„სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“ – ფრაგმენტები რეიმონდ მოუდის წიგნიდან
სხეულის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების ფენომენის შესწავლას ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექიმმა, მეცნიერმა და მკვლევარმა რეიმონდ მოუდიმ (RAYMOND MOODY) თითქმის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა.
გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი გახმაურებული წიგნიდან “LIFE AFTER LIFE”.
„დოქტორ მოუდის წიგნში აღწერილი კვლევები საშუალებას გვაძლევს, ბევრი ახალი რამ მოვისმინოთ და ადასტურებს იმას, რასაც ორი ათასწლეულის განმავლობაში გვასწავლიდნენ – სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არის!“ – წერს წიგნის წინასიტყვაობაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ელისაბედ კიუბლერ-როსი და მის წაკითხვას ურჩევს „ყველა გონებაგახსნილ ადამიანს“.
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. აქ https://nostal.ge/2019/12/28/raimond-moudi/)
გამოუთქმელობა
ენის გამოყენებისას ურთიერთგაგების საფუძველი საერთო ადამიანურ გამოცდილებას ეფუძნება. ეს გარემოება მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის, როდესაც ქვემოთ მოყვანილ მოვლენებს ვეხებით. ეს მოვლენები, რომლებიც იმ ადამიანებმა გამოიარეს, ვინც უშუალოდ მიუახლოვდა სიკვდილს, იმდენად შორს დგას საერთოადამიანური უნივერსალური გამოცდილებისგან, რომ მათი აღწერისას გარკვეული ენობრივი სირთულეები წარმოიშობა. ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი განიცადეს, თავიანთი გამოცდილებას ახასიათებენ, როგორც „ენით აღუწერელს“ ანუ „გამოუთქმელს“. უმეტესობა მათგანი ამბობს: „უბრალოდ არ არსებობს შესაბამისი სიტყვები, რომ გადმოვცე, რისი თქმაც მსურს“, ან „არ არსებობს ზედსართავი სახელები ისეთ აღმატებით ხარისხში, რომ გამოდგეს“. ერთმა ქალმა ძალიან ლაკონურად ასეთი რამ თქვა:
„ჩემთვის ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს ამის გადმოცემა, რადგან ყველა სიტყვა, რაც მე ვიცი, სამგანზომილებიანია. ამავდროულად, როდესაც ამას განვიცდიდი, განუწყვეტლივ თან მდევდა ფიქრი: „როდესაც გეომეტრიას გავდიოდი, გვასწავლეს, რომ მხოლოდ სამი განზომილება არსებობს და ამის ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ ეს არასწორია. უფრო მეტი რაოდენობის განზომილება არსებობს“. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამყარო, ის, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, სამგანზომილებიანია, მაგრამ სხვა სამყარო ნამდვილად არაა სამგანზომილებიანი. ამიტომაც ძალზე ძნელია მოგიყვეთ ჩემი ამბავი. მე იძულებული ვარ გამოვიყენო სამგანზომილებიანი სიტყვები. ამიტომაც ჩემი მონათხრობი არ არის მთლად ადეკვატური. სინამდვილეში, მე არ შემიძლია მოგაწოდოთ სრული სურათი“.
მოსმენის შესაძლებლობა
ბევრმა თქვა, რომ მას ესმოდა ექიმების ან სხვა დამსწრეების, როდესაც ისინი მას მკვდრად აცხადებდნენ. ერთმა ქალმა შემდეგი რამ მომიყვა:
„საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ ექიმებმა ვერ დამიდგინეს, რა მჭირდა, ამიტომ ჩემმა ექიმმა, ჯეიმსმა, მიმიყვანა რენტგენოლოგთან ღვიძლის სურათის გადასაღებად, რათა გაერკვია, რაში იყო საქმე. თავდაპირველად პრეპარატი, რომელიც ჩემს ორგანიზმში უნდა შეეყვანათ, ხელზე გამიკეთეს, რომ დაედგინათ – მექნებოდა თუ არა ალერგია ამ მედიკამენტზე. რეაქცია არ მომხდარა და ეს პრეპარატი გამიკეთეს, თუმცა წამლის მიღების შემდეგ გული გამიჩერდა. გავიგონე, როგორ მივიდა რენტგენოლოგი ტელეფონთან და ნომერი აკრიფა. მოვისმინე, რომ თქვა: „დოქტორ ჯეიმს, მე თქვენი პაციენტი, მისის მარტინი მოვკალი“, მაგრამ მე ვიცოდი, რომ არ მოვმკვდარვარ. ვცდილობდი განძრევას, რომ მათთვის ეს მეცნობებინა, მაგრამ ვერ შევძელი. როდესაც ისინი ჩემს რეანიმირებას ცდილობდნენ, მესმოდა, როგორ მსჯელობენ, თუ რამდენი კუბი რაღაც ნივთიერება უნდა შეეყვანათ, მაგრამ ნემსის ჩხვლეტა ვერ ვიგრძენი. აბსოლუტურად ვერაფერს ვგრძნობდი, როცა მეხებოდნენ“.
მეორე შემთხვევაში ქალბატონი, რომელმაც გულის შეტევა რამდენჯერმე გადაიტანა, ასეთ რამეს ჰყვება:
„უცებ ისეთი გამსჭვალავი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ჩემს მკერდს მოულოდნელად რკინის მარწუხები მოუჭირეს, ზეწოლა სულ უფრო ძლიერდებოდა. ჩემმა ქმარმა და მეგობარმა გაიგონეს, როგორ დავეცი და დასახმარებლად მოირბინეს. მე ღრმა სიბნელეში აღმოვჩნდი და თითქოს შორიდან მომესმა ჩემი მეუღლის სიტყვები: „ამჯერად ყველაფერი დამთავრდა“. მეც გავიფიქრე: „კი, ასეა“.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილად ჩათვალეს, ამბობს: „გავიგონე, რომ იქ მყოფი ერთი ქალი ამბობდა: „ის მკვდარია“, და ვიღაცამ უპასუხა: „დიახ, ის მოკვდა“.
ამ ტიპის შეტყობინებები ძალიან კარგად შეესაბამება მას, რასაც ექიმები და სხვები დამსწრეები იხსენებენ. მაგალითად, ერთმა ექიმმა მითხრა:
„ჩემს პაციენტს გული გაუჩერდა ზუსტად იმ მომენტში, როცა კიდევ ერთ ქირურგთან ერთად ოპერაციას ვიწყებდი. იმწუთას ახლოს ვიყავი და დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალის გუგები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცდილობდით მისი სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ, მეორე ექიმს მივუბრუნდი და ვუთხარი: „მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ და შემდეგ შევჩერდეთ“. ამჯერად მისმა გულმა ფეთქვა დაიწყო და ქალს ცნობიერება დაუბრუნდა. მოგვიანებით ვკითხე პაციენტს, რა ახსოვდა მისი „სიკვდილის“ შესახებ. მან მიპასუხა, რომ თითქმის არაფერი ახსოვდა, სწორედ იმ ჩემი სიტყვების გარდა – „მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ და შემდეგ შევჩერდეთ“.
სიმშვიდისა და შვების გრძნობა
ბევრი ადამიანი აღწერს გამორჩეულად სასიამოვნო შეგრძნებებს და გრძნობებს საკუთარი გამოცდილების პირველ ეტაპზე. სერიოზული ტრავმის შემდეგ ერთმა ადამიანმა სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ აჩვენა. ის ჰყვება:
„ტრავმის დროს უეცარი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ შემდეგ ის გაქრა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბნელ სივრცეში ჰაერში დავფარფატებდი. ძალიან ცივი დღე იყო, თუმცა ამ სიბნელეში ყოფნის დროს ისეთ სითბოსა და სიამოვნებას განვიცდიდი, როგორიც არასდროს მიგრძვნია. მახსოვს, რომ გავიფიქრე კიდეც: „ალბათ მოვკვდი“.
ქალი, რომელსაც გულის შეტევის შემდეგ სიცოცხლე დაუბრუნეს, გვიამბობს:
„სრულიად უჩვეულო შეგრძნებები მქონდა. ვერაფერს ვგრძნობდი სიმშვიდის, სიმსუბუქისა და მოსვენების გარდა. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყველა წუხილი გაქრა და საკუთარ თავზე ვფიქრობდი: „რა მშვიდად და კარგად ვარ და არც ტკივილები მაწუხებს“.
კიდევ ერთი ადამიანი იხსენებს:
„უბრალოდ, მარტოობისა და სიმშვიდის შესანიშნავი შეგრძნება დამეუფლა… ეს მშვენიერი იყო. ჩემს სულში საოცარი შვების გრძნობა გაჩნდა“.
ადამიანი, რომელიც ვიეტნამში მიღებული ჭრილობისგან „გარდაიცვალა“, ჰყვება, რომ დაჭრისას მან „დიდი შვება“ განიცადა. „ტკივილი საერთოდ არ მქონია და არასდროს მიგრძვნია თავი ასე თავისუფლად. მსუბუქად და კარგად ვგრძნობდი თავს“.
ხმაური
მრავალ შეტყობინებაში ნახსენებია სხვადასხვა სახის სმენითი შეგრძნებები სიკვდილის მომენტში ან მის წინ. ზოგჯერ ისინი ძალიან უსიამოვნოა. აი, ამბავი ადამიანისა, რომელიც მუცლის ოპერაციის დროს 20 წუთის განმავლობაში „მკვდარი“ იყო. „ძალიან არასასიამოვნო ზუზუნის ხმა ჩამესმოდა, თითქოს ჩემი თავიდან ისმოდა. ეს ხმა ძალიან მაღიზიანებდა… ის არასოდეს დამავიწყდება“. კიდევ ერთი ქალი ამბობს, რომ როდესაც ცნობიერება დაკარგა, გაიგონა „ხმამაღალი ზარის ხმა; ის შეიძლება აღვწერო, როგორც ზუზუნი. და მე თითქოს მბრუნავ მდგომარეობაში ვიყავი“. ისიც მომისმენია, თუ როგორც ახასიათებდნენ ამ უსიამოვნო შეგრძნებას, როგორც „ხმამაღალ მიჯახუნებას, ღრიალს, დარტყმას და, აგრეთვე, როგორც სტვენის მსგავს ხმას, რომელსაც ქარი გამოსცემს”.
სხვა შემთხვევებში უფრო მუსიკალურად სასიამოვნო სმენით ეფექტებს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ადამიანი, რომელიც მკვდრად გამოცხადდა, მაგრამ შემდეგ რეანიმაცია ჩაუტარდა და გაცოცხლდა, ჰყვებოდა, რომ სიკვდილისწინა გამოცდილებისას იგი შემდეგ შეგრძნებებს განიცდიდა: „სადღაც შორიდან ზარის მსგავსი ხმა მესმოდა, რომელიც თითქოს ქარს მოჰქონდა. ის იაპონური ქარის ზანზალაკების ჟღერადობას წააგავდა… ეს იყო ერთადერთი ხმა, რომელიც იმ მომენტში მესმოდა“.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც თითქმის გარდაიცვალა შინაგანი სისხლდენის გამო, რომელიც სისხლის შედედების დარღვევამ გამოიწვია, ამბობს, რომ კოლაფსის დროს მას მუსიკა ესმოდა. „ბრწყინვალე, მართლაც შესანიშნავი მუსიკა“.
ბნელი გვირაბი
ხშირად, ხმოვანი ეფექტის პარალელურად, ადამიანი გრძნობს, რომ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობს რაღაც ბნელ სივრცეში. მრავალი განსხვავებული გამოთქმა გამოიყენება ამ სივრცის აღსაწერად. მე მომისმენია, რომ მას უწოდებდნენ: გამოქვაბულს, ჭას, რაღაც დახურულ სივრცეს, გვირაბს, ბუხრის საკვამურს, ვაკუუმს, სიცარიელეს, ველს, ცილინდრს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამ შემთხვევაში სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებენ, ცხადია, რომ ისინი ყველანი ერთი და იმავე აზრის გამოხატვას ცდილობენ. მოდით, განვიხილოთ ორი ამბავი, რომლებშიც გვირაბის იდეა მკაფიოდაა გამოხატული.
„ეს მაშინ დამემართა, როცა 9 წლის ბიჭი ვიყავი, ოცდაშვიდი წლის წინ, მაგრამ იმდენად გასაოცარი იყო, რომ არასდროს დამავიწყდება. ერთხელ ძალიან ავად გავხდი და სასწრაფოდ გადამიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში. ექიმებს ნარკოზი უნდა გაეკეთებინათ, რატომ – არ ვიცი, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. მაშინ ეთერს იყენებდნენ. მათ ცხვირზე ტამპონი მომადეს და ამის შემდეგ, როგორც მოგვიანებით მითხრეს, ჩემი გულისცემა შეწყდა. იმ მომენტში არ ვიცოდი, რა დამემართა, მაგრამ გარკვეული შეგრძნებები მქონდა. პირველი, რაც გავიგონე – ზარის ხმა იყო, ძალიან რიტმული, ამის მსგავსი: ბრრრრ-ნნნნგ-ბრრრინგ-ბრრრრნნნგ. შემდეგ ვმოძრაობდი გრძელ ბნელ სივრცეში. ის კანალიზაციის მილის მსგავსი იყო ან რაიმე ამდაგვარი. მე უბრალოდ ვერ გადმოვცემ. მე ვმოძრაობდი და განუწყვეტლივ ჩამესმოდა ამ ზარის ხმა“.
სხვა ადამიანი ჰყვება:
„ძლიერი ალერგიული რეაქცია მქონდა ადგილობრივ ანესთეზიაზე და სუნთქვა შემიჩერდა. პირველი რაც მოხდა – და ეს მართლაც დაუყოვნებლივ მოხდა – ვიგრძენი, რომ ბნელ, შავ ვაკუუმში მივქრივარ გარკვეული სისწრაფით. ვფიქრობ, შეიძლება ეს სივრცე გვირაბს შევადარო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამერიკული მთების ატრაქციონზე თავქვე ვეშვებოდი…“
მძიმე ავადმყოფობის დროს ადამიანი იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, რომ მისი გუგები გაფართოვდა და სხეულმა გაცივება დაიწყო. ის ჰყვება:
„უკიდურესად მუქ შავ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ძალიან რთულია ახსნა, მაგრამ ვგრძნობდი, თითქოს ვაკუუმში გავდიოდი, წყვდიადში, თუმცა ყველაფერს აღვიქვამდი. თითქოს ცილინდრში ვიყავი, რომელშიც ჰაერი არ იყო. უცნაური შეგრძნება იყო: სანახევროდ აქ ვიყავი, სანახევროდ – სადღაც სხვაგან“.
ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე „გარდაიცვალა“დამწვრობისა და დაცემის შემდგომი დაზიანებებისგან, ამბობს: „დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში კომაში ვიყავი და ამ დროს მოულოდნელად ბნელ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იქ დიდხანს ვიყავი, უბრალოდ, სივრცეში დავფარფატებდი და ვტრიალებდი. იმდენად ვიყავი ამ სიცარიელით შეპყრობილი, რომ უბრალოდ სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი“.
ერთ კაცს, თავისი სიკვდილისწინა გამოცდილების მიღებამდე, ბავშვობაში თურმე სიბნელის ეშინოდა. შემდეგ, დიდობაში, ველოსიპედით სეირნობისას ავარიაში მოყვა, შინაგანი დაზიანებები მიიღო და გული გაუჩერდა. მან შემდეგი რამ გაიხსენა:
„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღრმა, ძალიან ბნელ ხეობაში ვმოძრაობდი. სიბნელე იმდენად ღრმა იყო, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ეს იყო ყველაზე მშვენიერი, საფრთხის შეგრძნებისგან თავისუფალი მდგომარეობა, რომელიც კი ოდესმე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ“.
სხვა შემთხვევაში ქალმა, რომელსაც პერიტონიტი დაემართა, განაცხადა: „ექიმმა უკვე დაურეკა ჩემს და-ძმას, რომ მათ უკანასკნელად ვენახე. ექთანმა ინიექცია გამიკეთა, რომ ჩემთვის სიკვდილი შეემსუბუქებინა. საავადმყოფოს პალატაში ნივთები თითქოს სულ უფრო და უფრო მშორდებოდა. როდესაც ისინი გაქრნენ, თავით წინ შევედი ვიწრო და ძალიან ბნელ დერეფანში. ის თითქოს ზუსტად ჩემი ზომის იყო. ქვემოთ და ქვემოთ დავიწყე სრიალი“.
ქალმა, რომელიც სიკვდილთან ახლოს იყო, შედარება სატელევიზიო გადაცემისგან ისესხა: „სიმშვიდისა და შვების შეგრძნება მქონდა, საერთოდ აღარაფრის მეშინოდა და აღმოვაჩინე, რომ გვირაბში ვიმყოფები, რომელიც კონცენტრული კუთხეებისგან შედგება. დიდი ხანი არ იყო გასული ამ ამბის შემდეგ, რომ სატელევიზიო გადაცემას ვუყურე, სახელწოდებით The Time Tunnel (დროის გვირაბი), რომელშიც ადამიანები წარსულში სპირალური გვირაბით ბრუნდებოდნენ. ასე რომ, ეს არის ყველაზე მიახლოებული შედარება, რომლის მოძებნაც შემიძლია“.
სიკვდილის პირას მდგარმა კიდევ ერთმა ადამიანმა გამოიყენა შედარება, რომელიც მის რელიგიურ რწმენას ეფუძნებოდა. იგი ამბობს:
„უცებ აღმოვჩნდი ძალიან ბნელ, ძალიან ღრმა ხეობაში. ისე ჩანდა, რომ იქ იყო ბილიკი და მე ამ ბილიკით მივდიოდი… მოგვიანებით, როდესაც გამოვჯანმრთელდი, გავიფიქრე, რომ სადაც მე ვიყავი, ეს იყო ბიბლიაში ნახსენები „შავეთის ველი“ (ფს. 22)“…
თარგმნა თამარ ქავჟარაძემ
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები