ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს – გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, ეკლესიის დახურვა, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს, არ იგეგმება. მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა აქცენტი მოქალაქეების გონიერებაზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი სახელმწიფოსა და ეკლესიას რთულ მდგომარეობაში, არჩევანის წინაშე არ დააყენებენ:
„დღეს ვართ განსაკუთრებულ, საგანგებო მდგომარეობაში და გასაგებია, რომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს ინსტიტუციონალურად შესაძლოა სხვადასხვა ინტერესი ჰქონდეს. მე პირადად მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების და სიბრძნის იმედი. მოქალაქე ხვდება, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ისევე, როგორც ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი მორწმუნე ადამიანისთვის ასევე ეგზისტენციალური საკითხია. გონიერი და ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ უნდა დაელოდოს მისგან მოწოდებას, რომ მრევლი არ მივიდეს ეკლესიაში, და ასევე არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდეს, რომ მრევლმა კანონი დაარღვიოს. ეს არის ოქროს შუალედი და გამოსავალი, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე იპოვის. მთავრობა მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში და დაიცვან ეკლესია. იდეალური იქნებოდა, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არავინ დაარღვიოს. არცერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ასეთი იქნება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მოწოდება. პირადად მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს. ჩვენი ძირითადი მოკავშირეა გონიერი მოქალაქე, რომელმაც იცის, რომ თავის თავზე და თავის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ვინმე სხვას“, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საპატრიარქო ხვალ იტყვის დაწვრილებით სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საქართველოში 21 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება, მოგვიანებით კი შეზღუდვა გამკაცრდა და 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება აიკრძალა. ამ შემთხვევაშიც კი მოქალაქეებმა 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით დააჯარიმებს.
შემოღებული აკრძალვების მიუხედავად ეკლესიებში წირვის დროს მრევლის დასწრება არ შეწყვეტილა. ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება, დიდ ეკლესიებში დისტანციას და სანიტარიულ წესებს მეტ-ნაკლებად იცავენ, თუმცა პატარა ეკლესიებში, მათ შორის, რეგიონებში ბზობის დღესასწაულზე არაერთგან დაფიქსირდა მიღებული შეზღუდვების უხეში დარღვევა, როდესაც მოქალაქეები არც დისტანციას იცავდნენ და ბზის გაყიდვაც ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, მჭიდრო რიგებით, რაც არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში უკიდურესი საფრთხის შემცველია. ამ დრომდე არ არის ცნობილი, დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე ასეთ ფაქტებზე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები