საბერძნეთში „ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის“ მისაღებად გამოცდის ახალი რეგულაციები
მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოიცა ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა საბერძნეთში „ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის“ ( Άδεια διαμονής επί μακρόν διαμένοντος) მისაღებად საჭირო გამოცდის ჩაბარების ახალი წესი. აღნიშნული რეგულაციით ერთობლივად ტარდება ორი გამოცდა: ა) ბერძნული ენის სასერტიფიკაციო და ბ) საბერძნეთის ისტორიაში.
„ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობა“ საბერძნეთში მცხოვრებ იმიგრანტებს ყველაზე ფართო უფლებებს აძლევს. მათ შორის არის ევროზონის ქვეყნებში მუშაობის უფლებაც (კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პირობით). ამას გარდა, ასეთი დოკუმენტის მფლობელს აქვს დამატებითი სოციალური და საგადასახადო შეღავათები. „ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის“ მქონეთ შეუძლიათ გახდნენ პროფესიული გაერთიანებების წევრები.
„ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის“ აღების შემთხვევაში იხდით საბაჟო მოსაკრებელს (ე. წ. პარავოლო) 150 ევროს ოდენობით. დოკუმენტის ხანგრძლივობა 5 წელია. განახლების დროს პარავალოს აღარ იხდით, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია.
„ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის“ აღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობთ მინიმუმ 12 წელიწადი, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების შემდეგაც შეგიძლიათ აღნიშნული სახის ბინადრობის მოწმობის აღება. ასეთ შემთხვევაში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მოგიწევთ ბერძნული ენისა და ისტორიის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა. ზემოთ აღნიშნული რეგულაცია სწორედ ამ საკითხს არეგულირებს.
აღსანიშნავია, რომ ვისაც უკვე აქვს ბერძნული ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, აბარებს მხოლოდ ისტორიის გამოცდას. ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი (პარავოლო) განისაზღვრება 50 ევროს ოდენობით. მხოლოდ ისტორიის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი იხდით 20 ევროს. რეგულაციის მიხედვით, ბერძნულ ენაში გამოცდის მიზანია Α2 დონის შესაბამისად ენის ფლობის დადასტურება.
გამოცდების ჩაბარების უფლება აქვთ საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ იმიგრანტებს 16 წლის ასაკიდან. გამოცდა არის წერილობითი და ზეპირი. გამოცდები ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც შეიქმნება ტერიტორიული პრინციპით. კანდიდატს წინასწარ ეცნობება ცენტრის ადგილმდებარეობისა და გამოცდის ზუსტი თარიღის შესახებ.
გამოცდას ატარებს საბერძნეთის განათლების სამინისტროს მუდმივი განათლების დეპარტამენტი. გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ, აპრილსა და ოქტომბერში. გამოცდა შედგება ხუთი ნაწილისგან და იყოფა სამ ფაზად: პირველი ფაზა მოიცავს წერილობით გამოცდას საბერძნეთის ისტორიაში; მეორე ფაზა შედგება მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებისგან – კანდიდატები ამ დროს აბარებენ ბერძნული ენის წერილობით გამოცდას; მესამე ფაზა, მეხუთე ნაწილი ეთმობა ბერძნულ ენაში ზეპირ გამოცდა-გასაუბრებას. ვისაც უკვე აქვს ენის სერტიფიკატი, მონაწილეობს გამოცდის მარტო პირველ ფაზაში. გამოცდის ყოველი ნაწილი ფასდება დამოუკიდებლად 100-ბალიანი სისტემით. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად კანდიდატმა თითოეულ ნაწილში უნდა დააგროვოს მინიმუმ 50 ქულა.
წერილობითი გამოცდის დროს კანდიდატს მოეთხოვება მარტივი წინადადებების შედგენა, ხოლო ზეპირი გამოცდის ჩაბარებისას საჭიროა ყოველდღიურ საკითხებზე მსჯელობის უნარის გამოვლენა.
ბერძნულ ენაში სავარჯიშოები იხილე აქ:
http://www.gsae.edu.gr/images/publications/tetradio_askiseon_A2.pdf
ბერძნულ ენაში მოსამზადებელი სრული მასალა იხილე აქ:
http://www.gsae.edu.gr/images/publications/vivlioA2.pdf
საბერძნეთის ისტორიისა და კულტურის საკითხების შესახებ გამოცდის ჩაბარებისას კანდიდატს საკმაოდ ზედაპირული ცოდნა მოეთხოვება. საბოლოო ჯამში გამოცდა რთული არ არის და სათანადო მომზადების შემთხვევაში მისი წარმატებით ჩაბარება არ გაგიჭირდებათ.
აქვე გთავაზობთ მასალას, რომელიც უნდა მოამზადოთ საბერძნეთის ისტორიაში გამოცდის ჩასაბარებლად. მასალა სულ 17 გვერდს მოიცავს და საკმაოდ ადვილია. გადადით ლინკზე: http://www.gsae.edu.gr/images/eksetaseis/ylh_ellinikis_istorias_politismou.pdf
საბერძნეთის განათლების სამინისტროს მუდმივი განათლების დეპარტამენტის საიტი, სადაც ხდება გამოცდების შესახებ ინფორმაციის განთავსება და ელექტრონული განაცხადების მიღება: http://www.gsae.edu.gr/el/geniki-ekpaidefsi-enilikon/ellinomatheia/mathe-gia-tin-ellinomatheia
მოამზადა გიორგი ჯანელიძემ
კომენტარები