საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას (ვიდეო)
როტერდამში (ნიდერლანდები) ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა დასრულდა.
შემთხვევითობის პრინციპით გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ საქართველო 2020 წლის 14 მაისს, მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.
პირველ ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებენ: ჩრდილოეთ მაკედონია, ბელარუსი, ლიეტუვა, შვედეთი, სლოვენია, ავსტრალია, ირლანდია, რუსეთი, ნორვეგია, კვიპროსი, ხორვატია, აზერბაიჯანი, მალტა, ისრაელი, უკრაინა, რუმინეთი და ბელგია.
მეორე ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებენ: ავსტრია, მოლდოვა, პოლონეთი, სან მარინო, სერბეთი, ისლანდია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, დანია, ბულგარეთი, შვეიცარია, ფინეთი, სომხეთი, ლატვია, საქართველო, პორტუგალია და ალბანეთი.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის – გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.
ხმის მიცემა პირველ ნახევარფინალში შეეძლება გერმანიას, იტალიას და ნიდერლანდებს, ხოლო მეორე ნახევარფინალში – საფრანგეთს, ესპანეთს და დიდ ბრიტანეთს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს ჩატარდება.
1tv.ge
P. S. INFO: თორნიკე ყიფიანი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაშოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულია.
მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.
კომენტარები