საზოგადოებარას არ გაიგებ/ფაქტები

თურქმენეთმა კორონავირუსი აკრძალა

ახლა ოფიციალურად ქვეყანაში არც კორონავირუსით ინფიცირებულები არსებობენ და არც თავად COVID-19

თურქმენეთის ხელისუფლებამ აკრძალა სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება სახელმწიფო მედიასაშუალებებში და სამედიცინო ბროშურებში, – პირველად ეს ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შენიშნა. მანამდე ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ბროშურები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ, მაგრამ ახლა მათგან COVID-19-ის ხსენება გაქრა. ორგანიზაციის თანახმად, ქვეყანაში სახელმწიფო მედიას ეკრძალება სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება, ხოლო ვინც ნიღბების ტარებას არ მოიშლის და პანდემიაზე ისაუბრებს, შეიძლება დააკავონ კიდეც.

ქვეყანაში კორონავირუსის ნებისმიერი ხსენება დასჯადია. რიგებში, გაჩერებებზე, ავტობუსებში მოქალაქეთა საუბრებს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სპეციალური ორგანოების წარმომადგენლები უსმენენ.

ამავე დროს, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები: შეზღუდულია დედაქალაქში რეგიონებიდან შესვლა და ქვეყნის შიგნით გადაადგილება, ხოლო გზებზე და საზოგადოებრივ ადგილებში მოქალაქეებს სხეულის ტემპერატურას უზომავენ, თუმცა ხელისუფლება ამ ზომებს კორნავირუსს არ უკავშირებს და ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს  ბრძოლა ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ. ოფიციალურად კი ქვეყანაში კოროვირუსით ინფიცირებული არცერთი ადამიანი არ არის და თურქმენეთს ვერც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკაზე ნახავთ ქვეყნების ჩამონათვალში.

ცოტა ხნით ადრე თურქმენეთის მეთაურმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოქალაქეებს ურჩია, ვირუსებისგან თავი ძველი ხალხური საშუალებით – მარიამსაკმელას* (Péganum hármala) კვამლით დაიცვან. მისი თქმით, ამ მცენარის კვამლი ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ვირუსის შეღწევას.

„ჩვენი ბრძენი წინაპრები მტკიცედ იცავდნენ ტრადიციას: მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მარიამსაკმელას აკმევდნენ, იქნებოდა ეს საცხოვრებლად ახალ სახლში გადასვლა, დაქორწინება თუ მსგავსი რამ. ასევე იქცეოდნენ წლის გარკვეულ დროს, როდესაც ინფექციური დაავადებები ვრცელდებოდა“, – ბრძანა სახელმწიფოს მეთაურმა.

* მარიამსაკმელა – 20-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. მისი თესლები შეიცავს ალკალოიდ ჰარმინს, რომელიც მედიცინაში გამოიყენება ექსტრაპირამიდული სისტემისა და ეპიდემიური ენცეფალიტის შედეგების სამკურნალოდ, აგრეთვე პარკინსონიზმის და მთრთოლვარე (მოცახცახე) დამბლის დროს. ის განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის ქერქის მამოძრავებელ ცენტრებზე, დაბლა სწევს წნევას, აუმჯობესებს სუნთქვას, ადუნებს კუჭ-ნაწლავის, საშვილოსნოსა და გულის კუნთებს, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. ძლიერი ტოქსიკურობის გამო მარიამსაკმელას სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რჩევით დაიშვება.

ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზად თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close