ქართველი გოგონა ირლანდიის „დიდ ავიაციაში“
ეს ქართველი გოგონა სოფო ბიბილაშვილია, მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც ასაკის მიუხედავად (სოფო 27 წლისაა) ღრმა პიროვნება და საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა… პროფესიით მხატვარმა სამშობლოდან შორს – ირლანდიაში, ირლანდიური ავიაკომპანიის უნიფორმა მშვენივრად მოირგო და თავისუფალ დროს წერას, ხატვას და ციფრული ფოტოების გრაფიკულ დამუშავებასაც ახერხებს. მას პრობლემები არ აშინებს, რადგან მიაჩნია, რომ „უამისოდ ცხოვრება წარმოუდგენელია“.
კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მშობლიური ქვეყნიდან შორს, ვინ და რა ენატრება ყველაზე მეტად, როგორია მისი წარმატების გზა და მომავლის გეგმები – ამაზე და ირლანდიაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე ინტერვიუში წაიკითხავთ.
სოფო, მინდა შენზე გვიამბო….
მე კი მინდა, დავიწყო მადლობით იმის გამო, რომ ჩემით დაინტერესდით; ასევე, დავიწყო კომპლიმენტით, რადგან თქვენს საიტს არაჩვეულებრივად მარტივი და თან კრეატიული სახელი აქვს. Nostal.ge ერთდროულად პასუხობს საიტის მისამართისთვის ინტერნეტსამყაროში დაწესებულ ტექნიკურ მოთხოვნასაც და, ამავდროულად, ზუსტად ასახავს იმ შინაარსს, რისთვისაც ეს საიტია შექმნილი.
ნოსტალგია ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი გრძნობაა, რაც კი ადამიანს შეიძლება დაეუფლოს. რაც არ უნდა გამართულ და შემდგარ სახელმწიფოში მოგიწიოს ცხოვრება, ყოველთვის გენატრება შენი გატარებული დღეები იქ, სადაც შეიძლება გციოდა და გშიოდა კიდეც, მაგრამ ეს იყო შენი დღეები და წლები იმ მიწაზე, სადაც დაიბადე და გაიზარდე, ამიტომ ამ მიწასთან უდიდესი ემოცია გაკავშირებს. ხანდახან სრულიად უბრალო და სხვისთვის შეუმჩნეველმა დეტალმა – მაგალითად, სუნმაც კი – შეიძლება ისეთი რამ გაგახსენოს, მთელი დღე გაფიქროს, გულიანად გაცინოს ან გატიროს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი ნიში გაქვთ დაკავებული ქართულ მედიასივრცეში. სიმართლე გითხრათ, აქამდე დეტალურად არ დავინტერესებულვარ თქვენი საიტით, მაგრამ ახლა გადავხედე თქვენს მასალებს და დავრწმუნდი, რომ პროფესიონალები ხართ. ეს ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს და პატივისცემას მიჩენს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჰყოფნის მონდომება და უნარი, საყვარელ საქმეს თავდაუზოგავად ემსახუროს. სწორედ პროფესიონალიზმია ის, რაც, სამწუხაროდ, ასე გვაკლია ყველა სფეროში და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები ცოტანი არიან. მოკლედ, გამეხარდა, თქვენი საიტის დასახელებაში ასეთ ნიჭიერად მიგნებულ დეტალს რომ შევხვდი და მინდა, წარმატებები გისურვოთ.
დიდი მადლობა, სოფო, ასეთი შეფასებისთვის. ჩემთვის ცნობილია, რომ პროფესიით მხატვარი, ირლანდიაში სრულიად განსხვავებულ, ასე ვთქვათ, არაშემოქმედებით სივრცეში – აეროპორტში მუშაობთ და ამას როგორ ახსნით?
ჩემზე დღეს იმის თქმა, რომ უკვე პროფესიონალი მხატვარი ვარ, ძალიან ხმამაღალი იქნება, თუმცა ეს არის სივრცე, სადაც თავს ბავშვობიდანვე თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობდი. ზოგადად, მომწონს, როცა საქმეში „ზედამხედველი“ არ მყავს, რომელიც ყოველ ჯერზე მიმითითებს, რა უნდა ვაკეთო. ხატვა, ასევე, ძერწვა ბავშვობიდან მიყვარდა, მეხერხებოდა კიდეც, ამიტომ გადავწყვიტე, ეს ჰობი პროფესიად მექცია და სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე კერამიკის მიმართულებით. ამ ფაკულტეტზე შესაძლებელი იყო შემესწავლა როგორც კერამიკა, ისე ფერწერა, დიზაინი და სხვა ისეთი საგნები, რომლებიც აუცილებელია შემოქმედი ადამიანისთვის, თუმცა მესამე კურსიდან ე.წ. „აკადემიურის“ აღება და შემდეგ უცხოეთში წასვლა მომიხდა.
როდესაც საქართველოდან დუბლინში გავემგზავრე, მე-3 კურსზე ვიყავი, 1-ლი სემესტრის გამოცდებიც ჩაბარებული მქონდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ხელში მეკავა, ანუ მომდევნო სემესტრიდან სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ირლანდიაში ერთი საინტერესო გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი – შემეძლო იქ ფოტოგრაფია და გრაფიკული დიზაინი შემესწავლა, ამიტომ გადავწყვიტე, მიმეღო ეს გამოწვევა.
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, თანაც ფოტოგრაფია ის იყო, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. პროფესიონალ ფოტოგრაფად ჩამოყალიბებას, რა თქმა უნდა, სწავლის გარდა, სჭირდება ტექნიკური ბაზაც, რისი შეძენაც საკმაოდ ძვირია და ერთბაშად შეუძლებელიც კია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მომეძებნა სამუშაო, რაც შესაძლებლობას მომცემდა, თანდათან შემეძინა ყველაფერი ის, რაც აუცილებელი იყო საიმისოდ, რომ ფოტოგრაფიაში მემუშავა.
თავიდან დუბლინის აეროპორტის ერთ-ერთ კაფეში დავიწყე მუშაობა, სადაც უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ერთ მშვენიერ დღეს მათ მითხრეს, რომ კომპანია „დელტას“ ავიახაზები ვაკანსიას აცხადებდა მგზავრების მომსახურების აგენტის პოზიციაზე. ბუნებრივია, ეს მარტივი სამუშაო არ არის, განსაკუთრებით კი მისთვის, ვისაც შეხება არ ჰქონია ავიახაზებთან, გარდა იმისა, რომ თავად ყოფილა მგზავრი. ვიცოდი რომ, თუ გასაუბრების ეტაპს წარმატებით გადავლახავდი, გამგზავნიდნენ ანაზღაურებად ტრენინგებზე და თუ ამ ტრენინგებსაც წარმატებული გამოცდით დავასრულებდი, ავიაკომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა მომეცემოდა. ძალიან დავინტერესდი ამ წინადადებით, შევიტანე განაცხადი, გავიარე გასაუბრება და მიმიღეს – ანუ გამიშვეს ტრენინგზე, რაც წარმატებით დავასრულე და კომპანიამ ჯერ გამოსაცდელი ექვსთვიანი ვადით, შემდეგ კი მუდმივი კონტრაქტით დამასაქმა.
როდესაც პირველად ავიახაზების უნიფორმა ჩავიცვი და სამუშაოს შევუდექი, თავი ფილმში მეგონა და ეს ძალიან რომანტიკული შეგრძნება აღმოჩნდა. შემიყოლია ამ სფერომ და დღემდე აქ ვარ, თუმცა ვგრძნობ, ჩემი მთავარი საკეთებელი სულ სხვა რამაა. რაც მთავარია, ზუსტად ვიცი, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც არასოდეს, არცერთ ასაკში, არაფრის თავიდან დაწყება არაა გვიანი და ერთი პროფესიიდან მეორე, სრულიად განსხვავებულ პროფესიაში გადანაცვლება ყოველთვის შესაძლებელია. მთავარია, აღმოაჩინო, რომ რაღაც გაინტერესებს. შესაბამისად, ჯერ ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ სამუდამოდ „დიდ ავიაციაში“ დარჩენას ვაპირებ. ჩემი სამომავლო მიზნები მოგზაურობასაც უკავშირდება, რადგან ბევრი რამ მაინტერესებს და ამის გამო, ვეჭვობ, რომ პოტენციური „მოხეტიალე“ ნამდვილად ვარ.
ხატვის ნიჭი გენეტიკურად მოგყვებათ? გაქვთ კი დრო იმისთვის, რომ ამ ეტაპზე სამსახურის პარალელურად რეალიზება მხატვრობაშიც მოახერხოთ?
როგორც მამის, ისე დედის (ცნობილი ჟურნალისტი ელზა ჯმუხაძე, ამჟამად ადვოკატი – რედ.) მხრიდან მომყვება შემოქმედებითი უნარები. დედა ახლა ადვოკატია, მაგრამ მას აქვს კიდევ ერთი პროფესია – ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან უყვარდა. სულ ამბობს ხოლმე, ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობსო. გარდა იმისა, რომ იყო კარგი ჟურნალისტი, დედას მშვენიერი ლექსებიც აქვს გამოცემული. სხვათა შორის, ეს წიგნი იყო პირველი, რაც მხატვრულად გავაფორმე. გარეკანზე ჩემ მიერ ბავშვობაში გადაღებული ფოტოა, რომელიც მამას ძალიან მოსწონდა. რაც შეეხება ხატვას – მამაჩემს ხატვა, ხაზვა, ჭედურობა, ასევე, ძერწვა და ჩუქურთმა მშვენივრად გამოსდიოდა, ბუნებითაც და გარეგნობითაც ძალიან რომანტიკული, რაღაცნაირად ბოჰემური კაცი იყო. ასეთივე უნარები აქვთ ჩემს და-ძმასაც. მე და ჩემი ძმა ვოცნებობთ, რომ გვქონდეს სახელოსნო, სადაც ვიმუშავებთ, შემდეგ კი ჩვენს ნამუშევრებს გამოვფენთ და მჯერა, რომ ამ ოცნებას ავიხდენთ.
ჩემი პირველი შეხება ნამდვილი მხატვრის სახელოსნოსთან არასოდეს დამავიწყდება – ეს იყო დეიდაჩემის (დედას მამიდაშვილის), სამხატვრო აკადემიაში კი ჩემი ფერწერის პედაგოგის და უნიჭიერესი ქალბატონის, ლია სადაღაშვილის სახელოსნოში. აქვე დავამატებ, რომ მართალია, დედას თავად ხატვა არ ეხერხება, მაგრამ სანათესაოში, დედას მამის ანუ ჩემი პაპის მხრიდან, ამ უნარით დაჯილდოვებული არაერთი ნიჭიერი მხატვარია. როდესაც ნამდვილ სახელოსნოში ლია სადაღაშვილთან პირველად მოვხვდი, ძალიან პატარა ვიყავი. ჩვენს ქვეყანაში კი იყო „ბნელი და უკუნი“, მაგრამ შემოქმედი ადამიანები მაინც ახერხებდნენ, მოეწყოთ საინტერესო საღამოები, სადაც დედას ხშირად იმიტომ მივყავდი, რომ სახლში მარტოს ვერ მტოვებდა, ან – მე ავეკიდებოდი ზუზუნით და სხვა გზა არ ჰქონდა. კარგად მახსოვს იმ სახელოსნოს სუნი, მოლბერტი, ნაირფერი ზეთის საღებავები და სანთლის შუქით განათებული ნამუშებიდან არეკლილი ჯადოსნურად მოციმციმე სხივები. რაღაცნაირი იდუმალი სამყარო იყო, საიდანაც წამოსვლა აღარ მინდოდა…
ხატვა გასაგებია, მაგრამ მითხარით, რომ შემოქმედებითი უნარები დედისგანაც მოგყვებათ – წერაც გეხერხებათ?
ჩემი სამსახური დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ხშირად ღამისთევაც მიწევს, რის გამოც ხატვას ვეღარ ვახერხებ, ამიტომ, როდესაც მუზა მეწვევა, წერას ვამჯობინებ. ჩემთვის საუკეთესო მდგომარეობაა, როცა საღამოს მყუდროდ მოვკალათდები, მოვიდგამ ჩაის, სასუსნავს და ვწერ. ვატყობ, რომ ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა ჩემივე ხასიათის მიხედვით იცვლება. ხან წერა მირჩევნია, ხანაც ჩანახატებზე და ციფრულ ნამუშევრებზე გადავდივარ. ერთადერთი ფოტოგრაფიაა, რომელიც ამ ყველაფერს სულ ერთგვარ ფონად გასდევს. ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ძველებური, ისეთი აპარატების გამოყენება, რაც ფირზე მუშაობს. სულ დავეძებ, რომ შევიძინო. ჯერ არ მაქვს ამის ბედნიერება, ამიტომ საათობით ვამუშავებ ციფრულ ფოტოებს, რომ ძველ ფოტოებს დავამსგავსო. რაღაც გამომდის კიდეც, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე დამუშავებულ ფოტოებს მაინც არ აქვს ის სული, ძველებურ ფოტოებზე რომ იგრძნობა.
თუ წერაც თქვენი შემოქმედების ერთ-ერთი მიმართულებაა, თქვენგან არა მხოლოდ ნახატებს და ფოტოებს, რაიმე საინტერესო ჩანაწერებსაც უნდა ველოდეთ?
რადენიმე წელია ვშრომობ ერთი მიზნის მისაღწევად და ეს ავტობიოგრაფიული წიგნია. მინდა, ცოტა უცნაური და ახლებური გამომივიდეს – ისეთი, ჯერ რომ არ დაწერილა. თავიდან მეგონა, ეს არ გამიჭირდებოდა, მაგრამ მესამე წელია, ჯერ ნახევარიც არ დამისრულებია. ვწერ ქართულად და, პარალელურად, ინგლისურად ვთარგმნი კიდეც, ანუ გამოდის, რომ ორ ენაზე ვწერ, რასაც წარმოუდგენლად დიდი დრო მიაქვს. წერა ხომ არაა ადვილი და თარგმნა, თუნდაც საკუთარი ნაწერის, უფრო რთული ყოფილა. მირჩევნია, დიდი დრო მოვანდომო ამ საქმეს, ვიდრე ნაჩქარევად დავასრულო, რადგან თუ გულიანად არ ვიმუშავე, ვიცი, რომ ღირებული არაფერი გამოვა. მოკლედ ამ წიგნს მაშინ დავასრულებ, როდესაც ჩემი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის ამბებს ფურცელზე ისე გავაცოცხლებ, რომ წიგნი სულიერივით სუნთქავდეს!
დედას მაინც რომ წააკითხოთ ჩანაწერები, ვფიქრობ, კარგ რჩევებს მოგცემდათ…
კი, მაგრამ არ მიყვარს მუშაობის პროცესში ნაშრომის გამომზეურება, თუმცა მცირე დოზით, როდესაც ჩავთვლი, რომ რაღაც სათქმელი დამიგროვდა, ვაქვეყნებ ხოლმე ჩემს ინსტაგრამგვერდზე. ბევრი გამომწერით ჯერ ვერ დავიკვეხნი და იმის გამო, რომ ჩემი გამომწერების დიდი უმრავლესობა არაქართულენოვანია, ინგლისურად ვწერ. მოკლედ, მყავს ცოტა და ერთგული მკითხველი. ეს უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩემთვის, ვიდრე მარტივი და უშინაარსო პოპულარულობა.
უცხო ქვეყანაში ჩასულს, რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ, პირველ რიგში?
პირველი პრობლემა, რა თქმა უნდა, ენის ბარიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი ვსწავლობდი ინგლისურ ენას, ამ ენაზე ლაპარაკი და სხვების საუბრის გაგება სულ სხვა რამ აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც ვიცოდი. თანაც, ირლანდიური აქცენტი და ირლანდიური ანუ სრულიად თავისებური ინგლისური მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ირლანდიაში ჩამოსვლამდე მე უფრო ე. წ. „ამერიკული ინგლისური“ ვიცოდი, რის გამოც აქ ჩემს საუბარზე გაუცინიათ კიდეც, ან უსაყვედურიათ: რას გვეტიპები, ადამიანურ ენაზე გველაპარაკეო. ახლა, როდესაც სამსახურში კვირაში რამდენიმე დღე საათობით მიწევს ამერიკელებთან საუბარი, ვხვდები, რას უწუნებდნენ ჩემს ამერიკულ ინგლისურს ირლანდიელები. ენის ბარიერის პარალელურად გაუცხოებაც მქონდა, რაც სრულიად ბუნებრივია. ამ ფონზე არც ნოსტალგიაა გასაკვირი, თან – თუ ბუნებით მორცხვი ადამიანი ხარ… ძალიან გამიჭირდა მესწავლა სავალდებულო ღიმილი და ზრდილობიანი მიმართვა მაშინაც კი, თუ ჩხუბობ! კარგა ხანი დამჭირდა, სანამ მივხვდი, რომ წარბი უნდა გამეხსნა, საგვარეულო „ძერისებური მზერა“ უნდა მომეცილებინა და გამეღიმა… ეს ყველაფერი მაშინ შევძელი, როდესაც დავრწმუნდი, რომ ისეთ ქვეყანაში ვარ, სადაც შემიძლია ფრთა გავშალო და ეს ჩემი „ფრთის გაშლა“ ჩემ გვერდით მდგომს ისე არ შეშურდება, პირველივე აფრენაზე ჩემი ძირს ჩამოგდება მოუნდეს.
გყავთ უცხოეთში ადამიანი, ვის აზრსაც თავიდან ბოლომდე იზიარებთ, ენდობით და გჯერათ მისი ობიექტურობის?
მე ძალიან გამიმართლა, რომ უცხოეთში სრულიად მარტო არასოდეს დავრჩენილვარ, რადგან აქ დამხვდა ჩემი და-ძმა ერთ დიდი ოჯახად, რომლის დახმარების და ქომაგობის გარეშე ასეთ მოკლე დროში ბევრს ვერაფერს მივაღწევდი. მე და ჩემი და-ძმა „ბნელ და ტკბილ 90-იანებში“ გამობრძმედილი თაობა ვართ. ჩვენ ძალიან დამოუკიდებელი ცხოვრების წესით ვიცხოვრეთ, რაც, 90-იანების გარდა, დედას დიდი დამსახურებაცაა: დედა ყოველთვის გვიქმნიდა ისეთ გარემოს, სადაც გვქონდა არჩევანის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება. იმ საყოველთაო გაჭირვების დროს ვიცოდით, რომ დედას უნდა ემუშავა, ჩვენ კი მთელი დღე ოჯახი და ერთმანეთი გვებარა, ამიტომ მოხდა ისე, რომ ჩვენ, ბავშვებმაც, ერთმანეთი გავზარდეთ – უფრო სწორად, მე ვარ ჩემი და-ძმის გაზრდილი, მოგვიანებით კი ჩვენს „ერთობას“ ჩემი საუკეთესო მეგობარი – ჩემი ძმის უსაყვარლესი მეუღლეც შემოუერთდა, რომელიც მართლა დასავით კი არა, დედასავით ზრუნავს ჩემზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე ყველგან დაბნეული წიწილებივით ვიქნებოდით. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ყოველთვის მინდა შევირბინო მათთან, რაც შეიძლება ხშირად ვეკონტაქტო, რადგან ესაა საუკეთესო საშუალება, გაიღო და მიიღო სითბო, რომელიც მხოლოდ ოჯახშია!
ბევრი ქართველია თქვენ ირგვლივ? და კიდევ, თქვენი აზრით, რაზე უნდა გაამახვილოს ხელისუფლებამ ყურადღება ემიგრანტებთან დაკავშირებით?
არც ისე ბევრნი, თუმცა არც ცოტანი არიან ირლანდიაში ქართველები, მაგრამ ყველასთან ურთიერთობა, ბუნებრივია, ვერ მექნება. აქ დროც არავის აქვს იმდენი, ხშირად ეკონტაქტონ ერთმანეთს. გამოდის, რომ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ვისთანაც ვახერხებ ურთიერთობას და ეს, ძირითადად, ოჯახურ თავყრილობებზე ხდება. ვცდილობთ, ერთად შევხვდეთ ხოლმე დღესასწაულებს, აღვნიშნავთ დაბადების დღეებს, ან სულაც ისე – უბრალოდ, ზოგჯერ ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ერთადაც შევიკრიბებით და ვაგემოვნებთ საინტერესო და მონატრებული ქართული სამზარეულოს შედევრებს, რომელთა მომზადებაში ჩემი და და ძმა, ასევე, ჩემი რძალი ფრიად დახელოვნებულები გახლავან, ჩემგან განსხვავებით.
ვცდილობ, სხვა კულტურის წარმომადგენლებთანაც მქონდეს ხშირი ურთიერთობა, რადგან ასე ვეცნობი მსოფლიო კულტურას და ბევრ რამესაც ვსწავლობ. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ემიგრანტებთან დაკავშირებით: მგონი, ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ უმეტესობა საქართველოდან ემიგრაციაში იმიტომაა წასული, რომ საქართველოში ადამიანს თვითრეალიზება უჭირს და ხშირ შემთხვევაში ყოფაც გაუსაძლისია. ემიგრანტები, რაც არ უნდა კარგად მოიწყონ ცხოვრება უცხოეთში, თავს სამშობლოსგან მოწყვეტილად, მივიწყებულად გრძნობენ და ეს ძალიან მტკივნეულია. ემიგრანტებს გული სიბრაზით უდუღთ, როდესაც აცნობიერებენ, რომ ისინი გაუსაძლისმა ყოფამ აიძულა ცხრა მთას იქით გადახვეწილიყვნენ და იქიდან ერჩინათ თუ გადაერჩინათ დატოვებული ოჯახის წევრები.
ყველა ემიგრანტი ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს იმ დიდი იმედით, რომ ოდესმე ჩვენს ქვეყანასაც რაიმე ეშველება და დაბრუნება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – რა ხდება, ყველა ვხედავთ! მობეზრდა ხალხს ერთი და იგივე სახეების ყურება პოლიტიკაში და, შესაბამისად, ერთ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი. ახალი მიდგომა, ახალი ძალაა საჭირო, რომელიც თავისუფლად იაზროვნებს, მორგებული იქნება რეალობას, იზრუნებს ახალი თაობის განვითარებაზე და პიროვნულ ზრდაზე. საქართველოს აქვს რესურსი, იყოს ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ამ რესურსს არასწორად, ან სულაც არ ვიყენებთ.
რა პრობლემები აქვთ ქართველ ახალგაზრდებს უცხოეთში? პირადად თქვენ რაზე დაგაფიქრათ უცხოეთში ყოფნამ?
პრობლემა უცხოეთშიც პრობლემაა და უამისოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. სრულიად ინდივიდუალურია ის, თუ ვისთვის რა შეიძლება იყოს პრობლემა. პირადად მე იმან დამაფიქრა, რომ თურმე შეიძლება ქვეყანამ ისე იცხოვროს, არ განსაჯონ ერთმანეთი და სხვისი ცხოვრება დიდი, საყოველთაო გარჩევის ან სულაც დაპირისპირებების საგნად არ აქციონ. აქ სრულიად დაუშვებელია და დიდ უკულტურობად ითვლება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და ჩაგვრა ამა თუ იმ ნიშნით, რასაც „ბულინგს“ უწოდებენ. პატივისცემას იმსახურებს სახელმწიფო, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას, თავისი უფლებებით გათანაბრებული იყოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეებთან!
რა ფასობს თქვენთვის სამყაროში, ნებისმიერ ერში? უფრო კონკრეტულად კი, ირლანიაში რა არის ისეთი, რის დამკვიდრებასაც საქართველოში ისურვებდით?
ჩემთვის დიდად ფასეულია ადამიანების თანასწორობა, სოლიდარობა და თავისუფლება, ამასთან ერთად, თანაგრძნობის და ერთმანეთის გატანის უნარი. ჩემთვის საუკეთესო ფრაზა და ცხოვრების დევიზია: „ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება შენი უფლებები“ – ასეთი მიდგომა ნამდვილად დააბალანსებს ყოველგვარ კონფლიქტს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი ბალანსის მიღწევა მსოფლიოს მასშტაბით კი არა და, სრულიად მარტივ, პირად ურთიერთობებშიც კი, ხშირად ჭირს. ირლანდიაში ყველა ადამიანი მართლა თანასწორია და კანონი აქ ყველასთვის უზენაესია – ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს, სექსუალურ თუ რელიგიურ განსხვავებულობას. აქ არავინ განგსჯის იმის გამო, რომ, მაგალითად, მთელი სხეული სვირინგებით გაქვს დაფარული, ან თმა ლურჯად გაქვს შეღებილი… ასეთი იმიჯით ადამიანი შეიძლება პარლამენტარიც იყოს, ბანკირიც და დამლაგებელიც… ხვალ სამსახურში თავზე ქვაბჩამომხობილი რომ გამოვცხადდე, ხმას არავინ გამცემს, რადგან იფიქრებენ, რომ დღეს ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად. მხოლოდ ის შეიძლება მკითხონ, შევძლებ თუ არა მუშაობას. თუ ვიტყვი, რომ კარგად ვარ, შემიძლია თათბირზეც კი შევიდე ასე „გამოწყობილი“ და იქ პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრო ისე, რომ ჩემკენ თითი არავინ გამოიშვიროს – ნახეთ, რას ჰგავსო!
არასოდეს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რაც ახლად ჩამოსულმა მივიღე ერთი საბავშვო სატელევიზიო გადაცემის ყურებისას – წამყვან ქალბატონს ცალი ხელი მთლიანად მოკვეთილი ჰქონდა. ასეთი რამ ქართულ ტელესივრცეში არასოდეს მინახავს. მაშინ დავრწმუნდი, რომ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ამ ადამიანმა იცის საქმის კეთება. ასე ცხოვრობს ირლანდია, რომელიც ევროკავშირის წევრია.
ცნობილია ისიც, რომ ირლანდიელები თავიანთი ბუნებით მებრძოლი და პატრიოტი ხალხია, მათ ძალიან უყვართ თავიანთი ტრადიციები და ამ ტრადიციებს არ ღალატობენ, თუმცა ირლანდიელებმა იციან, რომ ეს ყველაფერი იძულებით თავს არავის უნდა მოახვიონ. სხვა კულტურის და ეთნიკური ანუ განსხვავებული ადამიანების მიმართ ამგვარი ლმობიერი მიდგომების გამო ამ ხალხისთვის „ირლანდიელობა არავის წაურთმევია“ და სწორედაც რომ პირიქით მოხდა! ფაქტია: მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ეთნიკური ირლანდიელი ცხოვრობს, დაახლოებით 80 მილიონამდე ადამიანს კი ირლანდიური წარმომავლობა აქვს და ირლანდიური დიასპორა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ამ ქვეყანამ დიდი შიმშილი და გაჭირვება გამოიარა, ამიტომ ირლანდიელები მიგრირებდნენ მთელ მსოფლიოში საკუთარი თავის და ოჯახების გადასარჩენად, დღეს კი მსოფლიო იცნობს ირლანდიას და ირლანდიელებს. ამ ხალხმა თავისი კულტურა და ტრადიციები საკუთარ ქვეყანაშიც შეინარჩუნა, ყველგან თანაც წაიღო! მაგალითად, ვიცით, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ წმინდა პატრიკის დღეს, ამ დროს კი ეს არის წმინდანი, რომელმაც ირლანდია გააქრისტიანა. უნდა ნახოთ, რა სიამაყით გამომიცხადებენ ხოლმე მგზავრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ აქვთ ირლანდიური გვარი, დიდი პაპა ჰყავდათ ირლანდიელი და ირლანდიაში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ გაჰყვნენ საკუთარ ფესვებს, შეხვდნენ შორეულ ბიძაშვილებს და ნათესავებს… ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ეს? რატომ გვირჩევნია საკუთარ ქვეყანაშიც და ემიგრაციაშიც ერთმანეთის დაჭმა? რატომ არ გვიხარია ერთმანეთი? – ეს ამბავი ძალიან მაწუხებს…
მშობლიური ქვეყნიდან წასულს, ყველაზე მეტად ვინ და რა გენატრებათ?
გამუდმებით მენატრება დედა და მასთან ყოფნა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და სწორედ მისით ვარ, ვინც ვარ, სადაც ვარ და როგორც ვარ! დედას იმედი ისევე მაქვს, როგორც საკუთარი თავის! ასევე, სულ მენატრება ის ხალხი, ვინც ჩემი სისხლი და ხორცია, ვისაც ჩემს აღზრდა-განვითარებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან ზოგი გარდაცვლილია… შეგნებულად არ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს! ჩემი მიწა-წყალიც მენატრება სრულიად პირდაპირი გაგებით. არდადეგებს დედულეთში, პაპა-ბებიასთან ვატარებდი ღოლოვანში, სათიბშიც ვყოფილვარ, ცხვარშიც, ძროხაც მომიწველია და ამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების გამო მხოლოდ მადლიერი ვარ. სოფელმა მომცა ბუნებასთან მჭიდრო კავშირის შესაძლებლობა. მე და მამას საკრამულში გვყავდა არაჩვეულებრივი ძაღლი რობი და ცხენი ასტენუ, რომელიც მგელმა შეგვიჭამა… ისინიც კი მენატრებიან და ამ მონატრებას იმით ვებრძვი, რომ გამუდმებით ვწერ ნოველებს იმაზე, რაც თავს გამახსენებს. სამწუხაროდ, აქ არ მაქვს საშუალება, სახლში მყავდეს ოთხფეხა მეგობარი, მაგრამ მყავს ერთი „მრავალფეხა“ – მექსიკური წითელფეხება ტარანტული და სრულიად უფეხო, როგორც მთაში ეძახიან, „მცურავი“ ანუ გველი – სამეფო პითონი. ამის გამო ზოგიერთმა ჩემმა ახლობელმა საქართველოდან ლამისაა „ჩამქოლოს“ . მე კი ის მიკვირს, რატომ აქვთ ასეთი შიშები და ფობიები ადამიანებს?!
პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
დაოჯახებული არ ვარ და არც იმათ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს – არიქა, რაღაც ასაკში სასწრაფოდ უნდა დაოჯახდეს, თორემ აღარაფერი ეშველება. მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ამ „დროს და ადგილს“ კი ხელოვნურად ვერ დააყენებ და ვერ შექმნი მხოლოდ იმიტომ, რომ საჭიროა შექმნა. თუ გყავს კარგი მეგობარი, რომელსაც შენი კარგად ესმის, რომელიც თავისი აზროვნებით და ცხოვრების წესით დისკომფორტს არ გიქმნის, პირიქით – კომფორტულად გაგრძნობინებს თავს, უკვე კარგია, ხოლო თუ ასეთ მეგობართან ურთიერთობის რაღაც ეტაპზე მიხვალ დასკვნამდე, რომ ის შენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს სამუდამოდ, ეს უკვე ძალიან კარგია. მე ამჟამად კარგად ვარ!
შემოქმედებაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც – როგორია ახალგაზრდა ემიგრანტის, სოფო ბიბილაშვილის მომავლის დიდი გეგმები შემოქმედებითი თვალსაზრისით?
დღე-ღამის განმავლობაში უამრავი ფიქრი გადის და გამოდის ჩემს გონებაში. ბევრი გლობალური ხასიათის პრობლემა მაფიქრებს და მაწუხებს, რაც იმდენად გამჯდარია ჩემს ქვეცნობიერში, რომ სიზმრებსაც კი ძალიან საინტერესოს ვხედავ. ყოფილა შემთხვევა, სიზმრის უცნაურობას და მძაფრ შეგრძნებას გამოვუღვიძებივარ, ავმდგარვარ, ფურცელზე ჩამინიშნავს ეს ყველაფერი და მერე დიდხანს მიფიქრია, რა იყო ეს. წიგნის წერის დაწყებულ პროცესს რომ დავამთავრებ, შემდეგ ნელ-ნელა მივყვები იმ გეგმებს, რასაც ჩემი „ჯადოსნური“ წიგნაკი ჯერ საიდუმლოდ ინახავს. ჯერ არ მიფიქრია, დავტოვო ავიაცია, რადგან გარემო ქვეყნის დედაქალაქის აეროპორტში საქმიანიცაა, სერიოზულიც, საინტერესოც, პასუხსაგებიც და, ერთგვარად, რომანტიკულიც. აქ მაქვს შანსი, კიდევ უფრო ღრმად შევისწავლო ეს პროფესია და, შესაბამისად, მქონდეს მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლაც. რაც მთავარია, ეს სამსახური ნამდვილად მაძლევს საშუალებას, მქონდეს ფინანსური სტაბილურობა, რასაც ამ ეტაპზე ხელოვნება ვერ მომცემდა. და კიდევ, „საიდუმლოდ“ გაგიმხელთ – ჩემი ოცნებაა ბევრი მოგზაურობა, უახლოეს მომავალში კი ვეტერინარიის შესწავლა – იქნებ ზოოპარკის დირექტორიც გავხდე და ღრმა ბავშვობის დიდი ოცნება ავისრულო!
ამდენი ინტერესის მქონე ადამიანს ემოცია ფურცელზე რომ ხშირად გადააქვს, გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს, ტილოსთან რას მიჰყავხართ და რამდენად ხშირად ხდება ეს?
ინსპირაცია სრულიად უბრალო და მარტივმა რამემაც კი შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ტილოზე მუშაობა ისეთ დიდ და დამოუკიდებელ სივრცეს მოითხოვს, რომელიც მხოლოდ სახელოსნოში შეიძლება არსებობდეს. რადგან ასეთი სახელოსნო არ მაქვს, ტილოზე ვერ ვმუშაობ და, ძირითადად, ფანქარს და მელანს ვიყენებ.
შემოქმედი ადამიანისთვის, რომელიც ემიგრაციაშია, სახელოსნოს გარდა, რა არის მთავარი საიმისოდ, რომ მოერიოს ყოფით პრობლემებს, თუნდაც ნოსტალგიას, და სრულად რეალიზდეს თავის საქმეში?
ნებისმიერი ადამიანისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და რასაც არ უნდა საქმიანობდეს, საჭიროა უნარი, დროებით „გამორთოს“ გონება რეალური სამყაროდან. საყოფაცხოვრებო პრობლემები არასოდეს ილევა და ამაზე ფიქრს თუ გადაყვები, მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებ. ხანდახან უბრალოდ უნდა დაჯდე, ღრმად ჩაისუნთქო და საკუთარ თავს შეუძახო – დროა! კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირება ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი გზაა. უნდა იცოდე ისიც, რომ ყველგან ხიდად ვერ გაედები, ყველაფერს შენ ვერ მოაწესრიგებ და ვერასოდეს ვერავინ შექმნის ისეთ რეალობას, რომელიც ბოლომდე კმაყოფილს დატოვებს ამ რეალობის შემქმნელსაც და სხვასაც. როდესაც გამუდმებით თვალს ვადევნებ ქართულ სინამდვილეს, ვხვდები, რომ ძალიან ვმძიმდები. ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ეს რეალობაა მძიმე. ამის მიზეზი ხშირად ისიცაა, რომ ქართული მედიასივრცე უპირატესობას ანიჭებს ნეგატიურ ამბებს იმ დროს, როდესაც მსოფლიო მედიასივრცეში სულ სხვა სტანდარტი მკვიდრდება – ახალი ამბების გამოშვება უნდა დაიწყოს და დამთავრდეს პოზიტივით, ხოლო ნეგატივი, რასაც გვერდს ვერ აუვლი, უნდა გადმოიცეს გადაცემის შუა ნაწილში, ისიც – გარკვეული დოზით. მსოფლიო მიხვდა, რომ ამდენმა ნეგატივმა ხალხი დაანევროზა და გადარია. აბა, მივიხედ-მოვიხედოთ, რამდენი წარმატებული ადამიანი გვყავს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, სოფელში, ქალაქში. ამ ხალხის შესახებ იშვიათად თუ ვიგებთ რამეს და ბედნიერებისთვის ესეც კი გვყოფნის!
ერთ ჩარჩოში რომ მოაქციოთ საქართველოს დღევანდელი ყოფა, ამ ნამუშევარს რას დაარქმევდით?
ეს იქნებოდა „ტრაგიკული კომედია“, თუმცა მე ოპტიმისტი ვარ და ბედნიერი დასასრულისა ყოველთვის მჯერა!
დაბოლოს, ჟურნალისტი რომ იყოთ და სოფო ბიბილაშვილისგან ინტერვიუს იღებდეთ, თავად რა კითხვას დაუსვამდით?
სად არის, ანდა არის თუ არა საერთოდ შუალედი, გამყოფი ხაზი და საზღვარი ხელოვნებასა და, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ყოფას შორის?
და სად არის?
არ ვიცი, მეც ვეძებ, ვერ ვპოულობ და ეჭვი მაქვს, ვერც ვიპოვი!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები