თამარ ლორთქიფანიძე: „შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ პოლონელებს ჩვენ მიმართ…“
პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ლორთქიფანიძისთვის ეს ქვეყანა ძვირფასი და ახლობელია იმიტომაც, რომ მის ძარღვებში პოლონური სისხლიც ჩქეფს – თამარის დიდი ბებია (დედის მხრიდან) პოლონელი იყო. სწორედ ამიტომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია პოლონელებს შორის. თამარმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გადაწყვიტა, ახლოს გასცნობოდა დიდი ბებიის სამშობლოს და პოლონური ენის შესწავლაც დაიწყო… თუ როგორ განვითარდა ეს გზა, როგორ აღმოჩნდა იგი პოლონეთში და რა პროექტებით ეწევა საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც ახალგაზრდა ელჩი, ინტერვიუდან შეიტყობთ. თამარი, აგრეთვე, საყურადღებო ინფორმაციას გვაწვდის პოლონეთში ქართველი ახალგაზრდებისთვის სწავლის შესაძლებლობებზე და საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე.
თამარ, მოგვიყევით თქვენ შესახებ: სად სწავლობთ, რას საქმიანობთ, პოლონეთში როდის და როგორ აღმოჩნდით…
მოგესალმებით. პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. დავიბადე თბილისში. ოქროს მედალზე დავამთავრე თბილისის 162-ე საჯარო სკოლა. პოლონური წარმომავლობიდან გამომდინარე (დიდი ბებია მყავდა პოლონელი დედის მხრიდან), გადავწყვიტე გავწევრიანებულიყავი საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიაში“ და ვმონაწილეობდი მის მიერ ორგანიზებულ პროექტებში (მათ შორის, პოლონურ-ქართული საბავშვო ლიტერატურული ალმანახის გამოცემაში, ღონისძიებებზე ქართულ და პოლონურ ენებზე ვასრულებდი სიმღერებს და ა. შ.). პოლონური ენის შესწავლაც სწორედ „პოლონიაში“ დავიწყე. სასწავლო წლის ბოლოს პოლონური ენის გამოცდაში მაღალი შეფასების მიღების შემდეგ წარმატებულ ბავშვებს შეგვეძლო პოლონეთში საზაფხულო ბანაკში გამგზავრება. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. ბანაკის ბოლოს თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა უნდა წარედგინა. მე ქართულ და პოლონურ ენაზე შევასრულე „სულიკო“ და „თბილისო“ და პირველი ადგილი ავიღე, ამისთვის პოლონეთიდან მელოდიის თასიც კი ჩამოვიტანე. 😊
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე გამოცდები საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში და სწავლა ვარშავაში გავაგრძელე. უკვე მეცხრე წელია, რაც ვარშავაში ვცხოვრობ. დავამთავრე ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (დიპლომატიის სპეციალობით) და პარალელურად ვსწავლობდი ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე (სპეციალობა: ჯანდაცვის მენეჯმენტი). ამჟამად დოქტორანტურაზე ვსწავლობ ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ვწერ დისერტაციას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გეოპოლიტიკაზე.
2018 წლის ნოემბრიდან გახლავართ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩობა. პარალელურად ვმუშაობ ბიზნესის განვითარების წამყვან სპეციალისტად ერთ-ერთ პოლონურ კომპანიაში. აქვე დავამატებდი, რომ წელს ჩემმა დამ, ნინომ ჩააბარა ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ძალიან წარმატებული ახალგაზრდაა და მიხარია, რომ მანაც პოლონეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება.
იმდენად ნაცნობი და ახლობელი ყოფილა თქვენთვის პოლონეთი, შეგუება ძალიან არ გაგიჭირდებოდათ…
თავიდან ძალიან მენატრებოდნენ ოჯახის წევრები, ახლობლები. ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ სახლიდან დაახლოებით 3000 კილომეტრში ვიმყოფებოდი. პოლონური ენის ცოდნა და პოლონელების ჩემ მიმართ დამოკიდებულება (თავი არასდროს მიგრძვნია აქ უცხოელად, ყოველთვის, ასე ვთქვათ, თავისიანად მთვლიდნენ) ბევრ რამეში დამეხმარა. ოჯახის წევრების მხარში ამოდგომამ და საკუთარმა მიზანდასახულობამ შემაძლებინა სირთულეების დაძლევა და დღეს ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
თქვენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?
ყოველთვის მაინტერესებდა საერთაშორისო უსაფრთხოება, დიპლომატია. იმ ფაქტმა, რომ გაგრაში დავკარგეთ სახლი (საზაფხულო აგარაკი) დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ არჩევანზე და გადავწყვიტე დიპლომატიას გავყოლოდი. იქიდან გამომდინარე, რომ მედიცინაც ყოველთვის მხიბლავდა, გადავწყვიტე ჯანდაცვის ფაკულტეტზეც ჩამებარებინა, რადგან შეუძლებელი იქნებოდა დიპლომატიისა და მედიცინის ერთმანეთთან დაკავშირება. მეგობრები ხშირად იცინიან, რომ პროფესიული არჩევანი რაღაც მხრივ გენეტიკამაც განაპირობა – დედაჩემი მეტყველების თერაპევტია (ჯანდაცვა გარკვეულწილად კავშირშია ამ სფეროსთან), მამა კი – სამხედრო, პოლკოვნიკი (სამხედროები ხომ თავის ქვეყანას იცავენ). ჩემი მისაბაძი მაგალითი ბებია (ლანა ჯალაღანია) გახლავთ, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა მთელი ცხოვრება საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, მინისტრთა საბჭოსა და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმში. ძალიან მინდა, სწორედ მას ვგავდე ყველაფერში.
პოლონეთში რა შესაძლებლობებია უმაღლესი განათლების მიღების მხრივ ქართველი ახალგაზრდებისთვის?
დღეისათვის სულ უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს პოლონეთს სწავლის გასაგრძელებლად. ეს განპირობებულია არა მხოლოდ სწავლის მაღალი ხარისხით, არამედ ამ ქვეყნის უსაფრთხოებით, ფინანსური მიმზიდველობით, კულტურითა და კეთილგანწყობით, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებენ. 2017/2018 აკადემიურ წელს საქართველოს 350-მდე მოქალაქე სწავლობდა პოლონურ უნივერსიტეტებში (საუბარია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე). ქართველ სტუდენტებს შორის ყველაზე პოპულარული ფაკულტეტებია: საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი, ეკონომიკა და ა. შ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ბევრი სასტიპენდიო პროგრამაა ხელმისაწვდომი პოლონეთში: ეს გახლავთ ვიშეჰრადის ფონდის სტიპენდია, Erasmus+, პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსები და სტიპენდიები (მაგალითად, სტეფან ბანახის სახელობის სტიპენდია, პოლონეთის მთავრობის სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევართათვის, ლეინ კირკლანდის პროგრამა), ევროპის კოლეჯის ვარშავის კამპუსის სამაგისტრო სტიპენდია და ა. შ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს ვურჩევ პერიოდულად შეამოწმონ ხოლმე საქართველოში პოლონეთის საელჩოს და საქართველოს განათლების სამინისტროს ვებგვერდები ან მომწერონ ფეისბუქში: Young Ambassador of Georgia to the Republic of Poland. როგორც კი ცხადდება კონკურსი მიღებაზე, ვცდილობ მაშინვე გამოვაქვეყნო ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ახალგაზრდა ელჩის ფეისბუქგვერდზე.
ამასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერე პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრთან, ბ. იაროსლავ გოვინთან მიმდინარე წლის თებერვალში – https://issuu.com/observer-diplomat/docs/diplomat_february/11
პოლონელების განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოსადმი ცნობილია – ქართველებს ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი ხვდებოდნენ. ახლა რა ხდება, ხომ არ შეიცვალა ეს დამოკიდებულება?
მართალი ბრძანდებით. როგორც იცით, საქართველოსა და პოლონეთს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენი ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ნაყოფიერი თანამშრომლობით. საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული დინამიკური ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს – ეს ეხება ხალხთა შორის კავშირებს, კულტურას, განათლებას და ა. შ. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ღრმავდება ურთიერთობები სამთავრობო, საპარლამენტო დონეზე. სწორედ წელს შესრულდა 100 წელი საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან. პოლონელებს ახსოვთ ქართველი ოფიცრები, რომლებიც საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის ინიციატივით ჩაირიცხნენ პოლონური არმიის შემადგენლობაში და პოლონელებთან ერთად იცავდნენ პოლონეთს ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის აგრესიისგან. ქართველებს ალბათ არასდროს დაგვავიწყდება 2008 წლის აგვისტოში პოლონელების თანადგომა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ვიზიტი.
მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო დღითიდღე სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება პოლონეთში – რეკორდულად გაიზარდა პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვი (66 000 ტურისტი 2018 წელს). სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული სამზარეულო პოლონეთში, რისი ნათელი მაგალითიც გახლავთ ქართული რესტორნებისა და საცხობების დიდი რაოდენობა ვარშავასა და სხვა დიდ ქალაქებში. სულ უფრო მეტი წიგნი იწერება ჩვენი ლამაზი ქვეყნის შესახებ, იქმნება ბლოგები და ა.შ. უფროსი თაობა ღიმილით იხსენებს გრიგორი სააკაშვილს ფილმიდან „ოთხი ტანკისტი და ერთი ძაღლი“ და გასული წლის სამოციან წლებში ანსამბლ „ფილიპინკების“ მიერ შესრულებულ სიმღერას ბათუმზე, რომლის განახლებული კლიპი უკვე სხვა მომღერლის (ნატალია ლეშის) შესრულებით 2012 წელს გამოვიდა. შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ პოლონელებს ჩვენ მიმართ და ჩვენ, ქართველებს მათ მიმართ. 😊
თქვენს ირგვლივ და, საერთოდ, ბევრი ქართველია პოლონეთში?
ჩემს ირგვლივ ბევრი ქართველია. ძირითადად, ურთიერთობა მაქვს დიასპორასთან და ქართველ სტუდენტებთან. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პოლონეთში სამუშაოს საძებნელად ჩამოსული ქართველების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. პოლონეთის ე. წ. უცხოელთა ოფისის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე 12 ათასზე მეტი დროებითი სამუშაო ნებართვა გაიცა. გაიზარდა პოლონეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა. 2019 წლის მარტში ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 2 357 000 დოლარი შეადგინა და პოლონეთი მსხვილი ფულადი გზავნილების გამომგზავნი ქვეყნების ათეულშიც კი მოხვდა, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 800 ათას დოლარს შეადგენდა, 2017 წელს კი მხოლოდ 127 ათასი დოლარი იყო.
როგორც ჩანს, გაადვილდა სამუშაოს შოვნა…
შეიძლება ითქვას, რომ გაადვილდა, რადგან პოლონეთი ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დროებითი დასაქმების პროგრამით წასულ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით ლეგალურად მუშაობა. შემდეგ ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. მართალია, ასეთი შესაძლებლობა, ერთი შეხედვით, მიმზიდველია, მაგრამ აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ბევრ სირთულესთან უწევთ გამკლავება.
პოლონეთში დასაქმება სამი გზითაა შესაძლებელი. ეს გახლავთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საპილოტე პროგრამა, რომელიც ეხმარება მოქალაქეებს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სავიზო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. ამ ორგანიზაციის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების უმეტესობა დასაქმებულია მშენებლობაზე ან ტრანსპორტის სფეროში. შესაძლებელია დამსაქმებლის დამოუკიდებლად მოძიება და მასთან დაკავშირება. გარდა ამისა, არსებობებს კერძო კომპანიები/არაკეთილსინდისიერი საშუამავლო სააგენტოები, რომლებიც გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ დაინტერესებულ პირებს პოლონეთში სამსახურის შოვნას ჰპირდებიან. ხშირად ასეთი კომპანიების ნაწილი არ ასრულებს დაპირებას, შესაბამისად, ბინისა და სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნი ხდებიან.
პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსული ქართველი მიგრანტების მთავარი პრობლემა ენის ბარიერია. გარდა ამისა, ხშირად დამსაქმებლები არ აფორმებენ ხოლმე კონტრაქტს დასაქმებულთან, არ გააჩნიათ დაზღვევა. დღეისათვის პოლონეთში რთული დემოგრაფიული სიტუაციაა. პოლონური სამუშაო ძალა გაედინება დასავლეთ ევროპასა და სკანდინავიის ქვეყნებში, ამიტომაც პოლონეთი გააგრძელებს ამ ზარალის ანაზღაურებას უცხოელი შრომითი მიგრანტების მიღების ხარჯზე.
თქვენი, როგორც ახალგაზრდა ელჩის, საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით, რა განცდა იყო, როცა გაიმარჯვეთ და რა პროექტები განახორციელეთ?
კონკურსში გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობის მოცემისთვის. მოხარული ვარ, რომ სამოქმედო გეგმაში გაწერილი პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება. კიდევ უფრო მახარებს ის, რომ მოხერხდა ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც არ იყო გაწერილი სამოქმედო გეგმაში.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დახმარებისა და მხარში დგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს ვარშავაში, განსაკუთრებით კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში, ბატონ ილია დარჩიაშვილს, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდა ელჩის ნებისმიერ ინიციატივას.
იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთი დიდი ქვეყანაა და საქართველო ძალზე პოპულარული და, ასე ვთქვათ, ცნობადია მის დედაქალაქში, მიზნად დავისახე ღონისძიებების სხვადასხვა რეგიონში ორგანიზება. დედაქალაქის გარდა, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, ორგანიზება გავუკეთე ღონისძიებებს ან წარვადგინე საქართველო სხვადასხვა ღონისძიებაზე კრაკოვში, პოზნანში, ბიელსკო-ბიალაში (პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთი), კროსნოში (პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი).
განხორციელებული პროექტებიდან გამოვყოფდი ქართული ფილმების 3-დღიან კინოჩვენებას, სახელწოდებით „გამარჯობა კინო“, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ვარშავაში გაიმართა. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ გამართულ კონფერენციას „ახალგაზრდული პოლიტიკა: შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, შეხვედრას კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე ვისაუბრე და სადისკუსიო პანელს, რომელიც პოზნანის უნივერსიტეტში წლის დასაწყისში გაიმართა და შეეხო საქართველოში ტრანსფორმაციას საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. არ მინდა თავი შეგაწყინოთ, 😊 დანარჩენი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ახალგაზრდა ელჩის გვერდზე ყველას შეუძლია.
ელჩობის პერიოდში სამომავლოდ რა ღონისძიებებს გეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით და სად?
სულ რამდენიმე დღეში ვარშავაში გაიმართება შეხვედრა სახელწოდებით „08.08.08 – პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“, რომელიც აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას თორნიკე კოპლატაძის დოკუმენტური ფილმის, „მცოცავი საზღვრების“ ნახვა შეეძლება. გარდა ამისა, სტუმრები მიიღებენ სრულ ინფორმაციას 2008 წლის კონფლიქტის შესახებ და გაეცნობიან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.
აგვისტოს ბოლოს მივემგზავრები პოლონეთის სამხრეთით, კერძოდ ქ. ჟეშუვში, სადაც შევხვდები ფონდ Pro Spe-ს წარმომადგენლებს და მოხალისეებს. ეს ორგანიზაცია ეხმარება საქართველოში უსახლკაროებს, მიუსაფარ ბავშვებს, სამედიცინო აპარატურაც კი გადასცა რამდენიმე ცენტრს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რეაბილიტაციითაა დაკავებული.
მანდატის ამოწურვამდე ბევრი ღონისძიება მაქვს დაგეგმილი: გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“, სამეცნიერო კონფერენცია, ქართული ენის ვორქშოფი, ქართული სამზარეულოს მასტერკლასი, ღვინის დეგუსტაცია და ა. შ. დეტალური ინფორმაცია ამ ღონისძიებების მოახლოებასთან ერთად ახალგაზრდა ელჩის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.
სხვა ქვეყნების ახალგაზრდა ელჩებთან თუ გაქვთ რაიმე ერთობლივი ღონისძიება?
მარტში ვენაში ერთობლივად ჩავატარეთ ანტისაოკუპაციო ღონისძიება და გავაცანით დამსწრე საზოგადოებას რუსული აგრესიის შედეგები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია და ა. შ. გვინდა კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის განხორციელება, თუმცა, თქვენის ნებართვით, ჯერჯერობით დეტალებს არ გავამხელ. 😊
ახალგაზრდებისთვის რა არის უმთავრესი?
მშვიდობა და სტაბილური განვითარება. ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ჩართულობა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ აქტივობებში. ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. სწორედ ამის შესახებ ვიმსჯელეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი 5 ქვეყნის წარმოადგენლებთან ერთად 9 ივლისს ვარშავაში საქართველოს საელჩოში გამართულ კონფერენციაზე „ახალგაზრდული პოლიტიკა: შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
ქართულ დიასპორასთან თუ გაქვთ ურთიერთობა და, თქვენი აზრით, რა არის ემიგრანტების უმთავრესი პრობლემა?
დიასპორასთან მაქვს ურთიერთობა. პერიოდულად ვხვდებით ერთმანეთს და ვსაუბრობთ საჭირბოროტო საკითხებზე. ემიგრანტების წინაშე უამრავი პრობლემა არსებობს, მიჭირს გამორჩევა, რომელია მათ შორის უმთავრესი. გამოვყოფდი, ჩემი აზრით, სამ ყველაზე დიდ პრობლემას. ეს გახლავთ არალეგალური მიგრაცია, დიდი ხნის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაშორება (განსაკუთრებით ეს ეხება ქალებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახულობენ შვილებს) და, რაღა თქმა უნდა, სამშობლოს მონატრება.
თქვენი ცხოვრების პრინციპი და მიზანი რა არის?
ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის ჩემი ოჯახია. მიზანი კი გახლავთ, რომ ყოველთვის ვაკეთო ის, რაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. შეუძლებელი არაფერია, სწორედ ამიტომ არასდროს უნდა გაჩერდე, მუდამ უნდა მიიწევდე წინ. ეს ჩემი დევიზია. მიზნისკენ სწრაფვას შეუძლია ყოველგვარი სირთულე დაგვამარცხებინოს. ჩემი ცხოვრების კრედო კონფუცის სიტყვებია: „სამი რამ არასოდეს ბრუნდება უკან: სიტყვა, დრო და შესაძლებლობა, ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი“.
საქართველოში თუ ხედავთ საკუთარ თავს?
აუცილებლად ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა უახლოესი რამდენიმე წელიწადი ჯერჯერობით პოლონეთში მომიწევს დარჩენა.
პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
ამჟამად შეყვარებული არ ვარ. 😊
დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: ვისურვებდი, რომ…
სულ მალე გვეცხოვროს ყველას გაერთიანებულ საქართველოში!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები