პირველი ქართველი გოგონა, რომელიც „მაიკროსოფტის“ თანამშრომელი გახდა
23 წლის მარიამ ნადირაძე მსოფლიოს უდიდესი კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის Microsoft-ის თანამშრომელი გახდა. მან გასაუბრების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და ვაშინგტონის ოფისში, „სერვის ინჟინერის“ (Service Enginner) პოზიციაზე დაინიშნა. მარიამ ნადირაძემ აშშ-ის აიოვას შტატში Grinnell College-ი მიმდინარე წელს წარმატებით დაასრულა. ქართველმა გოგონამ აშშ-ში სწავლა თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ განაგრძო.
მარიამ ნადირაძე: „გრინელის (Grinnell College) ახალი კურსდამთავრებული ვარ. კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე კომპიუტერული თამაშების სიყვარულის გამო ჩავაბარე. ბავშვობიდანვე თავისუფალ დროს, ძირითადად, კომპიუტერულ თამაშებს ვუთმობდი, თუმცა ძალიან მიყვარს კითხვაც და რომ ვუფიქრდები, უბრალოდ, თხრობის (Storytelling) ხელოვნება მომწონს.
რა შესაძლებლობები მოგცათ ამერიკულმა სასწავლო გარემომ?
პირველ რიგში, რადგან გრინელი Liberal arts college-ია, კომპიუტერული მეცნიერების გარდა, ბევრი სხვა საგნის აღების შესაძლებლობა მქონდა, რაც ძალიან გამომადგა ჩემი წერის სტილის და ანალიტიკური აზროვნების დახვეწაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯი კონტაქტს ინარჩუნებს ყველა კურსდამთავრებულთან და ეხმარება სტუდენტებს (ფინანსურად/ფონდით, პირადი კონტაქტით და რჩევებით, ა.შ.). ეს ძალიან გამომადგა საკუთარი მომავლის დაგეგმვაში.
პირველი ქართველი გოგონა ხართ, რომელმაც „მაიკროსოფტში“ დაიწყო მუშაობა, დეტალურად რომ მოგვიყვეთ, როგორ მოხვდით მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში, რა ეტაპები გაიარეთ?
უნივერსიტეტის დამთავრებიდან დაახლოებით ერთ კვირაში იმეილი მომივიდა გრინელის წარმომადგენლობისგან. ჯგუფური იმეილი იყო და ჩემი ფაკულტეტის ახალ კურსდამთავრებულებს მოგვმართავდნენ და გვწერდნენ, რომ გამოჩნდა თავისუფალი პოზიცია კომპანია „მაიკროსოფტში“. ცოტა კი ვიყოყმანე, რადგან ჩემი გამოცდილება მთლად არ ემთხვეოდა პოზიციის აღწერილობას, მაგრამ რას ვკარგავ-თქო და საბოლოოდ მაინც გავაგზავნე.
ერთ კვირაში უკვე „მაიკროსოფტისგან“ მივიღე იმეილი, ორ საათში თუ შეძლებ ტელეფონით ინტერვიუს გავლასო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ პირდაპირ კამპუსში მიმიწვიეს და თავადვე უზრუნველყვეს ჩემი ფრენა სიეტლში და ორი ღამით დარჩენა. თუმცა პირველმა ფრენამ ისე დააგვიანა, რომ კინაღამ მთელი პროცესის ხელახლა დაგეგმვა გახდა საჭირო, მაგრამ საბოლოოდ, ბევრი ხვეწნისა და ვარიანტების განხილვის შემდეგ, ახალი ფრენა დამინიშნეს და სიეტლში ინტერვიუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩავედი… უძილობის და მგზავრობის სტრესის მიუხედავად, მაინც წარმატებით გავიარე ხუთივე ინტერვიუ. ყველაზე რთული კი პასუხებისთვის ლოდინის ორკვირიანი პროცესი იყო.
რა ემოციაა, როდესაც იგებ, რომ „მაიკროსოფტის“ თანამშრომელი ხარ? როგორ გაიგეთ ეს ფაქტი?
იმ მომენტში საერთოდ არ ველოდი ამ ზარს, პირიქით, სახლს ვალაგებდი და მეგონა, ისევ მამაჩემი მირეკავდა, ეკრანს რომ დავხედე და ვაშინგტონის ნომერი დავინახე, გული გამიჩერდა. მოკითხვის შემდეგ ჩემმა დასაქმების აგენტმა მითხრა, რომ კარგი ამბები ჰქონდა. კივილისგან ძლივს შევიკავე თავი, მაგრამ მაინც გიჟივით დავხტოდი ოთახში, მარჯვნივ, მარცხნივ და ისე მიხაროდა, საუბრის უმეტესი შინაარსი არ მახსოვს. არადა, საჭირო ინფორმაციას მაწვდიდა ოფიციალურად გაფორმების პროცესის შესახებ.
როგორ ფიქრობ, რა გამოწვევების წინაშე დადგები უკვე „მაიკროსოფტში“ მუშაობის დროს? როგორია სამომავლო გეგმები და თუ უკავშირდება საქართველოს?
პირველ რიგში, ადაპტაცია და ჩემს გუნდთან სინქრონიზება, მერე კარიერაში გზის გაკვლევა, რადგან ძალიან თავისუფლად შეიძლება „მაიკროსოფტში“ დეპარტამენტების შეცვლა. უახლოეს მომავალში მინდა კარგად ჩამოვყალიბდე და, ასე ვთქვათ, ფესვები გავიდგა „მაიკროსოფტში“. საქართველოშიც მინდა რამე გავაკეთო – თავს მუდამ იღბლიანად ვთვლიდი იმ განათლებისთვის, რაც ჩემმა მშობლებმა და სკოლებმა მომცეს, ბევრს არ აქვს იგივე შესაძლებლობა და, შესაბამისად, მინდა, ჩემი რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენო.
დაბოლოს, თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა დასახულ მიზანს მიაღწიონ?
ცოტა „რას ვკარგავ?!“ დამოკიდებულება, ბევრი თავდაჯერებულობა, და Networking skills-ის დახვეწა.
კომენტარები