იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ჯანმოს წარმომადგენელმა ახსნა
გაიარა თუ არა COVID-19-ის პიკმა? – ჯერ ამის თქმა შეუძლებელია, რადგან საამისოდ სათანადო მონაცემები არ არსებობს, – ამბობს RBK-სთან ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი რუსეთში, მელიტა ვუინოვიჩი. 15 მარტის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 156 ათასს გადააჭარბა (South China Morning Post-ის თანახმად, რომელიც ჯანმოს მონაცემებს ეყრდნობა).
ევროპაში (და ჩინეთის გარდა – მთელ მსოფლიოში) ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის დაფიქსირებულია იტალიაში, სადაც ვირუსი გამოუვლინდა 21 157 ადამიანს. იტალიაში პროცენტულად სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით (თვით ჩინეთთან შედარებითაც, სადაც 80 995 ინფიცირებულიდან 3203 გარდაიცვალა – 3,95%) – იტალიაში მთლიანობაში 21 157 ინფიცირებულიდან გარდაიცვალა 1441 (6,81%).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მელიტა ვუინოვიჩი ამას იმით ხსნის, რომ ეპიდემიის ამოცნობა შეუძლებელი იყო: „იტალიაში, როგორც ჩანს, ერთდროულად დაავადდა ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ როგორ მოხდა ეს, გაუგებარია – ამჟამად ამის დასადგენად ექსპერტებთან ერთად კვლევები მიმდინარეობს. შესაძლოა ადამიანებმა ვერც გაიგეს, რომ ავად იყვნენ, არ იცოდნენ სიმპტომების შესახებ და არც ის, სად და ვისთვის უნდა მიემართათ“. გარდა ამისა, რაც უფრო ასაკოვანია მოსახლეობა, მით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, იტალიაში კი, როგორც ცნობილია, მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია მსოფლიოში, – ამბობს ექსპერტი.
მთლიანობაში მსოფლიოში, ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 3%-ია, თუმცა საბოლოო მაჩვენებელი ცნობილი გახდება მაშინ, როდესაც ეპიდემია დამთავრდება. „ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა სიკვდილის შემთხვევები ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სიკვდილიანობაც იზრდება. 80 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში (თუმცა ყველგან არა) სიკვდილიანობის დონემ შეიძლება 14%-ს მიაღწიოს“, – განაგრძობს ექსპერტი. მისი თქმით, ბავშვებში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია.
ამ დროისთვის არ არსებობს დადასტურება, რომ ინფიცირების წყარო შეიძლება იყოს შინაური ცხოველები, მაგ., ძაღლები ან კატები. არც ის არის ცნობილი, შესაძლებელია თუ არა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანი თავიდან დაინფიცირდეს. „ამიტომ ამჟამად ყველა გამოჯანმრთელებულ პაციენტს აკვირდებიან. ამ მიმართულებით ჩინეთი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს, იქ ყოველდღიურად 20-მდე სამეცნიერო სტატია ქვეყნდება ამ თემაზე“, – ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება რუსეთს, ახალი ვირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 59-ს აღწევს. რუსეთში არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი.
ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები