ორი სამშობლო ერთი ცის ქვეშ
დაახლოებით 300 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში. შემთხვევითობის ან ბედის დახმარებით, მე და გიულგიუნ მამედხანოვა ერთ საგანსა და საპრეზენტაციო ჯგუფში მოვხვდით. ჩვენით უნდა შეგვეკრიბა ჯგუფი, სიაში ვეწერებოდით, როცა უცხო გოგონას ხმა გავიგეთ: „შეიძლება თქვენთან ერთად ვიყო?”
უჩვეულო ქართულით საუბრობდა, ეტყობოდა, რომ ჯერ კარგად ფიქრობდა და შემდეგ ამბობდა სიტყვებს, თან მოუთმენლად ელოდა პასუხს. როგორ შეიძლებოდა უარის თქმა გოგოსთვის, რომელმაც ამდენ უცხო სახეში აგვარჩია, თავისიანად მიგვიღო და თურმე ქართულად საუბრის შიში, ვაიდა, ვერ გამიგონო, ჩვენთან დაძლია.
პრეზენტაციაზე ნერვიულობდა, ლექტორისთვისაც მოუბოდიშებია, ცუდად ვმეტყველებო. გვიან გავიგე ეს და ცოტა გავბრაზდი. არა, მაინც რა ჰქონდა საბოდიშო?! ჯგუფში ყველაზე განსაკუთრებული იყო საუბრით, სიხალასითა თუ სიმორცხვით. ვუყურებდით და გვიკვირდა, როგორი ძლიერი იყო, რამდენი იშრომა.
საგნის შემდეგ ჩვენი გზები თსუ-ს სხვადასხვა კორპუსის დერეფნებში იკვეთებოდა. ყველა შეხვედრისას მაკვირვებდა. ძალიან მიყვარხარო, მითხრა ერთხელ. კარგა ხანს გამყვა ეს ემოცია, ალბათ არც კი იცის, როგორ გამილამაზა ერთი, თითქოს არაფრით გამორჩეული დღე.
კარგი, ვაღიარებ, არც შემთხვევითობისა და არც ბედის ბრალი არ არის გიულგიუნისა და ჩემი შეხვედრა. „ქართული ცუდად ვიცოდი და ეს დიდ პრობლემას მიქმნიდა. არც ის ვიცოდი, რა მიმართულებაზე მესწავლა, ან რომელ უნივერსიტეტში. რა გზას დავდგომოდი? ამ დროს სოფელში ჩვენი სკოლა დამთავრებული და თსუ-ს სტუდენტი გოგო დაბრუნდა, რომელმაც ბევრი კარგი რამ მითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის შესახებ, სწორედ მისი რჩევა გახდა გზის მიმართულება“. როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, ყველაფერი ჩემთვის უცნობი გოგოს დამსახურებაა.
უნივერსიტეტში სწავლის პირველ დღეებში ყველა სტუდენტს ერთი საფიქრალი გვაქვს: უცხო გარემო, ადამიანები და გაურკვეველი მომავალი, თუმცა გიულგიუნის სიტყვებმა: „რთული იყო უნივერსიტეტსა და ახალ ადამიანებთან შეგუება. 12 წელი ვიცხოვრე სოფელში და სულ ერთი-ორჯერ ვიყავი თბილისში ნამყოფი. უცებ უცხო გარემოში მოვხვდი, მიუჩვეველი ვიყავი სიახლეებს. ჩაკეტილი ვიყავი და მაკომპლექსებდა ეს ყველაფერი. მინდოდა სოფელში, ოჯახთან დაბრუნება, თუმცა თუ სწავლა მინდოდა, უნდა მებრძოლა“, – პირველად დამაფიქრა იმაზე, რომ ჩვენ გარშემო უამრავი სტუდენტია, რომლებიც ამ გზას უფრო რთულად გადიან და ჩვენი უბრალო გამოლაპარაკებითა თუ ღიმილით შეგვიძლია ერთად დავძლიოთ სირთულეები, ვასწავლოთ და ვისწავლოთ სიახლეებთან შეგუება.
რა არის ყველაზე დიდი სირთულე?
