„პატარა საქართველო“ ისრაელში – „ქართული სახლი“ და საკვირაო სკოლა ქალაქ ლოდში
ირაკლი კილაძე, პროფესიით ექიმი, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს, პარალელურად ქართული სათვისტომოს დამფუძნებელია. მან მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართა ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაცია „მამულის“ საქმიანობა და რა მიღწევები აქვთ „ქართულ სახლში“.
ირაკლი კილაძე: „ისრაელის პირველი ქართული არასმთავრობო ორგანიზაცია „მამული“ 2017 წლის სექტემბერში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ, 2018 წლის 8 იანვარს ოფიციალურად დავარეგისტრირეთ, ამიტომაც ჩვენი ათვლის წერტილი იწყება 2018 წლიდან. ამ ხნის მანძილზე მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი, მთავარი მათ შორის კი ქალაქ ლოდის „ქართულ სახლში“ გახსნილი საკვირაო (შაბათის) სკოლაა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს სარგებლობაში არსებულ შენობაშია განთავსებული.
სკოლამ ფუნქციონირება 2018 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო. ამჟამად სკოლაში, 4 ჯგუფში, 35 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე სწავლობს, რომლებიც ქართული ენის ცოდნის მიხედვით არიან განაწილებულები კლასებში. პირველი წელი, რა თქმა უნდა, შედარებით რთული იყო – პატარებთან ყველაფრის ნულიდან დაწყება. ისინი ცელქობდნენ, ხმაურობდნენ, ზოგმა ენა სულ არ იცოდა, მაგრამ წელს შედარებით შეეჩვივნენ, ენაც დახვეწეს – ამას მშობლებიც გვიდასტურებენ. მშობლები ვახსენე და – მინდა გითხრათ, რომ მათაც ისევე მოუხარიათ სკოლაში მოსვლა, როგორც პატარებს. ბავშვები მოსვლისთანავე დადებითად მუხტავენ გარემოს, დღის ბოლოს კი არავის უნდა აქედან წასვლა.
უნდა ვთქვა, რომ ჩვენი გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი, იყო პრობლემებიც, ნებით თუ უნებლიეთ ხელის შეშლის მცდელობები, კამათიც; მოგვიწია რამდენიმე ადამიანთან დამშვიდობებაც… საბედნიეროდ, საბოლოოდ კარგი გუნდი შეიკრა, ყველა გამოწვევისათვის მზად ვართ. მინდა გითხრათ, რომ ყოველ შაბათს გვყავს საინტერესო ადამიანი მოწვეული, ჩვენი სტუმრებით განებივრებულები ვართ.
წელს ახალი სასწავლო წლის გახსნაზე სტუმრად გვყავდა ანსაბლი „რუსთავი“, დიდი მაესტრო, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. დიდებული იყო „მრავალჟამიერის“ ფონზე ახალგარემონტებული სკოლის გახსნა, ჩვენც საოცრად ამაყები და ბედნიერები ვიყავით.
მინდა საგანგებოდ აღვნიშნო ბატონი მენი ბენიშის უდიდესი დამსახურება ჩვენი სკოლის წინაშე. ჩემთვის დიდი ბედნიერება და პატივია ასეთი პიროვნების გარემოცვაში ყოფნა, მისთვის საქართველო და ქართველი ხალხის სიყვარული ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, იგი სრულიად უანგაროდ დაგვეხმარა და დეველოპელური კომპანია „არქის“ მეშვეობით (რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ბატონი მენი) გაგვირემონტა ქართული სახლი; დავამატეთ ერთი საკლასო ოთახი, ვიზრუნეთ გარე და შიდა დიზაინზეც. დამიჯერეთ, ნამდვილი პატარა ამქვეყნიური სამოთხე მოგვიწყო, სადაც სათანადოდ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ სტუმრებს.
დიდი მადლობა კომპანია „არქის“ და ბატონ მენი ბენიშს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პიროვნების გვერდში დგომა.
ბატონ მენისთან ერთად ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორისაა აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დახმარება საქართველოში. იმედი მაქვს, ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ.
ბატონი მენი, აგრეთვე, გახლავთ, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელის სახელმწიფოში (ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულწრფელად მიკვირს, ქართული მხრიდან ასე კარგად როგორ შეარჩიეს საქართველოს საპატიო კონსულის კანდიდატურა).
ჩემთვის, აგრეთვე, აღსანიშნავია ჩვენი პედაგოგების უანგარო ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ბავშვების წინაშე, ისინი ისეთი დაღლილები მოდიან სკოლაში, მაგრამ ვერაფერს შეატყობთ (როგორც ჩანს, უცხოეთში პატრიოტიზმის გრძნობა გვიმძაფრდებდა და ენერგიას გვმატებს, აქ ყველაფერს სხვანაირად აფასებ). მათ უნდა იცნობდეს საზოგადოება, ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პედაგოგები და ადმინისტრაცია:
არჩილ ხუციშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ღირსეული ქართველი, განათლებული, ღირსეული, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი.
ფიქრია ლეჟავა, სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი – მართლაც წარმატებული მასწავლებელი და შესანიშნავი პროფესიონალი.
მაია მუქერია, ბუნების, გეოგრაფიის მაწავლებელი, სულ ახლახან შემოგვიერთდა და მის მიმართ ყველანი უკვე დიდი პატივისცემით ვართ გამსჭვალულნი.
მარი ბექაური, ხელოვნების პედაგოგი – ჩვენთან ურთიერთობა დაიწყო, როგორც მშობელმა, დღეს კი ისიც ჩვენს გუნდშია და პატარებს ხელოვნებას აზიარებს.
მაია კრიხელი, ჩვენი დაწყებითი კლასების მასწავლებელი – იგი სრულყოფილად ფლობს ივრითს, რაც ძალიან გვეხმარება სწავლების პროცესში.
ახლახან მეტად სასიხარულო ფაქტი მოხდა – სკოლაში სწავლა დაიწყო მთელმა ოჯახმა: დედამ, მამამ და სამმა შვილმა. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა და ამით ძალიან ამაყები ვართ. ისინი ჯერჯერობით მაია მასწავლებლის მოწაფეები არიან, მაგრამ მალე სხვადასხვა ჯგუფში გააგრძელებენ სწავლას.
თათია ელბაქიძე, მუსიკის პედაგოგი – საოცრად კარგი პიროვნება და პროფესიონალი. მინდა წარმატება ვუსურვო მას პირად ცხოვრებაშიც.
არ შემიძლია, არ ვახსენო ჩვენი უსაყვარლესი მანანა დუმბაძე, ჩვენი ქვეყნის დიპლომატი – იგი ყოველთვის ნახულობს დროს სკოლისათვის და პატარებს მეტყველებას და სწრაფ კომუნიკაციას ასწავლის. ამჟამად ქალბატონ მანანასთან ერთად ვემზადებით „შოთაობისთვის“, რომელიც ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება. დიდი მადლობა ჩვენი უსაყვარლესი ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს. სხვათა შორის, შარშან ნოდარ დუმბაძის მეორე ქალიშვილი, ქეთევანიც გვსტუმრობდა სკოლაში სხვა მწერლებთან ერთად“.
მაია მუქერია (ბუნების, გეოგრაფია-ისტორიის მასწავლებელი): „ქართული სკოლა „მამულის“ შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შევიტყვე და მაშინვე გამიჩნდა სურვილი, ამ „პატარა საქართველოს“ ცხოვრებაში ჩავრთულიყავი. სურვილი ავისრულე და სკოლის კოლექტივს გაზაფხულზე შევუერთდი, აქტიურად ჩავერთე სკოლის ცხოვრებაში. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი ქართულად ხდება, სადაც მუდამ ქართული სული ტრიალებს. სკოლაში აქტიურად ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, გეოგრაფია, ისტორია. ამ სკოლაში სწავლის მსურველთა რიცხვი შაბათიდან შაბათამდე იზრდება. მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს – ყველას ერთნაირად უხარია შაბათ დღეს სკოლაში მოსვლა. სკოლაში ხშირად გვსტუმრობენ საინტერესო ადამიანები როგორც საქართველოდან, ისე ისრაელიდან, ხშირად ეწყობა საბავშვო დღესასწაულები. ყოველი შაბათი დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობა ქართული სკოლა „მამულის“ და ქართული სახლის დამაარსებელს, ბატონ ირაკლი კილაძეს ამ უდიდესი, კეთილშობილური საქმის კეთებისა და გვერდში დგომისთვის“.
არჩილ ხუციშვილი, საკვირაო სკოლა „მამულის“ ადმინისტრაციის უფროსი: „ამჟამად განვითარებული მიგრაციული პროცესების გამო ქართველთა მესამე თაობა იბადება უცხოეთში, რომელიც ადვილად ასიმილირდება უცხოეთში და ეს თაობაც დაიკარგება საქართველოსთვის. საკვირაო სკოლებს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი ენიჭება.
აუცილებელია, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ იზრუნოს მიგრაციის პრობლემებზე და, ვითარებიდან გამომდინარე, საკვირაო სკოლებს უფრო ქმედითად დაეხმაროს. ჩვენი სკოლა უკვე ერთი წლისაა, გვქონდა პირველი გამოშვება. დასახული მიზანი, შეიძლება ითქვას, შევასრულეთ, ბავშვები, რომლებიც ცუდად ან საერთოდ ვერ საუბრობდნენ ქართულად, დღეს გამართულად საუბრობენ და წერენ მშობლიურ ენაზე. პირველი ნაბიჯები გადადგმულია, ახლა გვჭირდება სახელმწიფოს მეტი მხარდაჭერა, სახელმძღვანელოები, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეხმარება, საკმარისი ნამდვილად არ არის.
ჩვენი სკოლა შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ რაღაც დასკვნების გამოტანა უკვე შეგვიძლია: თამამად ვიტყვი, რომ წამოწყებამ გაამართლა.
მთავარი მიღწევაა ბავშვები და მათი ჟრიამული „ქართულ სახლში“.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები