გიგა ლორთქიფანიძე – „ქართული სულით გაჟღენთილი“ რეჟისორი
19 ოქტომბერს (1927 წ.) გიგა ლორთქიფანიძის დაბადების დღეა. იგი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იმითაცაა გამორჩეული, რომ რეკორდსმენი რეჟისორია – მის შემოქმედებით არქივში 160-მდე სპექტაკლი და 15 ფილმია (როგორც რეჟისორის და როგორც სცენარის ავტორის), მათ შორის, „დათა თუთაშხია“. დიდი რეჟისორის გასახსენებლად, რომელიც 2013 წელს, 85 წლის ასაკში დაგვემშვიდობა, მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც ბატონი გიგას ერთ-ერთ დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩავწერე.
გიგა ლორთქიფანიძე: …რომელი დაბადების დღე გამოირჩევა? – რა გითხრათ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მრგვალი თარიღები იყო… 70 წლის იუბილე დიდ საკონცერტო დარბაზში გადამიხადეს. შესანიშნავი საღამო გამოვიდა. მე ყოველთვის ვუკრავდი და ვმღეროდი მეგობრებისა და ახლობლების წრეში, მაგრამ სცენაზე არასოდეს მემღერა. ამ საღამოზე კი აწ განსვენებულმა არაჩვეულებრივმა მომღერალმა მედეა ძიძიგურმა სიურპრიზი მომიწყო: ჩემი საყვარელი სიმღერა დაიწყო და უცებ მე მომაწოდა მიკროფონი – იძულებული გავხდი გამეგრძელებინა. მას შემდეგ მამღერებენ და მამღერებენ… დიდებული საღამო მომიწყვეს სამოცდათხუთმეტი წლის იუბილეზეც, ოღონდ მოსკოვში, მსახიობის სახლში. მაშინ სამოცდათხუთმეტი წლისთავი თბილისში არ აღმინიშნავს. იქ უკვე ნანი ბრეგვაძემ მიმღერა.
აი, ოთხმოცი წლის რომ გახდით, მაშინ უკვე უარი თქვით საიუბილეო საღამოს გამართვაზე…
არ მინდოდა სამუზეუმო ეგზემპლარივით დავმჯდარიყავი და ჩემთვის რაღაც სიტყვებით მოემართათ. ეს სიტყვები მაინც მითხრეს, მაგრამ სულ სხვა გარემოში. აღმოჩნდა, რომ თბილისის თეატრებში ჩემი სამი სპექტაკლი გადიოდა: რუსთაველის თეატრში – „წათეს წითელი წაღები“, ოპერის თეატრში – უკვდავი „ქეთო და კოტე“, ახმეტელის თეატრში კი – „ლამანჩელი“ (მიუზიკლი). გადავწყვიტე, მილოცვები სპექტაკლების შემდეგ მიმეღო და იუბილე ისე ჩამეტარებინა. ასეც მოხდა, არასტანდარტული, ორიგინალური საიუბილეო საღამო შედგა. ის დღეები არასოდეს დამავიწყდება.
დაბადების დღეზე, როგორც წესი, ცხადია, საჩუქრებსაც იღებთ, ბატონო გიგა. ყველაზე ორიგინალური რა საჩუქარი მიგიღიათ?
ალბათ ქრისტიანული ოქროს ჯვარი, რომელსაც მას შემდეგ მუდმივად ვატარებ…
ვინ გაჩუქათ?
არის ასეთი ძალიან საინტერესო ქალბატონი – ჯუნა დემეტრაშვილი, მან მისახსოვრა.
ბატონო გიგა, ვიცი, რომ საკმაოდ კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ მუსიკალურ ასპარეზზე. არასოდეს გინანიათ, სწავლა კონსერვატორიაში რომ არ გააგრძელეთ?
მუსიკით ბავშვობიდან სერიოზულად ვიყავი გატაცებული. მე და ჩემი და – მარიკა ანასტასია ვირსალაძესთან, ელისო ვირსალაძის ბებიასთან ვმეცადინეობდით. იმდენად კარგი სმენა მქონდა, რომ მეორე დღეს ნაწარმოებს უკვე სმენით ვუკრავდი, ნოტებს აღარ ვუყურებდი და ამის გამო მიწყრებოდა ხოლმე. იგი ძალიან დიდ იმედს ამყარებდა ჩემზე, როგორც პიანისტზე. ბიძაჩემი, გენიალური ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძეც მაღალი აზრის იყო ჩემს მუსიკალურ მონაცემებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი დრო დადგა, რომ ფუნდამენტური მუსიკალური განათლების საშუალება აღარ იყო: ომი, გაჭირვება… ჟენია (ევგენი მიქელაძე) დააპატიმრეს, ოჯახი განადგურდა, მამა დახვრიტეს… ასე რომ, მუსიკას თავი დავანებე და ეს ტკივილი დღემდე მომყვება, მაგრამ სინანულით არ ვნანობ – ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მერე ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ თეატრის გარეშე არსებობა ვერ წარმომედგინა (ფაქტობრივად, ოპერის თეატრში გავიზარდე) და ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. როგორც რეჟისორს, ჩემი მუსიკალური მონაცემები ძალიან დამეხმარა. საერთოდ, სპექტაკლის რეჟისორს აუცილებლად სჭირდება ეს მონაცემები. მოკლედ, ეს ორი სფერო, მუსიკა და თეატრი, ჩემთვის ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად არსებობდა და არსებობს…
თუმცა ალბათ რეჟისურა ერთგვარი მისია იყო…
ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ალბათ მაინც სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, რეჟისურაში წავსულიყავი. ისე, რომ არა ჩემი ფეხის ამბავი, შეიძლება მსახიობი ვყოფილიყავი. ბავშვობაში რეჟისურა რა იყო, არ ვიცოდი, მსახიობობით ვიყავი გატაცებული და მეც მსახიობობა მინდოდა. მერე ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ რეჟისორი გავხდი და დღემდე ასე მოვედი… აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა უახლოესმა ბავშვობის მეგობარმა და ჩემივე ბედის გამზიარებელმა, რეპრესირებული მშობლების პატრონმა ნოდარ დუმბაძემ, რომელთანაც არა მარტო პირადი, არამედ შემოქმედებითი მეგობრობაც მაკავშირებდა. ჩემი საუკეთესო სპექტაკლები: „მე ვხედავ მზეს“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „თეთრი ბაირაღები“, „ნუ გეშინია, დედა“ – ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით მაქვს დადგმული. საერთოდ, მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის საინტერესო ადამიანებით ვიყავით გარშემორტყმულნი – ეს დიდი ბედნიერებაა!
ბატონო გიგა, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ შემიძლია არ გკითხოთ: ხშირად, როდესაც ჩვენს დღევანდელ ყოფაზე ჩამოვარდება საუბარი, ბევრჯერ მომისმენია, რომ უთქვამთ: ერთი ნოდარ დუმბაძე როგორ გვჭირდებაო… როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა ნოდარ დუმბაძე დღევანდელ სიტუაციაზე?
ნოდარი ყოველთვის გვჭირდება: მისი ნიჭი, იუმორი, კაცთმოყვარეობა… მე იშვიათად მეგულება მწერალი, რომელსაც თითქმის არცერთი უარყოფითი გმირი არ ჰყავს თავის ნაწარმოებებში. შემცდარი და არასწორ გზაზე მდგარი ადამიანებიც კი საინტერესო ხალხად ჰყავს გამოყვანილი. ნოდარი ყოველთვის შეურიგებელი იყო უსამართლობისადმი, მაგრამ ყველგან და ყველაფერში კარგს ეძებდა, რითაც ძალიან ახლოს იყო ჩემს მსოფლმხედველობასთან… რას იტყოდა? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ რაც მე არ მომწონს, არც მას მოეწონებოდა, უპირველეს ყოვლისა, დღემდე ქართული კულტურის მიმართ უყურადღებობა…
ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოს არ შეეძლო რამდენიმე მილიონი დაეხარჯა თუნდაც ქართულ კინოზე, მით უმეტეს, რომ ძალიან კარგი მსახიობები გვყავს, რომელთა მონაწილეობითაც საინტერესო ფილმების გადაღება შეიძლება. აქვე გეტყვით, რომ ერთადერთი დიდი ტკივილი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში დამრჩა, ეს არის ფაქტი, რომ ვერ გადავიღე ფილმი ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ამ ფილმის სცენარი (თორმეტსერიანი) წლების წინათ გავაკეთეთ მე და აწ გარდაცვლილმა შესანიშნავმა სცენარისტმა ამირან ჭიჭინაძემ. ყაზბეგის არჩევანი ჩემთვის შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი მაყურებლისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ყაზბეგია – არსად ისეთი სიმძაფრით არ არის წარმოდგენილი ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი პატრიოტიზმი, ურთიერთგატანა, თავდადება, როგორც ყაზბეგის ნაწარმოებებში. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა აშკარა გამოწვევა იმ უაზრო მრავალსერიანი ფილმებისა – უცხოურისაც და ჩვენისაც – რომლებშიც პირადად მე საჭიროს ვერაფერს ვხედავ…
ჩვენი ლიტერატურა, პოეზია, ხალხური ლეგენდები კაცთმოყვარეობაზეა აგებული და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ. ვფიქრობ, ყაზბეგი ძალიან სჭირდებოდა დღევანდელ ქართველ ახალგაზრდობას… სჭირდება კიდეც, მაგრამ ფული ვერ ვიშოვე, რომ ეს ფილმი გადამეღო… დღეს ფულიც რომ გამოჩნდეს, ალბათ ფიზიკურადაც ვერ შევძლებ მის გადაღებას, რადგან დიდ ენერგიას, გაუთავებელ ექსპედიციებს, მთის მწვერვალზე ცხოვრებას მოითხოვს, რაც უკვე ძნელია ჩემთვის… ახლა სიამოვნებით ვიმუშავებდი და შევძლებდი კიდეც გიორგი შატბერაშვილის ბრწყინვალე ნაწარმოების – „მკვდრის მზის“ მიხედვით ძალიან საინტერესო ფილმის გადაღებას, სამწუხაროდ, ფინანსების უქონლობის გამო ეს იდეაც განუხორციელებელი მრჩება…
ბატონო გიგა, ამბობენ ბედიც ერთგვარი რეჟისორიაო. საინტერესოა, თქვენი ბედის გამზიარებელი – თქვენი ცხოვრების თანამგზავრი როგორ იპოვნეთ? ვისი ან რისი დამსახურებაა თქვენი და ქალბატონ ქეთევანის [მსახიობი ქეთევან კიკნაძე – რედ.] ურთიერთობა?
უკვე ჩამოყალიბებული რეჟისორი ვიყავი, როდესაც ჩემი მეგობრის, მიხეილ თუმანიშვილის სადიპლომო სპექტაკლში „მეექვსე სართულზე“ ვნახე ქეთინო (მიშა მათ ჯგუფს ასწავლიდა) და ისე ძალიან მომეწონა, რომ გადავწყვიტე, ჩემი მეუღლე გამხდარიყო. ერთ რამეს დავიტრაბახებ: თუ რამეს გადავწყვეტდი, იმას ვასრულებდი კიდეც…
ქეთევან კიკნაძე ბეჩუნი პერტიას როლში, „დათა თუთაშხია“ (1977, 1978 წწ.)
მიზანს მალე მიაღწიეთ?
ერთი-ორჯერ კინოში ვიყავით, რამდენჯერმე – თეატრში. რესტორნებში მაშინ ქალები არ დაჰყავდათ – არ იყო ეს წესი საქართველოში… მერე ვუთხარი, ჩემი ცოლი უნდა გახდე-მეთქი. ახლა ვხუმრობ ხოლმე, უცებ დამეთანხმა-მეთქი, რადგან იფიქრა, ეს ისეთი ტიპია, მეორედ აღარ მეტყვისო. მას შემდეგ ორმოცდათხუთმეტ წელზე მეტია გასული…
თუ გახსოვთ, ქორწინებამდე რაზე ოცნებობდით და ეს ოცნება თუ აგიხდათ?
ქეთინომ ყველა ოცნება ამიხდინა, იმიტომ რომ შემიქმნა ძალიან კარგი, ურთიერთსიყვარულზე აგებული ოჯახი – ბედს ნამდვილად არ ვემდური.
როგორც ვიცი, შვილიშვილი გყავთ ლორთქიფანიძე…
კი, ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ მისცეს ჩემი გვარი…
საინტერესოა, რით ჰგავს პატარა გიგა ლორთქიფანიძე სახელოვან ბაბუას?
ძალიან მუსიკალური ბავშვია, თუ რამეს მოისმენს, ყველაფერს მღერის.
დაბოლოს, დამეთანხმებით, წლებს გამოცდილება მოაქვს, გამოცდილებას – სიბრძნე… რა გასწავლათ ცხოვრებამ?
მასწავლა ის, რომ უნდა ეცადო, მაქსიმალურად ობიექტურად იცხოვრო ამქვეყნად – ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.
* * *
როგორც მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ამბობს, „გიგა ქართული სულით გაჟღენთილი რეჟისორი იყო…“ ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები