მიგრაციამსოფლიოიტალიაკრიმინალიმიგრაცია

იტალიის სანაპიროსთან 149 მიგრანტი გადაარჩინეს, 5 ქალი დაიღუპა, დაკარგულებს ეძებენ

იტალიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა კუნძულ ლამპედუზასთან, რომელიც იტალიას ეკუთვნის, 5 ცხედარი აღმოაჩინეს. ხუთივე ქალია. 2 მათგანი ზღვამ ნაპირზე გამორიყა, 3 დამხრჩვალი ქალი კი ზღვაში იპოვეს. ამის თაობაზე გამოცემა ANSA იტყობინება.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყეს, რაც სიგნალი მიიღეს გასაბერი ნავის გადაბრუნების თაობაზე. 10-მეტრიანი გასაბერი ნავი, რომელიც ლიბიიდან ლამპედუზისკენ მიემართებოდა, 23 ნოემბერს საღამოს, მზის ჩასვლისას გადაბრუნდა ზღვის შტორმის გამო იზოლა დეი კონილის პლაჟიდან ერთი მილის დაშორებით. მაშველებმა 149 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის, 3 ბავშვის (ერთი ბავშვი ერთი წლისაა) და 13 ქალის.

გადარჩენილთა თქმით, მათ გარდა ნავზე კიდევ 20 ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით 5 ქალის ცხედარი იპოვეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულია კიდევ, სულ ცოტა, 15 ადამიანი, რომელთაც პალერმოს სანაპირო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობით ეძებენ.

როგორც ცნობილია, მიგრანტების დიდი ნაწილი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობს და ერთ-ერთი მარშრუტი ამ მიზნის განსახორციელებლად არის ლიბიიდან იტალიისკენ, ზღვის გავლით. ასეთი გადაადგილება არა მარტო უკანონოა, არამედ საფრთხის შემცველიც, რადგან გასაბერი ნავები ვერ უძლებს შტორმს და ხშირ შემთხვევაში ასეთი მოგზაურობა ტრაგიკულად სრულდება, როგორც ამჯერად მოხდა.

აგრიჯენტოს პროკურატურამ საქმე აღძრა უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის, ნავის ჩაძირვისა და ადამიანთა მკვლელობის მუხლით.


ფოტო: ANSA

„გასულ ღამეს მინისტრ ლამორჯეზეს ვუსმენდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ნავები აღარ წამოვიდნენ ლიბიის, ტუნისის და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან. ჩვენ ამისთვის დაუღალავად ვმუშაობთ“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ლამპედუზასთან მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close