საქართველოსაზოგადოება

როგორ ხვდება საქართველოს ჯანდაცვა კორონავირუსს?

იმ შემთხვევაში, თუკი ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV საქართველოში შემოაღწევს, როგორ დახვდება მას ეროვნული ჯანდაცვის სისტემა? არის თუ არა ის მზად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას ახლავს თან? ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვირუსის გავრცელების დინამიკისა და ფატალური შედეგების გათვალისწინებით, ჩინეთის შემდეგ, სახიფათო კერად ირანი დასახელდა (ამ დროისთვის ირანში 26 ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსის გამო – nostal.ge).

გარდა ამისა, 24 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა ქვეყნებს მოემზადონ პოტენციური პანდემიისთვის.

26 თებერვლის მონაცემებით, საქართველო ვირუსის იმპორტის შეკავების ფაზაში იმყოფება, ანუ, მოქმედებს ე. წ. „ა გეგმით“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აკრძალული აქვს საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანთან. შეიზღუდა ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით. შეზღუდვები დაუწესდა საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიებს. აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებზე მიმდინარეობს მგზავრთა კონტროლი.

თუკი საქართველოში დაფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევა, ანუ, ქვეყანა დაბალი რისკის ზონიდან მაღალი რისკის ზონაში გადაინაცვლებს, მაშინ ქვეყანამ „ა გეგმასთან“ ერთად „ბ გეგმის“ განხორციელებაც უნდა დაიწყოს, რაც გულისხმობს საავადმყოფოების და მედპერსონალის მზაობას ინფიცირებული პაციენტების მისაღებად.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, დღეს, მსოფლიოში არსებული ეპიდემიური მდგომარეობისა და ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში ვერ განვითარდება იმგვარი სიტუაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას საწოლების, მედპერსონალის, მედიკამენტების დეფიციტის პრობლემა.

აქვს თუ არა ქვეყანას საკმარისი რაოდენობის საწოლები?

კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში, მთავარი დატვირთვა, პირველ რიგში, სწორედ ინფექციურ საწოლებზე იქნება. დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად ქვეყნის მასშტაბით 4 კლინიკაა მზად – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

თუკი იმ დაავადებულთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ, გადააჭარბებს ინფექციური საწოლების რაოდენობას, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის თანახმად, პროცესში ჩაერთვება სხვა საავადმყოფოებიც. პირველ რიგში, ასეთ საავადმყოფოდ განიხილება ბავშვთა ტუბერკულოზის ცენტრი.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის თანახმად, ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდა, სპეციალურად კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ჩვეულებრივი სომატური საავადმყოფოებიც ტრანსფორმირდება: „სხვა საჭიროების მქონე პაციენტების გადასანაწილებლად დაგვჭირდება მაქსიმუმ ერთი დღე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მწვავე, ზამთრის სეზონზეც კი, საწოლფონდის დატვირთვა არ არის მაღალი და წელიწადში შეადგენს 50%-ს, ამგვარი სცენარის განვითარების თეორიული რისკიც კი ძალიან დაბალია. ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ რისკს, რომ უეცრად შეიძლება მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომელსაც ჰოსპიტალური სექტორი ვერ უპასუხებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, ეპიდემიის ტენდენციიდან გამომდინარე, არ განვითარდება ქვეყანაში ისეთი სცენარი, რომლის მიხედვითაც, დაგვჭირდება ყველა საწოლის ათვისება. მაგალითად, რეანიმაციული საწოლი პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას შეიძლება დასჭირდეს, რადგან სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის 82% მსუბუქი ფორმით მიდის, რომელსაც ჰოსპიტალიზაციაც კი არ სჭირდება“, – ამბობს თამარ გაბუნია.

რამდენი ექიმია მზად, რომ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს უმკურნალოს?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 150-მდე ლიცენზიის მქონე ინფექციონისტია. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ ისინი უმკურნალებენ პაციენტებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია გამოცხადდება, მისი თქმით, მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან სხვა სპეციალობის ექიმებიც. საქართველოში ჯამში 20 000-მდე მოქმედი ექიმია: „ექიმების საკმაოდ დიდი რაოდენობა 2009 წლის, H1N1 პანდემიური გრიპის დროს გადამზადდა. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციების მართვა დიდწილად თითქმის ერთნაირია. გადამზადების ვიდეო-კურსები გაიარეს ექიმებმა ებოლას ეპიდემიის დროსაც. დღეის მდგომარეობით, მომზადდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის სალექციო ვიდეო-კურსი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ტარდება გადამზადების კურსები კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე, მედპერსონალს ყველა საჭირო ინსტრუქცია აქვს მიცემული, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი რეკომენდაციები გაიცემა.

პასუხობს თუ არა ბოქსირებული პალატები საერთაშორისო სტანდარტებს?

ქვეყანაში ჯამში 120-მდე ბოქსირებული პალატაა – მათი ნაწილი ნახევრად ბოქსირებული ტიპის პალატაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის ბოლოს, ბოქსირებული პალატები ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ შეამოწმა და გარკვეული ხარვეზები დააფიქსირა: „რიგ ბოქსირებულ პალატებს აღმოაჩნდა ხარვეზები. გაიცა შენიშვნები და რეკომენდაციები. ახლა უკვე ვიღებთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ხარვეზების გამოსწორება. ზოგიერთ შემთხვევაში, სადაც ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელი იყო, ცხადია, ბოქსირებული პალატები გაუქმდა“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ის, რომ ბოქსირებული პალატების ნაწილი ხარვეზებით ფუნქციონირებს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, სერგო ჩიხლაძეც, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი. მაგალითად, მისი თქმით, ინფექციურის საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული ბოქსირებული პალატები მოძველებული ტიპისა და ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც ბოქსირებულ პალატებს ესაჭიროება: „ეს არის საბჭოთა დროინდელი ბოქსირებული პალატები, სადაც პაციენტი იკეტება კარანტინზე. ბოქსირებულ პალატას აქვს თავისი სტანდარტები – ეს არის თითოეული პაციენტისთვის გათვლილი ინდივიდუალური პალატა, რომელშიც დაცული უნდა იყოს დამუშავების სპეციალური წესები, სადაც უნდა იქმნებოდეს ნეგატიური წნევა. უნდა იყოს აერაციის 6-12 საათიანი რეჟიმები და ა.შ.“

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინე ენდელაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კლინიკაში არსებული ბოქსირებული პალატები, საჭირო მოთხოვნებს პასუხობს: „ბოქსირებულ პალატებს ცალკე შესასვლელი უნდა ჰქონდეთ პაციენტისთვის და ცალკე მედპერსონალისთვის. ეს პირობა დაცულია ჩვენთან. გვაქვს გამწოვი ბლოკი და პალატებში შექმნილია უარყოფითი წნევა“.

არსებობს თუ არა მედპერსონალის ეკიპირების, მედიკამენტების, პირბადეების მარაგი?

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, იანვრის ბოლოს უწყებამ მედპერსონალისათვის განკუთვნილი ეკიპირების გარკვეული რაოდენობა შეიძინა. აცხადებენ, რომ ამ ეტაპისათვის, ეს რაოდენობა საკმარისია. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანა დამატებითი ეკიპირების შეძენის რიგში დგას: „გლობალურად, მარაგებთან დაკავშირებით გარკვეული დეფიციტი შეიქმნა. ამდენად, ჩვენ შესაძლოა ცოტა ხნით რიგში დგომა დაგვჭირდეს, რათა დამატებით ახალი მარაგით შევივსოთ. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობისთვის საკმარისი მარაგია და თადარიგიც დაჭერილია იმისათვის, რომ ორი კვირის განმავლობაში კიდევ შევიძინოთ დამატებითი მარაგი. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც შემოგვთავაზა დახმარება მარაგების შევსებაში“, – ამბობს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება მედიკამენტებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს კონკრეტული მედიკამენტი თუ ვაქცინა, რომელიც ახალი ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენება, მიმდინარეობს პაციენტების ე.წ. სიმპტომური მკურნალობა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ანტიბიოტიკების და მედიკამენტების მარაგი ქვეყანაში საკმარისია: „სამინისტროს აქვს დადებული ხელშეკრულებები კერძო სექტორთან, ე.წ. სტრატეგიულ მარაგებთან დაკავშირებით, რომელიც მუდმივად უნდა ჰქონდეს კერძო სექტორს და როდესაც საჭიროება დგება, ხდება სწრაფი რეაგირება. აღსანიშნავია, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც შეიძლება მოხვდნენ ინფიცირებული პაციენტები, ლიცენზიის პირობების მიხედვით მათ უნდა ჰქონდეთ 3-დან 6 თვემდე მარაგები“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სააფთიაქო ქსელებში ანტიბიოტიკების მარაგი არის და დეფიციტი არ უნდა შეიქმნას: „თუკი გაჩნდა საჭიროება, შესაძლებელია, რომ დამატებით მივმართოთ მომწოდებლებს და ისინი უზრუნველყოფენ მარაგის შევსებას. ამ ეტაპზე, არ არის არანაირი რისკი მედიკამენტების მარაგის სიმწირისა“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ამირან გამყრელიძის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში ქირურგიული პირბადეების რამდენიმე ასეული ათასის მარაგია. რამდენიმე ათეული ათასის მარაგია ე.წ. N 95, ანუ, მაღალი დამცველობის პირბადეების.

რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, მათ ნაწილში პირბადეების დეფიციტია შექმნილი:

  • „ავერსის“ ქსელში არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე.
  • „PSP“-ს ქსელში თბილისის მასშტაბით არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე. გარკვეული მარაგია დარჩენილი რეგიონებში.
  • ამ ეტაპზე, ნიღბების შეძენა შესაძლებელია „ჯიპისის“ ქსელში.
  • ნიღბების მარაგი აქვს „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელსაც.

თუკი ვირუსის მაჩვენებელი მიაღწევს საგანგაშო ზღვარს

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, არ არსებობს კონკრეტული ფორმულა, თუ რამდენი დაავადებულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა. თუმცაღა, თუკი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში დაფიქსირდება ინფიცირებულთა საგანგაშო ზღვარი, ქვეყანაში ამოქმედდება საგანგებო მდგომარეობა და სამოქმედო ნაბიჯები სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მიხედვით განხორციელდება.

გაიზარდა თუ არა რისკი საქართველოსთვის?

ამირან გამყრელიძის თქმით, რაკი მსოფლიოში ზოგადი ეპიდსიტუაციის რისკი გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ რისკი იზრდება ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ირანში ვირუსის გავრცელების საკმაოდ დიდი მასშტაბის გამო, რისკები გაზრდილია საქართველოსთვისაც: „სანამ ჩვენთან ინფექცია არ ფიქსირდება (გუშინ საღამოს საქართველოში პირველი შემთხვევა დადასტურდა – nostal.ge), მაინც არ ვიმყოფებით მაღალი რისკის ზონაში, თუმცა, ჩემი შეფასებით, რისკი მომატებულია, ისევე, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

კორონავირუსით მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში, დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილების – 2700-ს. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. თუმცა, მათი განცხადებით, ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.

ნინო თარხნიშვილი

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close