კინო/ფილმებიარტისტი

„რომ დასცლოდა, აუცილებლად გახდებოდა ეკრანის დედოფალი“ – ბელა მირიანაშვილის ბედისწერა და სიყვარული

ქართული თეატრისა და კინოს მშვენება, ულამაზესი და უნიჭიერესი ბელა მირიანაშვილი, სამწუხაროდ, სულ ცხრა წელი იყო სცენაზე, ხუთ ფილმში გადაიღეს, 23 წელი იავადმყოფა და 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. არადა, როგორც ამბობენ, „იმდენად ნიჭიერი იყო და ისე უხდებოდა ეკრანს, რომ დასცლოდა, აუცილებლად გახდებოდა ეკრანის დედოფალი“.

წინაპრები 

ბელა მირიანაშვილი 1938 წლის პირველ აპრილს დაიბადა თბილისში, თუმცა შემდეგ მშობლები – შალვა მირიანაშვილი და ვარვარა მუსხელიშვილი ბათუმში გადასულან საცხოვრებლად და, ცხადია, ბელაც ბათუმში იზრდებოდა დასთან – ნინოსთან ერთად, რომელიც ბათუმში დაბადებულა. ბელა ყოველთვის ამაყობდა თავისი წინაპრებითო, ამბობს ბატონი კახი კავსაძე და წიგნში „სახალხო არტისტი კახი კავსაძე“ იხსენებს, რომ ბელას წინაპრები (მამის მხრიდან) ქართულ ხელოვნებას ემსახურებოდნენ. მამამისის მშობლები – ლევან მირიანაშვილი და მარო მდივანი – ლადო მესხიშვილის დასის წევრები ყოფილან და ამ ფაქტმა გარკვეულწილად იმოქმედა კიდეც ბელას პროფესიის არჩევაზე. პაპა, ლევან მირიანაშვილი 22 წლის ასაკში გარდაცვლილა. მისი და, მარიამ მირიანაშვილი-თუმანიშვილისა კი ფატმანის პროტოტიპი ყოფილა მიხაი ზიჩის მიერ დასურათებულ „ვეფხისტყაოსანში“. ბელას ბებია, მარო მდივანი 1933 წლამდე ბათუმის თეატრში მოღვაწეობდა. დედის მხრიდან კი ბელას წინაპრებში რვა გენერალი ჰყავდა. ბელას დედის, ვარვარა მუსხელიშვილს მამა – გენერალი იაკობ მუსხელიშვილი ბათუმის ციხე-სიმაგრის არტილერიის მეთაური (კომანდორი) იყო, იაკობის ძმა, ივანე კი – გენერალ-ლეიტენანტი. ივანე მუსხელიშვილი იყო დიდი ქართველი მეცნიერის, ნიკო მუსხელიშვილის მამა.

ვარვარა მუსხელიშვილის დედა წარმოშობით ფრანგი ყოფილა – ნინო ზაგიუ, მისი დედა კი, ბელას დიდი ბებია, დუშეთელი ყარანგოზიშვილების ოჯახიდან წამოუყვანიათ მუსხელიშვილებს. ვარვარა მუსხელიშვილის დიდ ბაბუას – ადამ ყარანგოზიშვილს სამი ქალიშვილი ჰყოლია, მათგან პირველი ქალიშვილი შოტლანდიელ მუატის ჰყოლია ცოლად, მესამე ქალიშვილი კი გერმანლ ფონ ფიტინგოფზე ყოფილა გათხოვილი. თურმე ხუმრობდნენ კიდეც – სამმა გრაციამ გააერთიანა სამი ნაციაო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამ ყარანგოზიშვილის დედა, სოფიო და დიდი ქართველი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის მამა, მიხეილი და-ძმანი იყვნენ. ადამ ყარანგოზიშვილის ვაჟები – ვასილ და კონსტანტინე ყარანგოზიშვილები გენერლები გახლდნენ. ვასილი ოდესის გენერალ-გუბერნატორიც კი ყოფილა. მისი შვილი ვანიჩკა კი ბრწყინვალე ქართველი ოფიცერი იყო – ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი…

პროფესიული არჩევანი

ბელა მირიანაშვილმა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, სადაც ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა. საბოლოოდ კი მაინც მსახიობობა არჩია და 1960 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

ნანის როლში, „უდიპლომო სასიძო“, 1961

ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც რუსთაველის თეატრის სცენაზე მიიწვიეს ლიდა მატისოვას როლის შესასრულებლად კოჰოუტის პიესაში „როცა ასეთი სიყვარულია“. მას შემდეგ ბელამ რუსთაველის თეატრში თავისი სასცენო მოღვაწეობის მცირე დროის განმავლობაში ათობით საინტერესო სახე შექმნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსთაველის თეატრზე ადრე ბელა მირიანაშვილი კინოში აღმოჩნდა.

იგი თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსზე სწავლობდა, როდესაც რეჟისორმა შოთა მანაგაძემ თებროლეს როლზე დაამტკიცა ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“, რომელსაც დღემდე დიდი ინტერესით უყურებს ყველა თაობის ქართველი მაყურებელი. შემდეგ იყო ფერიდე დავით რონდელის ფილმში „მამლუქი“, ლიანა – „წარსულ ზაფხულში“, ახალგაზრდა ფოსტალიონი ლამარა – სიკო დოლიძის დაუვიწყარ კინოსურათში „დღე უკანასკნლი, დღე პირველი“, ნანი – „უდიპლომო სასიძოში“, რუსუდან ექიმი – „ცეროდენა რაინდებში“.

„უდიპლომო სასიძო“, 1961

ყველაზე დიდი წარმატება ბელა მირიანაშვილს თებროლესა და ლამარას როლების ბრწყინვალე შესრულებამ მოუტანა და ნიჭიერი კინომსახიობის სახელი დაუმკვიდრა – ფილმებში მონაწილეობით მართლაც აშკარად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი, პიროვნული თუ გარეგნული ღირსებები.

სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ რაღაც ცხრა წელიწადს გაგრძელდა ბელა მირიანაშვილის მოღვაწეობა ხელოვნებაში, მაგრამ სამუდამო კვალი დატოვა იმ ადამიანების ხსოვნაში, რომელთაც იგი სცენაზე უნახავთ. აღარაფერს ვამბობთ კინოროლებზე, რომლებიც დღემდე ხიბლავს მაყურებელს. ყოველივე ამის საფუძველი კი მისი ნიჭი, შრომის სიყვარული, პროფესიონალიზმი და იმ საქმის თაყვანისცემა იყო, რასაც თავდავიწყებით ემსახურებოდა, თუმცა უპირველესი მაინც ის ადამიანური ღირსებები იყო, რაც მას ირგვლივ მყოფებისგან აშკარად გამოარჩევდა და ეს სცენიდანაც და ეკრანიდანაც იგრძნობოდა.

ლეგენდარული სიყვარული

თეატრალურ ინსტიტუტში ბელა მირანაშვილის ჯგუფში (ჯგუფს დოდო ალექსიძე ხელმძღვანელობდა) თითქმის სულ ვარსკვლავები სწავლობდნენ:  მალხაზ გორგილაძე, იმედა კახიანი,  გურანდა გაბუნია, გრიშა წიტაიშვილი, თენგიზ დაუშვილი, ნოდარ ფირანიშვილი… სულ თორმეტნი იყვნენ.

კახი კავსაძემ იგი პირველად სწორედ თეატრალური ინსტიტუტის ჰოლში დაინახა იმ დროს, როდესაც თავის ჯგუფელს, გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა და რაღაცაზე იცინოდა:

„მიახლოება ვერ გავბედე ან როგორ გავბედავდი?!.. მე ვინ ვიყავი?!.. დიდხანს ვერ ვბედავდი“, – იხსენებს ბატონი კახი, რომლისთვისაც ბელა მირიანაშვლის სიყვარული ბედნიერების მწვერვალი იყო და ასე გრძელდება დღემდე.

სიგიჟემდე უყვარდა, ლეგენდად იქცა მათი სიყვარულის ისტორია, თუმცა სანამ ამ უდიდეს სიყვარულს გაამხელდა, ბელა გათხოვდა… მას ქორწინებიდან გოგონა შეეძინა – ნანუკა ხუსკივაძე (ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობი – რედ.). 2 წლისაც არ იყო ნანუკა, როდესაც კახი კავსაძე საყვარელ ქალზე დაქორწინდა.

ბელა დ კახი

„არ ვიცი, რა არის ლეგენდა, რა – სინამდვილე და არასინამდვილე. ჩვენს ოჯახში ყველაფრის თავიდათავი, ძირი და ფესვი არის ბელა. მე ყოველთვის მანცვიფრებდა ის, როგორც პიროვნება. მისმა უკანასკნელმა დღემაც, მისმა წასვლამაც ამ ქვეყნიდან… ამანაც განმაცვიფრა. ერთხელ არ დაუხრია თავი… რა მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო, არ უფიქრია, რომ საცოდავია, არასოდეს გატეხილა… ღირსების უმაღლეს საფეხურზე იდგა მუდამ… და მეც ვცდილობდი, რომ მისი შესადარი, მისი ტოლი ვყოფილიყავი. მთელი ამდენი წლის მანძილზე, რაც ის ავადმყოფობდა, ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა დამიძახა და მითხრა, ცუდად ვარო. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობებში სწორედ ამ ურთიერთობის მოგვარებაა მთავარი. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, ან რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ, ამის შემხედვარეს, რა უფლება მქონდა, სხვანაირად მოვქცეულიყავი, არ გამემართლებინა მისი შეხედულებები… მე ახლაც ვფიქრობ, რომ ბოლომდე ვერ შევაფასე, თუ რამხელა პიროვნებასთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა. ის ყოველთვის ჩემზე მაღლა იდგა. და მეც, ალბათ, ვიყავი ის კაცი, რომელიც ამ ყველაფერს ხედავდა და აფასებდა. მისგან რომ რაღაცაში უკმაყოფილო ვყოფილიყავი, არ მახსოვს. კაცი ვარ, ხან დავთვრებოდი, ხანაც რაღაც უხერხულ სიტუაციებში ჩავვარდებოდი, ხომ არ გგონია, რომ წამეჩხუბებოდა ან რაიმეს მეტყოდა? ეს გამორიცხული იყო… გავიდოდა რამდენიმე დღე და ამ საყვედურს თუ შენიშვნას ისე მეტყოდა, რომ გული არ ეტკინა ჩემთვის… ამ ყველაფრის ფონზე, ხომ არ გგონიათ, რომ ქალად გადაკეთებულ სპინოზასთან მქონდა ურთიერთობა. არა, ბატონო! ის იყო ქალი… თანაც უმაღლესი რანგის ქალი… საოცარი კულინარიც იყო, რაღაც არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებდა. არ არსებობდა დილით ან გადაღებაზე წავსულიყავი, ან რეპეტიციაზე და მე მას არ გავეცილებინე… არასოდეს არ ჩარეულა ჩემი და ჩემი ძმაკაცის ურთიერთობაში… არასოდეს უკითხავს, ჯიბეში რამდენი მაქვს ფული… იტყოდა, ოჯახს ეს სჭირდება, მე ვპასუხობდი ან – კი, ან – არა მაქვს ახლა ამის საშუალება… და მორჩა! არ არსებობდა, რაიმე ზედმეტი შეკითხვა დაესვა შემდეგ ამ თემაზე.

როგორ ფიქრობთ, რა ამპლუის მსახიობი იყო ბელა მირიანაშვილი?

ბელას ჰქონდა იშვიათი სცენიური თუ ეკრანული ხიბლი, ეს კი ჩვენს პროფესიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ეს მომხიბვლელობა კი, მე ვფიქრობ, მისი ნიჭიერების გარდა, პიროვნულიდან მომდინარეობდა. პიროვნულად იყო ძალიან ძლიერიც, ჭკვიანიც და უკომპრომისოც.

ლამარას როლში, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1959

თქვენ თუ ყოფილხართ ერთმანეთის პარტნიორები?

ეკრანზე, რასაკვირველია, არა…. სცენაზე „ჭინჭრაქაში“ ვთამაშობდით ერთად და „მზიან ღამეში“ ერთ ეპიზოდში გამარჯობას ვეუბნებოდი. „ხანუმაშიც“ ვმონაწილეობდით ორივე. თუმცა სცენაზე ერთმანეთს არ ვხვდებოდით, ეგ იყო და ეგ.

და თქვენი შემოქმედების როგორი შემფასებელი იყო?

რომ გითხრათ, ოჯახის წევრების მიმართ რაიმე განსაკუთრებული ქება იცოდა-მეთქი, მოგატყუებთ. შეიძლება თავისი მოსაზრება გამოეთქვა. აი, დაახლოებით ამგვარი: კახი, იმ ეპიზოდში ხომ არ აჯობებს, პარტნიორს შეხედო თვალებში? ან პირიქით, იმ პარტნიორს რომ უყურებ, იქნებ, არ შეხედო და განაზოგადო სათქმელი… შენიშვნის ფორმითაც არ გეტყოდა ამას. ის იტყოდა თავის მოსაზრებას, თანაც საკმაოდ ფრთხილად, და არავითარ შემთხვევაში არ შეეცდებოდა საკუთარი აზრი თავს მოეხვია ვინმესთვის.

კახი და ბელა შვილთან, ირაკლისთან ერთად

ახლა რომ ვფიქრობ, მე მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორსაც ის იმსახურებდა. ვერ გავახარე ცხოვრებაში… ძალიან ღირსეულად დაემშვიდობა ამ წუთისოფელსაც. მახსოვს, მოსკოვში ვიყავი და 26 აგვისტოს დავურეკე, მოვიკითხე, თან შევატყობინე, რომ 1-2 სექტემბრამდე დავრჩებოდი. უცებ მესმის დამარცვლით ნათქვამი ერთი სიტყვა: „ჩა-მო-დი!“ სასწრაფოდ გავვარდი აეროპორტში და მეორე დღესვე, ანუ 27 აგვისტოს ჩამოვფრინდი. 28 აგვისტოს გამთენიისას გარდაიცვალა. იმ მძიმე დღეებში ერთ სიტყვას ვიმეორებდი: „რა მეშველება, რა მეშველება?“ მერაბ კოკოჩაშვილი ცდილობდა, დავეწყნარებინე და ასეთი რამ მითხრა: „კახი, რა გაქვს სადარდებელი?! რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად? ოცდახუთი, არა?“ „დიახ“, – ვუპასუხე გაკვირვებულმა. „მერე, კახი? ადამიანები ისე მიდიან ამქვეყნიდან, ერთი ბედნიერი დღე არ ჰქონიათ, შენ კი 25 წელი ბედნიერმა იცხოვრე“… რომ ჩავფიქრდი, ვერ შეეკამათებოდი.  მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სრულ ჰარმონიაში…“

ეს არის ერთ-ერთი ინტერვიუს შემოკლებული ვარიანტი წიგნიდან „სახალხო არტისტი“, რომელიც კახი კავსაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება (ავტორები: ხათუნა კიკვაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი).

* * *

ბელა მირიანაშვილს, ირაკლიზე ხუთი თვის ფეხმძიმეს, ორმოცი გრადუსი სიცხით სპექტაკლი რომ არ ეთამაშა, ბატონი კახის ბედნიერებას ალბათ საზღვარი არ ექნებოდა.

საოცრად ლამაზსა და პოპულარულ მსახიობს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სპექტაკლში იყო დაკავებული რუსთაველის თეატრში, მოულოდნელად გრიპის ვირუსი შეეყარა და მედიკამენტებით ვერ უმკურნალეს. დიაგნოზი „მიელოპოლირადიკულონევრიტი“ – საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის…

ბოლო სპექტაკლის შემდეგ ბელა მირიანაშვილი სავარძლიდან აღარ ამდგარა, მაგრამ შემდგომ 26 წელი იცხოვრა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

ბელა და კახი შვილებთან – ირაკლისა და ნანუკასთან და შვილიშვილთან – ირაკლისთან ერთად

„ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და, ვგონებ, შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის“, – წერდა ბელა მირიანაშვილი.

ეს შეძლო კახისა და ბელას საარაკო სიყვარულმა. კახი კავსაძემ ოცდახუთი წელი უძვირფასესი ადამიანი ხელით ატარა, მაგრამ მაინც ბედნირი იყო, რადგან საყვარელი ქალი და ყველაზე დიდი მეგობარი გვერდით ჰყავდა. ძნელად თუ ვინმე მოახერხებს იმას, რაც ბატონმა კახიმ შეძლო – ბედისწერისთვის თვალის გასწორება, სნეული მეუღლის საოცარი სიყვარული და მისი ერთგულება გარდაცვალების შემდეგაც კი.

თამარ ოთიაშვილი    

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close