უცხო სახეები, ლექტორები, სტუდენტები, შენობები, აუდიტორიები, რომლებსაც, სულ თვალწინაც რომ გვქონდეს, მაინც ვერ ვაგნებთ. წარმოიდგნეთ, ამასთან ერთად ენის ბარიერიც რომ აღიმართოს ჩვენ წინ! „ყველაზე დიდი სირთულე მაინც ქართული ენაა. დღესაც ლექციის ნახევარი მესმის, ნახევარი არა, რადგან ძალიან სწრაფად ლაპარაკობენ. უფრო მეტად კი ლაპარაკი და სათქმელის გადმოცემა მიჭირს“, – ამბობს გიულგიუნი. ჩვენ გაფიქრებაც გვერთულა, ის კი ყოველდღიურად ეპაექრება ამ დაბრკოლებას და დღითიდღე უფრო წარმატებით ლახავს.
თავისუფალი დრო ფუფუნებაა, ისიც ვიცით, რომ ოქროს ფასი აქვს. მისი სწორად გამოყენება აუცილებელია, თუმცა რთული. გიულგიუნ მამედხანოვა ის გამონაკლისია, რომელიც დროის სწორად ხარჯვის მაგალითია. თავისუფალ დროს ბლოგებს წერს სხვადასხვა საიტზე, მოყვარული ჟურნალისტია და არც რეჟისორის პროფესიის შეთავსება უჭირს. მისი თქმით, დამწყები რეჟისორია, ძირითადად, ქალების უფლებების შესახებ იღებს ფილმებს, კითხულობს ქართულ წიგნებს, რათა უკეთ ისწავლოს ენა. ორი სამშობლო აქვს ერთი ცის ქვეშ, ორივე თანაბრად უყვარს და ალბათ ეს არის მისი წარმატების მთავარი გასაღები.
„ჩვენს ერებს შორის ენისა და რელიგიის გარდა სხვა დიდი განსხვავება არ არის. ორივე ერი სტუმართმოყვარე და მებრძოლია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ვიტყოდი, რომ სული და გული ერთგვარი გვაქვს“, – ამბობს გიულგიუნი და ალბათ სულისა და გულის ერთობას ვერანაირი ენისა თუ სიახლის შიში ვერ აჯობებს.
ისევე, როგორც ყველა ხალხს, აზერბაიჯანელებსაც უყვართ ახალი წელი, ამიტომაც თითოეული ოჯახი განსაკუთრებულად ემზადება ამ დღესასწაულისთვის. გიულგიუნი სწავლის გამო სამზადისს გვიან შეუერთდება, ახალ წელს სოფელში წავა, დედა ტოლმას გააკეთებს, დააცხობს, სუფრა სავსე იქნება სხვადასხვა ტრადიციული საკვებით: ფლავით, ქათმის კერძებით, სალათებითა და ლიავიანგით (წიწილის ან თევზის კერძი). ალბათ ნაძვის ხე უკვე მორთული დახვდება და თუ ის საჩუქრად ჩიჩილაკს წაიღებს, აღარავის გაუკვირდება.
„ერთხელ ტრადიციული ჩიჩილაკი ვიყიდე და სოფელში წავიღე. ვერაფრით გავაგებინე ოჯახს, რომ ეს ქართული ნაძვის ხე იყო. გაკვირვებულები უყურებდნენ და არ მიჯერებდნენ“, – იხსენებს გიულგიუნი, თუმცა ჩიჩილაკის ნაცვლად გაჩეჩილ ნაძვის ხეს ეძახის.
ახალ წელს თბილისში გარეთ გავდივართ, სხვადასხვა კონცერტს ვესწრებით, მორთულ ქალაქს ფოტოებში ვამწყვდევთ მომავალ წლამდე და შესაძლოა სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ავითვალოთ წლის ბოლო წამები. მათთან სოფელში კი დღესასწაული სახლის სივრცეშია ჩაკეტილი, დროს სახლში ატარებენ, რა თქმა უნდა, სტუმრად დადიან ერთმანეთთან, თუმცა თითქოს მათ ახალი წელი სოფელში კი არა, ჭიშკრის მიღმა, სახლებში სტუმრობს.
და მაინც რას ნიშნავს გიულგიუნისთვის ახალი წელი?
საოცრებას, ზრდასრულობისა და ბავშვობის ხიდს; როგორც ჩვენ ყველას, მასაც უყვარს ახალი წელი, სჯერა საოცრებებისა და თოვლის ბაბუის. და ვინ იცის, იქნებ ჩვენში, ყველაში ცხოვრობს თოვლის ბაბუა, ბებია ან ვინმე სხვა?
ყველა ადამიანშია თავისი წილი საოცრება…
ნათია მიხელიძე
კომენტარები