„გურულო, ხომ არ წახვიდოდი ირანში შაჰად?“ – რატომ შესთავაზა სტალინმა აკაკი ვასაძეს ირანის შაჰობა

თეირანში სტალინს, რუზველტს და ჩერჩილს შორის მოლაპარაკება (1943 წლის 28 ნოემბერი – პირველი დეკემბერი) მიმდინარეობს. თავისუფალ დროს სტალინი საბჭოთა საელჩოს დარბაზში მათ „გიორგი სააკაძის“ ორივე სერიის სანახავად იწვევს. ჩვენებას მათთან ერთად ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევიც ესწრება…

ფილმი ყველას ძალიან მოეწონა თურმე, განსაკუთრებით კი ირანელები აღფრთოვანებულან შაჰ-აბასის როლის შემსრულებლით, აკაკი ვასაძით. „აი, შაჰიც ეგეთი უნდა, მოგვეცი ეგ შაჰი ჩვენო!“ „გურულო, რამე რომ იყოს, არ წახვიდოდი შაჰად ირანში?“ – ხუმრობით ეტყვის სტალინი მასთან სოჭში, აგარაკზე მყოფ აკაკი ვასაძეს. „არა, ამხანაგო სტალინ, რა მინდა ირანში, როცა საკუთარ სახლში შაჰიცა ვარ და შაჰინშაჰიც“, – სხარტად მიუგებს ვასაძე. „მეც ეგრე ვუთხარი, ვასაძე თქვენს შაჰობას არ დათანხმდება-მეთქი“, – სიცილით ეტყვის სტალინი. ამ საუბარს 1946 წლის ოქტომბერში სოჭში დასასვენებლად მყოფ სტალინთან სტუმრობისას აკაკი ვასაძე თავად იხსენებს თავის მემუარებში.

შაჰ აბასი, „გიორგი სააკაძე“, 1942-1943

ხოლო როდესაც თავად სტალინი ეწვია შაჰს სტუმრად მისსავე სასახლეში, ირანში შაჰი თურმე ისე დაიბნა, რომ მუხლებზე დაეცა, სტალინს „მხსნელი“ უწოდა და თან ჩექმებზე კოცნიდა. სტალინმა ის ფეხზე წამოაყენა და დიდხანს ესაუბრა. სწორედ მაშინ უთხრა მან თავის თანმხლებ პირებს ქართულად: „სად არის გიორგი სააკაძე, მუხლმოდრეკილ შაჰს ხედავდეს…“

სხვათა შორის, სტალინმა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება კიდევ ერთი უდიდესი არტისტის, აკაკი ხორავას პატივსაცემად შემოიღო და 1936 წელს აკაკი ხორავამ და აკაკი ვასაძემ პირველებმა მიიღეს ეს წოდება. მანამდე 1934 ვასაძე საქართველოს სახალხო არტისტი გახდა.

ზაურბეკი, „ფატიმა“, 1958
* * *

აკაკი ვასაძე ეკრანზე პირველად 1923 წელს გამოჩნდა და არაერთი საინტერესო როლი შეასრულა. ფართო დიაპაზონის მქონე მსახიობს ერთნაირად წარმატებით გამოსდიოდა ტრაგიკული და კომიკური პერსონაჟების თამაში, მისთვის დამახასიათებელი სრულიად გამორჩეული მანერით. ფილმში „გიორგი სააკაძე“ განსახიერებული შაჰ აბასის როლის გარდა განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მამასახლისი „მაგდანას ლურჯაში“, ფარსმან სპარსი „დიდოსტატის მარჯვენაში“, მიქაელი „დათა თუთაშხიაში“, პლატონ სამანიშვილი „სამანიშვილის დედინაცვალში“… აღარაფერს ვამბობთ მის სცენურ მოღვაწეობასა და რეჟისორულ საქმიანობაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული თეატრისა და კინოს დიდოსტატი საქართველოს მხატვართა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელიცაა.

პარმენი, „უდიპლომო სასიძო“, 1961 წ.

საქმე ის გახლავთ, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ურთულეს პერიოდში, 1899 წლის 6 აგვისტოს ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში, ევროპული ტანსაცმლის მკერავის ოჯახში (მამას – ალექსი (ალექსანდრე) სოფრომის ძე ვასაძეს პეტრიაშვილის ორკლასიანი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული; დედა – მინადორა სპირიდონის ასული ზვიადაძეც წერა-კითხვის მცოდნე ქალი იყო) დაბადებულ მომავალ მსახიობს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ბიჭუნა ხუთი წლისაც არ იყო, რომ მამიდა ივლიტას მიერ ნასწავლ ფრანგულ ლექსებს გატაცებით ჰყვებოდა სტუმრების წინაშე, „ნასალდათარი“ და, ამავე დროს, შესანიშნავი მღებავი ბიძის, გრიგოლის მიერ სააღდგომოდ ვარდისფრად შეღებილ ქვის ბუხარს კი ნახშირით თხუპნიდა – ყვავილებითა და ცხოველებით „ალამაზებდა“. ამის გამო ბებია ეროდე თავს რისხვას ატეხდა და პატარა აკაკის ისღა რჩებოდა, რომ თარგებიდან მონარჩენი ქაღალდის ნაგლეჯები მოეძებნა და ხატვის სურვილი ასე მოეკლა. შვილის მხატვრობისადმი ასეთი სწრაფვა მამას თურმე ძალიან ადარდებდა და ხშირად სასოწარკვეთით უთქვამს: „რა გვეშველება, ჩვენი კაკულა თუ ჩემი ძმის კვალზე წავიდა…“

მამასახლისი, „მაგდანას ლურჯა“, 1955

ეს სურვილი და გატაცება შემდგომში ვასაძეების ღირსეულ წარმომადგენელს დიდხანს გაჰყვა, – გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც სამხატვრო აკადემიისკენ მიუწევდა გული და მამას რომ არ გაეგო, ხან კროტკოვის ატელიეში ხატავდა ჩუმად, ხან რიონის პირას განმარტოვდებოდა ხოლმე და ხანაც ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან იკლავდა ხატვის ჟინს; გიმნაზიის ხელნაწერ ჟურნალებსაც აფორმებდა მხატვრულად და გამოფენებშიც მონაწილეობდა… მოკლედ, ისე აქტიურობდა, რომ „კუტაისკი ლისტოკი“ პერსპექტიულ ახალგაზრდა მხატვრადაც კი  მოიხსენიებდა.

მეტიც, სწორედ იმ წლებში საქართველოს კულტურული საზოგადოება მხატვართა კავშირის დაარსებაზე ალაპარაკდა და ყრილობის მოწვევა გადაწყვიტეს. ამისთვის კი 20 მოქმედი მხატვარი უნდა შეეკრიბათ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, 18 მხატვრის მეტი ვერ იპოვეს. მაშინ დიმიტრი შევარდნაძემ, „კუტაისკი ლისტოკის“ რეცენზიაზე დაყრდნობით, მხატვართა სიაში აკაკი ვასაძეც შეიყვანა და… ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა აკაკი ვასაძე მხატვართა კავშირის ერთ-ერთ დამაარსებლად მოგვევლინა.

დღეს, 6 აგვისტოს ვირტუოზი შემოქმედის დაბადებიდან 120 წელი სრულდება.

განუმეორებელმა ქართველმა არტისტმა ამქვეყნად უკვდავი შემოქმედება და ხელოვნებაში იდეალური პროფესიონალიზმის მაგალითი დატოვა.

თამარ ოთიაშვილი

იაგოს როლში, სპექტაკლი „ოტელო“, 1937

კომენტარები