მედიცინაფსიქოლოგია

შემოქმედებითი პროცესი ალცჰაიმერის დაავადებას ამუხრუჭებს

ამ დაავადებას სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერები და მედიკოსები 100 წელზე მეტია სერიოზულად იკვლევენ, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს სრული გაგება იმისა, თუ რა იწვევს მას და როგორ განვკურნოთ… მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს კავშირს შემოქმედებით პროცესსა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას შორის.

გთავაზობთ მაგალითებს, თუ როგორ მოქმედებს დაავადება პიროვნების შემოქმედებით უნარებზე. პაციენტების ნახატები და ნამუშევრები ექიმებს დემენციის (სიბერის ჭკუასუსტობის) ამ ფორმის მკურნალობის მეთოდების მოძიებაში ეხმარება. სტატიის ბოლოს იხილავთ ტესტს, რომელიც სპეციალისტებს სხვადასხვა ტიპის დემენციის ადრეულ დიაგნოსტირებაში ეხმარება.

რა ემართება ადამიანის ტვინს?

  • მოძრაობების კოორდინაციასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული პრობლემები
  • მარტივი უნარების თანდათანობითი დაკარგვა
  • აპათია, აგრესიის გამოვლინება, დეპრესია, პარანოია
  • მეტყველებისა და წერის უნარის დაკარგვა
  • მოძრაობების კონტროლის დაკარგვა

უილიამ ათერმოლინი

1995 წელს ამერიკელ მხატვარს უილიამ ათერმოლინს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. უილიამმა გააცნობიერა, რომ ეს დაავადება აუცილებლად მოახდენდა გავლენას მის ფერწერაზე და გადაწყვიტა, დარჩენილ დროში კაცობრიობისთვის მაქსიმალური სარგებელი მოეტანა – შექმნა ავტოპორტრეტების სერია, რათა უკეთესად გარკვეულიყო საკუთარ თავში და ეს გაგება მნახველისთვის მიეწოდებინა. ნახატების ამ უნიკალური სერიის წყალობით თვალნათლივ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ შეიცვალა მხატვრის მიერ სამყაროს აღქმა.

დაავადების გაძლიერების კვალდაკვალ მისი ქმნილებები დამახინჯდა, დაკარგა პერსპექტივა, გახდა უფრო აბსტრაქტული და ნაკლებად დეტალური. ათერმოლინი თითქოს ხვდებოდა, რომ მისი ტექნიკა უარესდებოდა, მაგრამ ვერაფერს ცვლიდა. „ვფიქრობ, მან იცოდა, რომ თანდათან კარგავდა სივრცით აზროვნებას, – იხსენებს მხატვრის ქვრივი პატრისია, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი. – ამ ნახატებში გულისმომკვლელი სიცხადითაა ასახული უილიამის მცდელობები, აღწეროს მასში მიმდინარე პიროვნული ცვლილებები, მწუხარება და შიშები“.

უილიამ ათერმოლინის ადრეული ნამუშევრები

უილიამ ათერმოლინის ბოლო ნამუშევრები

მხატვარმა დარჩენილი სიცოცხლე დემენციის მქონე ადამიანების პრობლემებისთვის საზოგადოების და მეცნიერების ყურადღების მიქცევას მიუძღვნა. უილიამის ნახატებისა და სხვა მხატვრების შემოქმედების წყალობით მეცნიერებმა მოახერხეს დაავადების შესაძლო განვითარების პროგნოზირება 30-40 წლის განმავლობაში.

ჰილდა გორენშტეინი – პირველი პაციენტი, რომელსაც არტთერაპია დაეხმარა

დიაგნოზის დასმის შემდეგ ამერიკელი მხატვარი ჰილდა გორენშტეინი დეპრესიაში ჩავარდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა, სანამ არ გადაწყვიტა, რომ კვლავ ეხატა. არტთერაპიამ ჰილდას მდგომარეობა გააუმჯობესა. მისმა ფსიქოთერაპევტმა ახალგაზრდა მხატვრები მოიწვია ჰილდასა და სხვა მსგავს პაციენტებთან სამუშაოდ.

ასე დაიბადა ჰილგოსის ფონდი – ორგანიზაცია, რომელიც ამ თერაპიას ავითარებს. ფონდის დევიზია: „უკეთესად მახსოვს, როცა ვხატავ“ (“I REMEMBER BETTER WHEN I PAINT”). ის პაციენტებს ეხმარება, ფერწერა გამოიყენონ ინსტრუმენტად, რომელიც ამუხრუჭებს დაავადების განვითარებას და კვლავ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

ჰილდა გორენშტეინის ნამუშევრები დიაგნოზის დასმამდე და მის შემდეგ

 

 

 

 

 

ხატვა, მოდელირება, მუსიკა, ჭადრაკი, ქსოვა – ეს არტთერაპიის საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობენ პაციენტების მეხსიერების გაუმჯობესებას, საკუთარი თავის გამოხატვას, პიროვნული თვისებების შენარჩუნებას, კომუნიკაციას, სრულფასოვან ცხოვრებას… დღეს ეს დემენციის მკურნალობის აუცილებელი ნაწილია, მედიკამენტებთან ერთად.

პაციენტების ნახატების კვლევამ მეცნიერებს საშუალება მისცა, შეექმნათ ტესტების სერია ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებისთვის.

ალცჰაიმერის ადრეული სტადიის დადგენის ტესტი

ამოცანა მარტივია: დახატეთ საათი. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გარკვეული დიაგნოზის მქონე ადამიანების ნახატები ერთმანეთის მსგავსია.

დღეს ზოგიერთი მეცნიერი სპეციალური ციფრული საწერკალმის გამოყენებას გვთავაზობს, რომელიც აფიქსირებს იმ დროს, რომლის განმავლობაშიც ადამიანი ხატავს, აგრეთვე, მისი ხელის პოზიციას, რის მიხედვითაც შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს დაავადების განვითარების ხარისხი.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close