საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად ბერძნული ენის გამოცდის ახალი რეგულაციები

როგორც ცნობილია, ნატურალიზაციის პროცედურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გასაუბრება, რომელსაც კანდიდატი კომპეტენტური კომისიის წინაშე გაივლის. აღნიშნული გასაუბრებისას მას მოუწევს დაამტკიცოს თავისი მტკიცე კავშირი საბერძნეთთან, რაც გამოიხატება ბერძნული ენისა და კულტურის ცოდნაში. ამავე დროს, თუკი კანდიდატს უკვე აქვს ბერძნული ენის ფლობის დამადასტურებელი სერთტიფიკატი, ნატურალიზაციის კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით მას აღარ გამოკითხავს. საგულისხმოა რომ, როგორც წესი, აღნიშნული კომისია საკმაოდ მკაცრად აფასებს ნატურალიზაციის მსურველის ენობრივ უნარებს. ამავე დროს, ხშირად გაურკვეველია კრიტერიუმები, რომლებსაც კომისია იყენებს.

მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოიცა ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად ბერძნული ენის გამოცდის ახალი რეგულაცია. აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივი, ყოველწლიური სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა მოიპოვოს Β1 დონის სერტიფიკატი, ხოლო ახალი წესი ამ თვალსაზრისით უფრო ლიბერალურია. კერძოდ, კანდიდატს Β1 დონეზე მხოლოდ ზეპირი მეტყველების უნარის ჩაბარება მოუწევს, ხოლო წერითი გამოცდა ორი საფეხურით დაბლა, Α1 დონეზე ჩატარდება.

წერითი გამოცდის დროს კანდიდატს, ძირითადად, მოეთხოვება მარტივი წინადადებების ჩამოყალიბება და სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება. რეგულაციაში არაფერია ნათქვამი ორთოგრაფიის ცოდნის აუცილებლობის შესახებ, რაც ძალიან კარგია, რადგან როგორც ცნობილია, უცხოელთათვის ბერძნული ენის მართლწერის ათვისება საკმაოდ რთულია.

გამოცდის ჩაბარებისათვის გადასახადი სახელმწიფო ბაჟი (პარავოლო) განისაზღვრება 30 ევროს ოდენობით. გამოცდები ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც შეიქმნება ტერიტორიული პრინციპით. კანდიდატს წინასწარ ეცნობება ცენტრის ადგილმდებარეობისა და გამოცდის ზუსტი თარიღის შესახებ. გამოცდას ატარებს საბერძნეთის განათლების სამინისტროს მუდმივი განათლების დეპარტამენტი. გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ, აპრილსა და ოქტომბერში.

რამდენადაც პირველი ასეთი სახის გამოცდები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ საბერძნეთის განათლების სამინისტროს მუდმივი განათლების დეპარტამენტის განცხადებებს და გაცნობებთ სიახლეების შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს გადაწყვეტილება წინა ხელისუფლებამ უშუალოდ არჩევნების წინ მიიღო და იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი მთავრობა ამ თვალსაზრისით რაიმე უსიამოვნო სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს.

რეგულაციის სრული ტექსტი ბერძნულ ენაზე იხილეთ ამ მისამართზე: https://www.e-nomothesia.gr/kat-ithageneia/koine-upourgike-apophase-90271-k1-2019.html?fbclid=IwAR1Z8KF0t2D3qiz3h5zV5vaioCjncQaD6bVjvndb6BxRhstTbSGLmqb6LSU

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close