წინდა სინოდის სხდომა დასრულდა: მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს, მეუფე იაკობს მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა
სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. მან გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.
სინოდის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.
სინოდის სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებდა, რომ მისთვის არაფერი იცვლება და ჭეშმარიტება არის ერთი:„რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას და ჩემთან დაკავშირებულ საკითხს და თქვენ რაც გაინტერესებთ სასჯელს, თუ დღევანდელი სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია“.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, ყველა სასულიერო პირის საკითხი კანონიკური სამართლით უნდა განიხილებოდეს.
radiotavisupleba.ge
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ პეტრე ცაავა პატრიარქ ილია მეორეზე „იწევდა“. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით კი, პეტრე ცაავამ მოიტყუა, როცა თქვა, რომ ის პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.
„ის წმინდა სინოდმა გადააყენა. არ დაგვიტოვა საშუალება, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო. ისე უხამსად მოიქცა სხდომაზე, იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
„საშინლად მოკლე ხედვა აქვთ. ჰგონიათ, პეტრეს გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას?! სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები. ეს როგორ არ გესმით?“ – ამ განცხადებას კი ფეისბუქზე დეკანოზი თამაზ ლომიძე ავრცელებს, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.
„რამ მიიყვანა საქართელოს ეკლესია ამ უმძიმეს მდგომარეობამდე? ცალსახა პასუხია: უკონტროლო და გაუაზრებელმა პრივილეგიებმა. რადგან ჩვენი ეკლესიისთვის საუკეთესო მინდა, ვიტყვი მთელი რწმენით და პასუხისმგებლობით: ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მორჩება გარეგნულ, მონურ რევერანსებს ეკლესიის წინაშე და უმკაცრესი კონტროლის და მწვავე კრიტიკის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას, რომელიც ეკლესიას კვლავ აიძულებს დაიკავოს დევნილის და ჩაგრულის პოზიცია, რომელიც ცეცხლში გავლას აიუძლებს ეკლესიას და თვითკმაყოფილებისა და უდარდელობისაგან კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში ჩადგომას აიძულებს მას. ზოგადად ესაა ეკლესიისთვის საუკეთსო მდგომარეობა და როგორც ჩანს ყველას სხვა პოზიცია განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
დევნილი ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია“, – წერს დეკანოზი თავის ფეისბუქგვერდზე.
სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი მეუფე იაკობის განცხადებებიც უნდა ყოფილიყო, რომელიც მან პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ თქვა, თუმცა უცნობია, განიხილეს თუ არა ეს თემა სინოდის სხდომაზე. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს თქმით, მეუფე იაკობმა სინოდის სხდომაზე შენდობა ითხოვა და მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.
დღევანდელ სხდომაზევე, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა შეცვალა.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად კი რუსთველი მიტროპოლიტი იოანე დაინიშნა. ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელთმთავრის გარეშე ივნისში დარჩა, როდესაც მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები