აზერბაიჯანში ქართული საშუალო სკოლა გაიხსნა
აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევითა და საქართველოს საელჩოს ჩართულობით, კახის რაიონში ახალი თანამედროვე სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.
16 სექტემბრიდან სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შენობაში დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად შესაბამისი თანხა სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები სწავლა-განათლების პროცესში. ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს. უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით, დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.
pia.ge
კომენტარები