ადგილობრივი მედიის ცნობით, შვედეთის მთავრობა ამზადებს ახალ კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს საგანგებო ზომები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.
ქვეყნის ხელისუფლებას ათასობით მეცნიერი აფრთხილებდა, რომ ასეთი რბილი მიდგომა შვედეთში გაცილებით დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევდა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. გუშინ Covid-19-ით დაღუპულთა საერთო რიცხვმა შვედეთში 401-ს მიაღწია (დღეს, 7 აპრილს – 621-ს), რაც ბევრად მეტია, ვიდრე დანიის (179; დღეს, 7 აპრილს – 203), ნორვეგიის (71; დღეს უკვე 85) და ფინეთის (18; დღეს – 34) მაჩვენებლები. ანალოგიური სურათი გვაქვს მილიონ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობის თვალსაზრისით, რომელმაც შვედეთში ამ დროისთვის (07.04.2020, 21:00) თითქმის 61-ს მიაღწია, დანიაში – 36-ს, ნორვეგიაში – 16-ს და ფინეთში – 6-ს. სახელმწიფო ტელევიზიამ SVT-მ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების პროტესტის შემდეგ მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა უარი თქვეს საკუთარი გეგმის განხორციელებაზე. პარლამენტის წევრებმა გააუქმეს ეს გეგმა.
ცხოვრება თითქმის ჩვეულებრივად მიდის
დანია და ნორვეგია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც მკაცრი კარანტინი შემოიღეს, დახურეს საზღვრები და სკოლები, ხოლო ფინეთმა ჰელსინკის მიმდებარე ურბანული დასახლების იზოლირება მოახდინა, მაგრამ შვედები კვლავ აგრძელებენ მასობრივ ვაჭრობას მაღაზიებში, სადილობენ რესტორნებში და 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლა არ შეუწყვეტიათ.
კანონპროექტით, რომელიც მომავლ კვირაში მთავრობამ უნდა წარადგინოს, ხელისუფლება ამიერიდან კონსულტაციებს გაივლის პარლამენტთან, სანამ ახალ შეზღუდვებს მიიღებს, როგორიცაა, მაგალითად: აეროპორტების, სადგურების, მაღაზიებისა და რესტორნების დახურვა. შესაძლო შეზღუდვებს შორისაა საზოგადოებრივი შეკრებების მონაწილეთა რაოდენობის ზედა ზღვრის განსაზღვრა.
კრიზისების მენეჯმენტის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი (Anders Tegnell) ქვეყნის სტრატეგიის დაცვას აგრძელებს და ამტკიცებს, რომ მისი მიზანია დაავადების ნელი გავრცელების უზრუნველყოფა ისე, რომ ჯანმრთელობის სისტემა არ გადაიტვირთოს. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შეძება. მიუხედავად ამისა, მან უარყო, რომ მხარს უჭერდა „ჯოგური იმუნიტეტის“ სწრაფ გამომუშავებას ანუ იმეორებდა სტრატეგიას, რომელიც თავდაპირველად ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა აირჩიეს, სიკვდილიანობის სწრაფი ზრდის დაწყებამდე. ორივე ქვეყანა იძულებული გახდა, შეეცვალა პოლიტიკა და მკაცრი ზომები დაეწესებინა.
ტეგნელი მიიჩნევს, რომ მასობრივი კარანტინი არ არის რეალისტური სტრატეგია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. „მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. საკუთარ სახლებში ჩაკეტვა გრძელვადიან პერსპექტივაში არ იმუშავებს. ადრე თუ გვიან, ხალხი მაინც გამოვა“, – თქვა ტეგნელმა, ამასთან, დაადასტურა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, მაგრამ მისი მტკიცერით, რომ ეს საჭირო იყო.
გასულ შაბათს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლოფვენმა აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების მაჩვენებელი უფრო ნელია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები სიცოცხლე დაიკარგება. მან გაზეთ „Dagens Nyheter“-ს განუცხადა: „ჩვენ გვეყოლება უფრო მძიმე პაციენტები, რომლებსაც ინტენსიური თერაპია დასჭირდებათ და მნიშვნელოვნად მეტი სიკვდილიანობა იქნება. ჩვენ ათასობით გარდაცვლილი გვეყოლება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ“.
რამდენადაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, სტოკჰოლმში, დახურულ საკონფერენციო ცენტრში საველე ჰოსპიტალი კეთდება, რათა მომავალი საჭიროებები დააკმაყოფილოს. თავდაპირველად აქ 140 საწოლი იქნება, ხოლო საბოლოო მიზანი 600 საწოლის მოწყობაა. ამავე დროს, შვედეთის მუნიციპალიტეტების 33%-ზე მეტმა დაადასტურა კორონავირუსით ინფიცრების შემთხვევები მოხუცთა სახლებში, სადაც პერსონალი შეშფოთებას გამოხატავს დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობის გამო. მოხუცთა სახლების ერთ მესამედში უკვე არის Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევა.
ლოფვენმა განაცხადა, რომ საერთო მიზანია ჯანმრთელობის სისტემაზე ზეწოლის შემცირება. „არა მგონია, რომ ჩვენ რამეს განსხვავებულად ვაკეთებთ. უბრალოდ, ხშირად სხვადასხვა ფაზაში ვიმყოფებით [პანდემიის]“.
შვედეთი თანდათანობით ამკაცრებს ზომებს, მაგრამ ეს შეზღუდვები მაინც არ არის ისეთი მკაცრი, როგორც ათეულობით სხვა ქვეყანაში. მარტის ბოლოდან მოქალაქეთა შეკრებების მაქსიმალური რაოდენობა შემცირდა, თავდაპირველად 499 ადამიანამდე, შემდეგ კი – 49-მდე, თუმცა დაიკეტა მხოლოდ სკოლები, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლეები სწავლობენ. სხვა მხრივ ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. სავალდებულო ზომების ნაცვლად, ლოფვენმა შვედებს მოუწოდა, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, თავი აარიდონ მოგზაურობას, როცა აუცილებელი არ არის. სახლიდან მუშაობა ან სახლში დარჩენა სავალდებულო რჩება 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ.
ზოგი კულტურული დაწესებულება, როგორიცაა: ეროვნული გალერეა, თანამედროვე ხელოვნების უდიდესი მუზეუმი და „აბბას“ მუზეუმი – დახურულია, მაგრამ საკუთარი ინიციატივით.
ამ დროისთვის მთავრობის მიდგომას ამომრჩეველთა 44% უჭერს მხარს, ერთი თვით ადრე კი პრემიერ-მინისტრს ამომრჩეველთა 26% უცხადებდა ნდობას.
მობილური ტელეფონის მონაცემების ანალიზმა, რომელიც გუგლმა ჩაატარა, აჩვენა მოძრაობის მკვეთრი ვარდნა სხვა ქვეყნების საჯარო ადგილებში, მაგრამ შვედეთში არაფერი შეცვლილა.
მწვავედ აკრიტიკებენ არჩეულ სტრატეგიას შვედი ჯანდაცვის პროფესიონალები. 2300-ზე მეტმა ექიმმა, მკვლევარმა და პროფესორმა მოაწერა ხელი მიმართვას, რომლითაც მთავრობას მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, მათ შორისაა ნობელის ფონდის პრეზიდენტი ჰენრიკ ჰელდი.
„ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ვითარება, ვერ ვიქნებით აბსოლუტური ქაოსის ფაზაში. არავის უცდია ეს სტრატეგია, ამიტომ რატომ უნდა ვიყოთ პირველები, დადასურების გარეშე?!“ – კითხულობს პროფესორი სესილია სოდერბერგი, კაროლინსკის ინსტიტუტის (Karolinska Institutet) ვირუსული იმუნოლოგიის მკვლევარი.
„მთავრობას არ სურს დაეთანხმოს წარმოდგენილ სამეცნიერო მონაცემებს. ისინი ბრმად ენდობიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს, მაგრამ მონაცემები, რაც მათ აქვთ, მწირია, თითქმის გაუგებარი. ჩვენ ვხედავთ შემთხვევების გაორმგებას, რაც უფრო მაღალია, ვიდრე იტალიაში. მალე სტოკჰოლმს ინტენსიური თერაპიის განყოფილებში ადგილების დეფიციტი შეექმნება. მათ არ უნდათ გააცნობიერონ, რომ შემდეგ ძალიან გვიან იქნება მოქმედება, – ამბობს იგი.
სტივენ ჰანსონი, ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ სტოკჰოლმში ვითარება სწრაფად გაუარესდება: „არსებობს რეალური რისკი, რომ შემთხვევების რაოდენობა იმდენად გაიზრდება, საავადმყოფოები ვეღარ შეძლებენ რეაგირებას. მკურნალობის არჩევანი უკვე გაკეთებულია პაციენტების ასაკის გათვალისწინებით“.
სტენ ლინარსონი, კაროლინსკის ინსტიტუტის პროფესორი, ასევე შეშფოთებულია მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკით, რომელიც სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება. იგი სიტუაციას ამსგავსებს დიდი სახლის ერთი ბინის სამზარეულოში ცეცხლის გაჩენას, რომელსაც თუ მივუშვებთ, მთელ სახლს მოედება და დაიწვება.
ბერძნულიდან თარგმნა ნინო ბაჯელიძემ
lifo.gr-ს მიხედვით
კომენტარები