით და ვიზრდებოდით იმ წესის მიხედვით, რომ ძლიერი ყოველთვის იმარჯვებდა. ყველაზე ძლიერად კი ის ითვლებოდა, ვინც ახერხებდა ურთიერთობა დაემყარებინა გარშემომყოფებთან საერთო მიზნების მისაღწევად.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანთროპოლოგმა რიჩარდ რენჰემმა დაამტკიცა, რომ ევოლუციურ პროცესში ეგოისტური სისტემები ყოველთვის მარცხდებოდა იმ სისტემებთან შეჯიბრებისას, რომლებშიც ალტრუიზმის (საქმიანობა, რომელიც მოიაზრებს სხვისი კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავ, უანგარო მზრუნველობას) უფრო მაღალი პროცენტი იყო. დროთა განმავლობაში ალტრუისტული ჯგუფების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოიკვეთა – მათ დაიწყეს უფრო დიდ ჯგუფებად გაერთიანება და იმ ინდივიდების განადგურება, რომლებიც საზოგადოებრივ სიკეთეს უგულებელყოფდნენ. ეგოისტური ჯგუფები სხვა ჯგუფებთან შედარებით არასიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ. ასე დაიწყო მსოფლიოში გლობალური თანამშრომლობის განვითარება.
სასწრაფოდ „გადაეწყვეთ“ ონლაინ რეჟიმზე
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რეალობა, რომელსაც იგი აღიქვამს, მისი მიზნებით განისაზღვრება. ჩვენ ანგარიშს არ ვუწევთ იმას, რომ აღქმა და გრძნობები გვატყუებენ – ეს არ არის ობიექტური რეალობა. ტრადიციულად, ადამიანები შეჩვეულები ვართ ოფლაინ ურთიერთობებს და ახლა კი, უცებ ყველამ კარანტინში ამოვყავით თავი. დამკვიდრებულია აზრი, რომ ინტერნეტით შეუძლებელია გულწრფელი კომუნიკაციის დამყარება. სწორედ ეს აზრი ქმნის ფილტრს, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს ერთმანეთთან გულწრფელად იკონტაქტონ. ჩვენ ციფრული სახელმწიფოს – დედამიწის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ჩვენთვის არანაირი საზღვრები არ არსებობს.
ახლა ყველას გაგვიჩნდა შეგუების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენი ფსიქიკა გვაიძულებს უარვყოთ ახალი და ძველ იდეებს ჩავეჭიდოთ. საჭიროა მაქსიმალური გულწრფელობა საკუთარ თავთან და იმის აღიარება, რომ არსებობს სხვა მოსაზრებებიც. რაც მალე ვისწავლით რეალობასთან დიალოგის წარმართვას, გადარჩენის მით მეტი შანსი გვექნება.
თარგმნა სოფო გურჯიშვილმა
კომენტარები