ნინი წიკლაურის წარმატებული კარიერა ამერიკაში და გამხელილი საიდუმლო
„ყველაზე მეტად არ მიყვარს მსმენელის იმედგაცრუება და ამიტომ სულ თავს ვიკავებ, რომ წინასწარ ვთქვა რაიმე, მაგრამ ახლა ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი ახალი ნამუშევრები მალე იხილავს დღის სინათლეს. აქედან რამდენიმე საბავშვო სიმღერაა, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა – მათ ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვები შეასრულებენ“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც უკვე სამი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ნინი აშშ-ში, ნიუ-იორკში ოჯახთან ერთადაა, წარმატებით აუწყო ფეხი იქაურ რიტმს, მომღერლობასთან ერთად პედაგოგიური საქმიანობაც მშვენივრად შეითავსა და ბავშვებს, რომლებიც მშობლიური საქართველოდან შორს იზრდებიან, ქართულ კულტურასა და სიმღერას აზიარებს, რათა „არ დაივიწყონ, სადაა მათი ფესვები“.
რა სიახლეებია ნინი წიკლაურის პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში, ემიგრანტობა რა არის მისთვის, რამდენად უკავშირდება წარმატებული მომღერლის სამომავლო გეგმები მშობლიურ ქვეყანას და რა საიდუმლოს გვიმხელს (ნაწილობრივ), – მკითხველი ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობს.
ნინი, მოდით საუბარი თქვენს ცხოვრებაში არსებული დღევანდელი მდგომარეობით დავიწყოთ: მეორე ბავშვს ელოდებით და შემოქმედებით ცხოვრებასაც აქტიურად აგრძელებთ – ახლახან ამერიკაში „თბილისობაც“ მიგყავდათ…
ამერიკაში უკვე სამი წელია ვიმყოფები და ამ სამ წელიწადში არაერთი კარიერული თუ ოჯახური ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მომღერლის კარიერას აქტიურად ვაგრძელებ, უფრო მეტი შემართებით და მეტი მონდომებით, ვინაიდან უცხო ქვეყანაში ვარ და ჩემს ქართულ საქმეს ვაკეთებ. ხშირად მაქვს კონცერტები სხვადასხვა შტატში, რომლებიც დიდი წარმატებებით მიმდინარეობას, უამრავი ადამიანი ესწრება, ქართველები თუ ამერიკელები, და არ იშურებენ კომპლიმენტებს. ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა. ასევე უკვე ჩვეულებად იქცა, რომ ყველა დახურულ თუ ღია ღონისძიებაზე ამერიკისა და საქართველოს ჰიმნებს ვასრულებ. ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ჰიმნები შევასრულე, წმინდა სინოდის წევრებისა და პატრიარქის მოსაყდრის სტუმრობა იყო შტატებში, რამაც შესანიშნავად ჩაიარა. ყველაზე ამაყი იმ დროს ვარ, როცა ჩემთვის ორი საყვარელი ქვეყნის მთავარ ჰიმნს ვასრულებ. ხუმრობით ჩემი მეგობრები „ჰიმნების გოგოსაც“ მეძახიან…
აქვე მინდა ხაზგასმით გამოვყო „თბილისობის“ წლევანდელი მრავალრიცხოვანი ღონისძიება, რომელიც ქართული კულტურის ცენტრ „ფესვების“ და, კერძოდ, შორენა ბარბაქაძისა და ვანო გოდერძიშვილის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრო და სრული ანშლაგით ჩაიარა. გარდა იმისა, რომ ვმღეროდი, როგორც თავად აღნიშნეთ, ამ ღონისძიებას ვუძღვებოდი კიდეც წამყვანის ამპლუაში, ორსულ მდგომარეობაში. 🙂 … აქვე დავძენ, რომ ეს ჩემი მეორე ორსულობაა. ყველა მეკითხებოდა, როგორ ვახერხებდი ამხელა კონცერტის წაყვანას, მაგრამ პასუხი მარტივია – როცა შენი საქმე, შენი სფერო გიყვარს, ყველაფერს ადვილად აკეთებ და უძღვები.
ასევე, საკმაოდ დიდი ღონისძიება „რთველი“, იგივე „ღვინის ფესტივალი“, გაიმართა ფილადელფიაში, სადაც ამერიკისა და საქართველოს ჰიმნებთან ერთად, ჩემი ცოცხალი ბენდის თანხლებით ჩავატარე კონცერტი. ღონისძიების წარმდგენი და ორგანიზატორი გახლდათ ახალგაზრდა ელჩი ტატო ოქრუაშვილი, რომელმაც მართლა წარმოუდგენლად მაგარ და საინტერესო ღონისძიებას ჩაუყარა საფუძველი. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას მუსიკალურად მთლიანად მე ვაფორმებდი.
თქვენი პირველი შვილი – საბა რა ხნისაა? დედასავით სიმღერის ნიჭით ხომ არ გამოირჩევა ბავშვობიდანვე? მომავალი ქართველი მომღერალი ხომ არ იზრდება ამერიკაში?
საბას უკვე ორწლინახევრისაა. თვეების რომ იყო, ჯერ კიდევ მაშინ შევნიშნე განსაკუთრებული სმენა და რიტმის შეგრძნება. ეს დაუჯერებელია, მაგრამ პროფესიონალები იტყვიან ხოლმე, ადამიანს დაბადებიდან ეტყობა, გამოვა მისგან მუსიკოსი თუ არაო. ცხადია, არ ვიცი ჩემი შვილები სამომავლოდ რა პროფესიას აირჩევენ და რისი ნიჭი განუვითარდებათ, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ რომელიმე პროფესიონალურ დონეზე იმღერებს, ან დაუკრავს…
მუსიკა ჩემი სტიქიაა და სახლშიც სულ ვუკრავ ან ვმღერი, შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება, რომელიმე ჩემს კვალზე წავიდეს. თან ამერიკა მეტი გაქანების ქვეყანაა ამ სფეროში, რაც საქართველოში ნაკლებადაა. აქ მეტი შანსია, იყო ვარსკვლავი, დაფასებული ვარსკვლავი, მით უმეტეს, როცა აქ იბადები და, ფაქტობრივად, დაბადებიდან ერთვები მუსიკალურ სფეროში.
ჩემს შემთხვევაში ძალიან რთული იყო აქ თავის დამკვიდრება და ახლაც ვთვლი, რომ რთულია. მე შემდგარი და საკმაოდ დაფასებული მომღერალი ჩამოვედი საქართველიდან სრულიად უცხო მიწაზე და ამან ბევრად გაართულა აქ ყოფა მაშინ, როცა საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდრო. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, რა უნდა მემღერა, რა მუსიკა მეკეთებინა. ვაკეთებ ისევ ჩემს ქართულს, რაც მომწონს, რაც ჩემია და რაზეც სისხლი მიდუღს. ვმღერი ქართულად, რაც ძალიან მოსწონთ ამერიკელებს. არ არსებობს, სადმე ღონისძიებაზე ვმღეროდე ქართულ სიმღერას და არ მოვიდნენ ამერიკელები გაოცებული და აღფრთოვანებული სახეებით და არ აღნიშნონ, თუ რა კარგია, როცა ვაცნობ ჩემს კულტურას და ვუზიარებ მათაც. მათთვის სიახლეები ყველაზე დიდი გამოწვევაა.
მეუღლე ალბათ ძალიან გეხმარებათ…
რომ არა ჩემი მეუღლე, ამდენს ვერ შევძლებდი როგორც ოჯახში, ასევე სცენაზე. თემო (ტუღუში -რედ.) ძალიან მიწყობს ხელს ყველაფერში. ჩვენ ერთად გავიარეთ ყველა სირთულე, ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება, როცა ორივე შემდგარი ადამიანები ვიყავით ჩვენს სფეროებში. ბავშვს რაც შეეხება, ყველაფერი ერთად ვისწავლეთ და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სრულყოფილი და სრულფასოვანი ოჯახი გვაქვს. მალე ორი შვილის მშობლები გავხდებით და ეს ცალკე სიმდიდრეა. როგორც აღვნიშნე, აქაურ კარიერულ საქმიანობაშიც ძალიან მიწყობს ხელს. ხშირად კონცერტების დროს ბავშვთან რჩება, ან ბავშვთან ერთად მომყვება და ესწრება ჩემს გამოსვლებს. ჩემთვის ყოველთვის ძალიან ემოციურია, როცა ჩემი ოჯახი ესწრება კონცერტს.
ნინი, ადვილი არ არის უცხო ქვეყანაში, მით უმეტეს, ამერიკაში თავი დაიმკვიდრო და ეს თავადაც აღნიშნეთ, მაგრამ მაინც – რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რისი გადალახვაც მოგიხდათ პირველ ეტაპზე, რა გაძლევდათ სტიმულს?
ყველაზე დიდი სირთულე იყო შეგუება ახალ გარემოსთან, წესებთან, ჩვეულებებთან, ადამიანებთან და სამეგობროსთან. მაგრამ ვთვლი, რომ სწორი სვლა გავაკეთე, როცა აქ ჩამოვედი და დავიწყე ჩემი კარიერის შენება და გაგრძელება.
ამერიკა უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც ყოველწამს შესაძლებლობა გეძლევა, შენი ნიჭი წარმოაჩინო და მეტს მიაღწიო. მუსიკალურად იმდენად გაფართოებს, რომ საზღვრები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ყოველდღე რაღაც ახალს იძენ. რაც აქ ვარ, უკვე რამდენიმე სიმღერა დავწერე, რომლებსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ვნახოთ, მე რეალისტი ადამიანი ვარ, ვოცნებობ, მაგრამ რეალობასთან ახლოს… ყოველთვის ვაანონსებ იმას, რაც უკვე გამოსულია. ყველაზე მეტად არ მიყვარს მსმენელის იმედგაცრუება და ამიტომ სულ თავს ვიკავებ, რომ წინასწარ ვთქვა რაიმე, მაგრამ ახლა ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი ახალი ნამუშევრები მალე იხილავს დღის სინათლეს. აქედან რამდენიმე საბავშვო სიმღერაა, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა – მათ ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვები შეასრულებენ.
უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ და იქაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, დიდი გამართლებაა ალბათ…
ნამდვილად. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება ხელგაშლილი დამხვდა ამერიკაში – მათთვის უკვე კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი ჩამოვედი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დრო არ დამიკარგავს მათთვის თავის გასაცნობად და ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს წინსვლაში. ჩემს პირველ კონცერტზე უამრავი ადამიანი მოვიდა და საათობით მიხუტებდნენ გულში. ერთ დღეს ქუჩაში სრულიად მოულოდნელად დამიძახა შუახნის ქალბატონმა, ჩქარი ნაბიჯით გამოეშურა ჩემკენ და საკუთარი დედასავით ჩამეხუტა, მეფერა ბევრი და მითხრა, რომ ჩემ მიერ შესრულებულ „ციცინათელას“ და „ჰერიო, ბიჭებოს“ უსმენს სულ. მერწმუნეთ, იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს მუსიკოსისთვის, როცა ადამიანებს მოსწონთ შენი შემოქმედება.
სიმღერასთან ერთად, როგორც ვიცი, თქვენი ვოკალური სტუდია „ციცინათელა“ გაქვთ ამერიკაში. პედაგოგიური მოღვაწეობა ამერიკაში დაიწყეთ? რა რეპერტუარი გაქვთ?
რაც შეეხება სტუდიას, ამაზე უამრავი შემიძლია ვისაუბრო. დავიწყებ იმით, რომ ჩემი ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კონტრაქტი გავაფორმე ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებთან“, რომელთან ერთადაც ვატარებ ათობით კონცერტს, მასტერკლასებს, შეხვედრებს ქართველ და არა მარტო ქართველ ემიგრანტებთან. სტუდია „ციცინათელაც“ „ფესვების“ ბაზაზე ჩამოვაყალიბეთ სპეციალურად ნიჭიერი ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი აქვთ. მე გახლავართ სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი და ვოკალისტი. ბავშვებთან ვმუშაობ მასტერკლასების მეთოდით. ვუდგენ რეპერტუარს, რომლის 90% ქართულია, ვინაიდან სტუდიაში, ძირითადად, ქართველი ბავშვები სწავლობენ. ზოგი მათგანი ვერც საუბრობს გამართულად ქართულად, სამაგიეროდ მღერიან თავიანთ მშობლიურ ენაზე.
ძირითადად, ძველ ქართველ კლასიკოსებს ვეხები, თავისი ისტორიებით, რადგან ვთვლი, რომ ყველა მომღერალმა, ვინც ამა თუ იმ კომპოზიტორის სიმღერას ასრულებს, უნდა იცოდეს სიმღერის ისტორია, ვინ დაწერა და რა სიტუაციაში. ეს დიდ გავლენას ახდენს შემსრულებელზე, თუ როგორ წარადგენს სიმღერას. საშემსრულებლი ხელოვნებაც ზუსტად ესაა, როცა სიმღერით გადმოსცემ კომპოზიტორის ნება-სურვილს და ჩანაფიქრს.
დამეთანხმებით, რომ ქართული სიმღერა საკმაოდ რთული შესასრულებელია როგორც უფროსების, ისე პატარებისთვის. მისი ჰარმონია და მელოდია მსოფლიოში ყველა მუსიკისგან განსხვავებულია და როდესაც მსმენელები მოდიან სტუდიის კონცერტებზე, ემოციებს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, თუ როგორ შეიძლება შეასრულოს ბავშვმა ქართული სიმღერა ასე კარგად, როცა ის გამართულადაც ვერ საუბრობს ქართულად. ზუსტად ამაში მდგომარეობს ჩემი მუშაობის ტაქტიკაც. ვუნერგავ და ვამუშავებ ბავშვებს ისე, რომ არ დაივიწყონ, სადაა მათი ფესვები. ამის საშუალება კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული კულტურის ცენტრმა „ფესვებმა“ მომცა. უღრმესი მადლობა შორენა ბარბაქაძესა და ვანო გოდერძიშვილს, ეს ხალხი ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებს ამხელა ამერიკაში და მოხარული ვარ, რომ მათი ნაწილი ვარ მეც.
ქართულ შოუბიზნესზე რას იტყოდით შორიდან?
ქართული შოუბიზნესი ჩემი სახლია, სადაც ფეხი ავიდგი და სიარული ვისწავლე. განსაკუთრებულად მიყვარს ყველა ჩემი კოლეგა და თითოეულის შემოქმედება. აქედან უფრო დავაფასე ჩვენი მუსიკალური ყოფა და შესაძლებლობები. როგორ რთულ გარემოში გვიწევდა კარიერის კეთება, მუსიკის წერა… ეს არაა მარტივი. რთულია, ქვეყანამ, რომელსაც ძალიან უჭირს, დაბალია შემოსავალი და ანაზღაურება, შეინახოს ამდენი მომღერალ-მუსიკოსი. ჩვენ მუდამ ერთმანეთს ვეხმარებოდით და ასე ვაშენეთ ერთი პატარა ქვეყნის დიდი შოუბიზნესი. საქართველოში ამის შემჩნევა რთული იყო, მაგრამ აქაური გადმოსახედიდან ვხვდები, რამდენი და რამხელა ომი გვაქვს მოგებული მომღერლებს, მუსიკოსებს…
ამერიკაში ცხოვრებისას რაიმე საერთოს პოულობთ საქართველოსთან?
მგონია, რომ საერთო არაფერი გვაქვს… საქართველოში ძალიან რთულია მუსიკოსის და მომღერლის ცხოვრება, თუნდაც იმიტომ, რომ მუსიკოსის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, აქ – შედარებით მარტივი. საქართველო რეალურად პატარა ქვეყანაა და გასაქანი არ გაქვს, მიაღწევ რაღაც ეტაპს და ჩერდები, იმიტომ რომ მეტს ფიზიკურად ვეღარ გააკეთებ, აქ კი სრული უსასრულობაა. უსასრულოდ შეიძლება შენი შესაძლებლობები გამოიყენო და დაგიფასდეს, რაც საქართველოში წარმოუდგენელია. უჭირს ქვეყანას, უჭირს ყველას და, შესაბამისად, რთულია მუსიკით თავის რჩენა. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველომ დამაფასა ჩემი მანდ ყოფნის დროს, დააფასა ჩემი ყველა გამოსვლა, ყველა ნაბიჯი, ყველა ბგერა. საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე სასიმღერო კარიერა და, ფაქტობრივად, ტელეეკრანებზე გავიზარდე, ამიტომ მე არ გამოვქცეულვარ საქართველოდან, პირიქით, დროებით წამოვედი, რათა ჩვენი კულტურა და შესაძლებლობები და, რაც მთავარია, ჩემი პატარა, გაჭირვებული საქართველო, სადაც ყოველი მესამე ზებუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, გავაცნო სხვა ქვეყანას.
ადგილობრივებმა თუ იციან რაიმე საქართველოს შესახებ? რა მოსწონთ ქართველების, ქართული კულტურის?
ბევრმა იცის, საიდან მოვდივარ, ბევრიც მეკითხება, ჯორჯიის შტატიდან ხომ არ ვარ? 🙂 მაგრამ ვუხსნი, რომ უზარმაზარ დედამიწაზე არსებობს ერთი ციდა ქვეყანა, საქართველო; ვუხსნი, რომ საუკეთესო კერძები გვაქვს, საუკეთესო კომპოზიტორები, მუსიკოსები, შემსრულებლები, მოცეკვავეები გვყავს, მათ შორის, მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელებული ლეგენდარული გია ყანჩელი და კიდევ მრავალი ასეთი ადამიანი; გვაქვს ულამაზესი და ბუნებისგან შექმნილი ტყე-პარკები. ყველაფერი ბუნებრივია და არაფერია ხელოვნური; ვუხსნი, რომ მარიამის წილხვედრი ქვეყანაა და ათასჯერ აოხრებული, მაინც ფეხზე დგას.
სხვათა შორის, საფირმო ხაჭაპური და ხინკალი აქაც ძალიან ცნობილი და პოპულარულია. მოსწონთ ის, რომ აქაც ჩვენსას, ქართულს ვაკეთებ და არ ვეპოტინები სხვის კულტურას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს ამერიკული ცნობილი ჰიტების შესრულება.
თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს თუ უკავშირდება?
ცხადია, უკავშირდება. ძალიან მალე ჩავალ საქართველოში და ჩავწერ რამდენიმე სიმღერას, რომელზეც ვიდეორგოლებს გადავიღებ. ასევე ჩაფიქრებული მაქვს საქველმოქმედო ფონდის დაარსება გაჭირვებული, ნიჭიერი მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება, ფართო მასების წინაშე გამოიტანონ თავიანთი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ასეთები საქართველოში ათობით არიან, რაც გულდასაწყვეტია.
აქვე გეტყვით, რომ შემოთავაზება მქონდა ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში მუსიკალური ხელმძღვანელი და, ამავდროულად, ჟიურის წევრი ვყოფილიყავი, მაგრამ ორსულობის გამო ვერ მოხერხდა ჩემი საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა პროდიუსერებს პირობა მივეცი, რომ მომავალ წელს აუცილებლად შევითავსებ შემოთავაზებულ „თანამდებობებს“. როგორც მოგეხსენებათ, აქ, ამერიკაში ხშირად ვარ დიდი კონკურსებისა და ფესტივალების ჟიურის უცვლელი წევრი. მათ შორის, ისეთი კონკურსისა, როგორიცაა „ამერიკული სლავიანსკი ბაზარი“ (Slavianski Bazaar USA). აქვე გაგიმხელთ, რომ გაზაფხულზე წარდგენილი ვარ ერთ-ერთ სერიოზულ და პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, როგორც ამერიკაში მოღვაწე დამსახურებული არტისტი. მოპოვებული ჯილდოს ფოტოებს ღონისძიების ჩატარებისთანავე გავასაჯაროებ და ყველა ნახავს.
ემიგრანტობა რა არის თქვენთვის?
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ არ მიყვარს ეგ სიტყვა, რაღაცნაირად არ მომწონს. ემიგრანტს მირჩევნია დროებით წამოსული დამიძახონ. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია.
მე ის „ემიგრანტი“ ვარ, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება თავის სახლში, თავის ეზოში… ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ აქ ხალხი სხვადასხვა მიზეზითაა ჩამოსული: ზოგი უკიდურეს გაჭირვებას გამოექცა საქართველოდან, ზოგს, უბრალოდ, ცხოვრების ახლიდან დაწყება სურდა, ზოგიც სხვა მიზეზებით. ამიტომ მიჭირს, ავხსნა, ჩემთვის რას ნიშნავს ემიგრანტობა. მე ხომ აქ აბსოლუტურად სხვა მიზეზით ვარ, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვმღერი, ვწერ, ვუკრავ… პროფესიულად მივდივარ წინ, მაგრამ მესმის ყველა იმ ადამიანის ტკივილი, ვინც აქ რაიმე სერიოზული მიზეზით იმყოფება და წლებია შვილები არ უნახავს…
ეს ფაქტი საკუთარ თავზე გამოსცადეთ – პატარა იყავით, როდესაც დედათქვენს საზღვარგარეთ მოუწია წასვლა, ახლაც უცხოეთში ხომ არაა?
დედა უკვე საკმაოდ დიდი ხანია საქართველოშია. დიახ, გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს მშობლისგან შორს ყოფნა. ეს არის ყველაზე დიდი განსაცდელი ცხოვრებაში როგორც დედისთვის, ისე შვილისთვის, ამიტომ მესმის ძალიან კარგად. ყველას ვუსურვებ, რომ მალე ჩაეხუტონ თავიანთ შვილებს.
რას ფიქრობდით, უცხოეთში რომ მიდიოდით და რა სათქმელი გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე?
სიახლეების მოყვარული ადამიანი ვარ, არასოდეს ვუშინდები გამოწვევებს და პირიქით, სულ მინდა მეტს მოვეკიდო და შევეჭიდო. საზღვრებს გარეთ წამოსვლაც ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ალბათ ახალგაზრდული სულისკვეთებაც ამაში მდგომარეობს. ასაკში რომ ვყოფილიყავი, გამიჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, თან ჩემი ცხოვრების და კარიერის მქონე ადამიანს, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. აქ არაერთი მეგობარი შევიძინე, რომლებიც მეხმარებიან როგორც კარიერულ წინსვლაში, ისე ადამიანურ საკითხებში, ცდილობენ, თავი არ ვიგრძნო უცხოდ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
მიუხედავად ამისა, მაინც რაზე დარდობთ ყველაზე მეტად, მშობლიური ქვეყნიდან შორს მყოფი? რას ეტყოდით ახლობლებს, მეგობრებს, თქვენი ხელოვნების თაყვანისმცემლებს?
პირველ რიგში, ჩემს ოჯახს ვეტყოდი, რომ მენატრებიან უზომოდ. ბებია, დედა, და, რომლებიც ყველაზე მეტად მჭირდებიან გვერდით; ასევე, ბავშვობის მეგობრები, რომელთა თავსაც ვერასოდეს ვერავინ შემიცვლის – მათთან სხვა ისტორიები და ძაფები მაკავშირებს… რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც მიდიან ან ფიქრობენ წასვლას უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად, კერძოდ, ამერიკაში, ვეტყვი, რომ გაბედეთ, ეს შესაძლებელია. ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან, რადგან აქ ოცნებები მართლა სრულდება, განსაკუთრებით მუსიკალურ სამყაროში. თავიდან რთულია და ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდება, მაგრამ მიუღწეველი არაფერია. ჩვენ ვართ გაჭირვებაგამოვლილი ერი, ომგამოვლილი და ის იმუნიტეტი, რომელსაც ბრძოლისუნარიანობა ჰქვია, თითქოსდა სისხლში გვაქვს, ამიტომ თუ ამწუთას გიწევს შენი სახლ-კარის დატოვება რაიმე მიზეზების გამო, იცოდე, რომ აქ ყველაფერს შეძლებ!!! აქ არის ადამიანების ძალა, რომელიც მარტო არ დაგტოვებს!
დაბოლოს, რას ისურვებდით?
სურვილი ბევრია, რთულია, გამოვყო რომელიმე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, იმას გეტყვით: მინდა საქართველოშიც ისეთივე ხელშეწყობა ჰქონდეთ მუსიკოსებს, მომღერლებს, კომპოზიტორებს, როგორიც აქვთ აქ, ამერიკაში. ყველას შეეძლოს განათლების მიღება უფასოდ, რადგან ვიცნობ ბევრ ნიჭიერ მუსიკოსს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, აიყვანონ პედაგოგი და განვითარდმემ, ან იარონ კონცერტებზე, დაესწრონ მასტერკლასებს, რაც აუცილებელია ყველა მუსიკოსისა და მომღერლისთვის. არ აქვთ იმის საშუალება, შექმნან პროდუქტი და სტუდიაში ჩაწერონ. ვისურვებდი ასეთი ხალხის ხელშეწყობას; ვისურვებდი, განვახორციელო ჩემი გეგმები, დავეხმარო ასეთ ადამიანებს და მჯერა, რომ ამას შევძლებ!
აუცილებლად შეძლებთ! წარმატებებს გისურვებთ, ნინი!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები