ირმა თხინვალელს იტალიაში ხატვა მშველელად „მოევლინა“
„მალე 4 წელი გახდება, რაც იტალიაში ვარ, თუმცა 10 წლის წამოსული მაინც უნდა ვიყო. დიდი ჭიდილი გადავიტანე, მუდამ გადავდებდი ხოლმე ქვეყნის და ჩემი ოჯახის დატოვებას. ურთულესი ნაბიჯია, მაგრამ როცა ცხოვრება სხვა გზას აღარ გიტოვებს, რომელ გზასაც ხედავ, თუნდაც ეს გზა ნისლში გახვეული იყოს, მაინც მიდიხარ…“ – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ირმა თხინვალელი.
ქალბატონი ირმა ამჟამად ქალაქ სალერნოში (კამპანიის რეგიონი) მუშაობს, ერთ-ერთ ოჯახში ბებიაზე ზრუნავს, თუმცა პარალელურად ახერხებს და საყვარელ საქმეში იხარჯება – ხატავს.
ქალბატონ ირმასთან საუბრის ეს ჩანაწერი, მის ნამუშევრებთან ერთად, ვფიქრობთ, ბევრს დააინტერესებს და ბევრისთვისაც ერთგვარი სტიმული იქნება, რომ ემიგრაციაში საკუთარი ნიჭის რეალიზება მოახერხოს, განიტვირთოს და სულის სიმშვიდე იპოვოს.
ქალბატონო ირმა, სოციალურ ქსელში თქვენი ნამუშევრები ვნახე და სიმართლე გითხრათ, გავოცდი, როცა შევიტყვე, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ხატვა დაიწყეთ. მოგვიყევით თქვენ შესახებ, რამ მიგიყვანათ ტილომდე?
უკვე ნახევარ საუკუნეს გავცდი და მინდა გითხრათ, რომ არც მე ველოდი, თუ ხატვას დავიწყებდი. უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს უცებ მომინდა დამეხატა და სურვილი ავისრულე: დავჯექი, დავიწყე ხატვა და რადგან ცოტა მივამსგავსე და სხვებმაც არ დამიწუნეს, წავხალისდი. მერე უკვე ყოველდღე ვხატავდი – ჩემს მცირე დროს ხატვას ვუთმობდი და სოციალურ ქსელში აღარ ვჩანდი. ეს შეამჩნია ჩვენი ჯგუფის (იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA) ადმინისტრატორმა, ძალიან ყურადღებიანმა და უკეთილშობილესმა ქალბატონმა მაია ლომიძემ და დამიკავშირდა. მომიკითხა და როცა გაიგო ჩემი „გაუჩინარების“ მიზეზი, ნახატები დაათვალიერა, მომიწონა და სოციალურ ქსელში გაიტანა. თქვა, რომ ეს იქნება ერთგვარი სტიმული სხვა ადამიანებისთვის, რათა ემიგრაციული ცხოვრება გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, იმისთვის, რომ რაღაც შეგვიძლია და უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი მე, რათა ცოტათი მაინც ბედნიერად ვიგრძნოთ თავი. ეს იყო მიზეზი სოციალურ ქსელში ჩემი ნახატების გამოჩენის.
ქაღალდთან და ფანქართან, ფუნჯთან შეხება მართლა არასოდეს გქონიათ?
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხაზვა და დამატებით მეცადინეობებზეც დავდიოდი პიონერთა სასახლში. ახლაც დიდი სურვილი მაქვს, რომ ვხაზო. სწორედ ხაზვის სიყვარულმა განაპირობა, რომ არიტექტორი მინდოდა გამოვსულიყავი და ამისთვის ხატვაც მჭირდებოდა, ამიტომ საბუთები შევიტანე მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1987-1988 წლები იყო. თოიძეში ვისწავლე ნატურმორტის ხატვა… რაღაც გამომდიოდა (იცინის). ისე, სწავლითაც კარგად ვსწავლობდი, ფრიადოსნის სტიპენდიას ვიღებდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ გავთხოვდი, რაც ჩემს გეგმაში არ შედიოდა. ამის მერე ფანქრისთვის და ფუნჯისთვის ხელი აღარ მიხლია, ჩემი ოჯახითა და შვილებით დავკავდი.
ცხოვრება რთული იყო, გონებიდან წარსული იშლებოდა და მიდიოდა ბრძოლა არსებობისთვის, შვილებისთვის. სამი ბიჭი მყავს. უფროსი 30 წლისაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიურზე 100% გრანტით ჩაირიცხა, მაგრამ მესამე კურსიდან აკადემიური აიღო და მუშაობა დაიწყო. მეორე ბიჭი 26 წლისაა, მან პოლიტექნიკურში ჩააბარა ნაწილობრივი დაფინანსებით, მაგრამ მანაც აკადემიური აიღო და მუშაობას შეუდგა. მესამე შვილი კი 24 წლისაა. ღვთის ნება იყო მისი დაბადება და მადლობა უფალს, რომ მყავს. ამჟამად ბიჭები შემდუღებლის პროფესიას ეუფლებიან და სწავლის გაგრძელებაზე ჯერ არ ფიქრობენ. მეც მივყვები მათ ნებას, მთავარია კარგი ადამიანები იყვნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეორე შვილი კარგად ძერწავდა, ხაზავდა და ხატავდა კიდეც, მაგრამ ამ ფაქტზე მე არ გავამახვილე ყურადღება, რადგან თავად ვიყავი იმედგაცრუებული… და შევცდი. მომავალში აღარ ვაპირებ რაიმეს უგულებელყოფას და უკან დახევას.
იტალიაში როდის და როგორ აღმოჩნდით? პირველი დღეები, თვეები ალბათ არასოდეს დაგავიწყდებათ…
რომ გითხრათ, კარგად და გემრიელად ვცხოვრობდი-მეთქი, ხომ გაგიკვირდებათ?! მალე 4 წელი გახდება, რაც იტალიაში ვარ, თუმცა 10 წლის წამოსული მაინც უნდა ვიყო. დიდი ჭიდილი გადავიტანე, მუდამ გადავდებდი ხოლმე ქვეყნის და ჩემი ოჯახის დატოვებას. ურთულესი ნაბიჯია, მაგრამ როცა ცხოვრება სხვა გზას აღარ გიტოვებს, რომელ გზასაც ხედავ, თუნდაც ეს გზა ნისლში გახვეული იყოს, მაინც მიდიხარ, რადგან უნდა იარო და არავინ იცის, ეს გზა წინ მიდის თუ უკან გაბრუნებს. ასეთად მეხატება ყველა ემიგრაციული გზა… პირველი დღეები, რა თქმა უნდა, რთულია. გრძნობ, რომ სხეულში სისხლი აღარაა, ქვა ხარ და ცხოვრობ დაპროგრამებული… შემდეგ? შემდეგაც რჩება სირთულე, ოდნავ თუ იცვლება რაღაც.
რა სირთულე დარჩა და რა შეიცვალა თქვენთვის?
იცვლება ის, რომ ეგუები გარემოს, სწავლობ ენას, ადათ-წესებს, სამზარეულოს ანუ ეწყობი ისე, როგორც მათ სჭირდებათ. რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ასეა – ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ სამყაროს, სადაც გვიწევს ყოფნა, რომ ტვირთი შედარებით მსუბუქი იყოს. არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირს შეგუება და ძალიან დიდხანს ბორგავენ, ბობოქრობენ, მაგრამ ბოლოს მაინც ეგუებიან გარემოს. ყველა სამსახური რთულია, თუმცა მეტ-ნაკლებად რთული. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ყველანაირად შეზღუდულები ვართ პრივილეგიებით. სჯობს არ გვერქვას ემიგრანტი და ვიყოთ მუშა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც გაიფანტნენ სამსახურის საძებნად მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. იტალიელებიც მუდამ გადაადგილდებიან, მაგრამ მათ თავისუფლად შეუძლიათ ყველგან მუშაობა და ემიგრანტი არ ჰქვიათ.
თქვენ რას საქმიანობთ ამჟამად? გაქვთ კი საკმარისი დრო ხატვისთვის?
ამჟამად ქალაქ სალერნოში ვმუშაობ ერთ-ერთ ოჯახში, ბებიასთან. რა თქმა უნდა, ხატვის დრო იმდენი არ მაქვს, რამდენიც მე მსურს, მაგრამ… სწორედ დროის შეზღუდულობის გამო ვხატავ პატარა ფორმატში, ჩანახატს ვაკეთებ. თან ჯერ ძიებისა და სწავლის პროცესში ვარ… ვსწავლობ ხატვას.
რას გრძნობთ, როცა საკუთარ ნამუშევრებს უცქერით?
ხატვამ დამამშვიდა. წარმოიდგინეთ, 3 წელი არითმია მქონდა, ღამე გაუსაძლისი იყო ჩემთვის და ხატვის დაწყებიდან 3 კვირაში ღამის კოშმარი მთლიანად გაქრა. ცოტა დღისითაა პრობლემა, მაგრამ საკმარისია ხატვა დავიწყო და ნერვიულობაც სადღაც ქრება. სიმშვიდე მიზიდავს ხატვაში. ბედნიერებასა და სიხარულს ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ რაღაც გამომდის… თუნდაც მისხალი იყოს. მშობელს თავისი შვილი ლამაზიც უყვარს და ულამაზოც.
გარდა ხატვისა, თქვენ რა გილამაზებთ ცხოვრებას უცხოეთში?
ხატვა და ჩემი ტკბილი ქართველები… ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები. ყველა ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ.
უცხოელები რას გეუბნებიან, როცა თქვენს ნახატებს ხედავენ?
ჩემი იტალიელი ნაცნობ-ახლობლებიც ზედმეტად მიქებენ ნახატს. მეუბნებიან, არ გავჩერდე, თუმცა თუ სადმე რაღაც უზუსტობას ხედავენ, იმასაც არ მიმალავენ. მე ვითვალისწინებ…
პორტრეტები რეალურია თუ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი?
პორტრეტებს, ძირითადად, ფოტოებიდან ვხატავ, ზოგს ვამსგავსებ, ზოგს – ნაკლებად. ფოტოშოპირებულის დახატვა უფრო მიჭირს. ჯერ არ ვარ დახელოვნებული ამ საქმეში ისე, რომ რაღაც ზეპირად გავაკეთო. 30 წელია ფანქრისთვის ხელი არ მიხლია, პორტრეტი კი დღემდე არასდროს დამიხატავს, მხოლოდ ნატურმორტს ვხატავდი, ისიც თითებზე ჩამოითვლება. რამდენიმე ნახატი იმერეთში მაქვს შენახული.
იმერელი ბრძანდებით?
დიახ, ზესტაფონში დავიბადე, ჭიათურაში გავიზარდე და თბილისში გავთხოვდი. გამეზარდაშვილია ჩემი გვარი. ამჟამად მეუღლის გვარზე ვარ – თხინვალელი.
რას ფიქრობდით, როდესაც უცხოეთში მიდიოდით და დღეს რას იტყოდით?
უცხოეთის გზას რომ დავადექი, ვფიქრობდი, მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს „მალე“ გაიზარდა დროში….
ამაზე თითქმის ყველა ემიგრანტი საუბრობს…
დიახ, ეს ემიგრანტების დიდი პრობლემაა. საერთოდ, ბევრი პრობლემაა, მაგრამ, ამასთან ერთად, მე კიდევ ოჯახის მონატრებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოვყოფდი… ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
ემიგრანტობა რა არის?
ემიგრანტობა მძიმე ტვირთია. პირველ რიგში, სახელმწიფოს ტვირთი და, ამასთან, სირცხვილიცაა. ყველა დროს და ყველა წყობას ჰყავს ემიგრანტი, მაგრამ მოსახლეობის ასეთი გადინება, რაც ჩვენს ასე მცირერიცხოვან ქვეყანას აქვს, უკვე კატასტროფაა. დიდ მიგრაციას განიცდის აფრიკაც, მაგრამ ისინი რაოდენობრივად ბევრნი არიან და თუ პროცენტულად ვიანგარიშებთ, სიღატაკით ერთ დონეზე კი არა, უფრო დაბალ საფეხურზე ჩვენ ვართ. ამ ბოლო დროს ინსტაგრამზე ძალიან ბევრ ჩანაწერს ვნახულობ აფრიკულ ცხოვრებაზე და, მართალი გითხრათ, გავოცდი, მე იქ ქალაქები და სოფელ-დასახლებები რომ ვნახე. საქართველოში მდიდრებს აქვთ ისეთი სახლი, როგორშიც რიგითი აფრიკელები ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ღატაკი ფენა ჰყავს აფრიკას, სადაც წყალი და საკვები დეფიციტია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, პროცენტულად, ეკონომიკური შესაძლებლობებით აფრიკა გვისწრებს, პლუს ამას, მათ მიგრანტებს მეტი პრივილეგია და თავისუფლება აქვთ სამსახურის შოვნაში, ვიდრე ქართველს.
აფრიკა მაგალითად მოვიყვანე, თორემ რუმინელები, უკრაინელები და ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, ვინ აღარ გვისწრებს ემიგრანტული პრივილეგიებით ქართველებს. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ლეგალურად ვიყოთ. ნუთუ რა გახდა იმის მოწესრიგება, რომ თუნდაც როგორც თურქეთში ხდება ოჯახთან კონტრაქტის დადება, იმდაგვარი საბუთები გაუკეთდეს ქართველებს, რათა კავშირი არ გაწყვიტონ მშობლიურ ქვეყანასთან.
განსაკუთრებით დიდი პრობლემა და ტკივილია ქვეყნიდან ახალგაზრდების გამოდინება. ისინი, 100%-იდან 98% უკან აღარ დაბრუნდებიან, თუ ქვეყანაში დიდი პერსპექტივა არ დაინახეს.
აქედან ეს ყველაფერი კარგად ჩანს. მთავარ პრობლემებზე ვსაუბრობ, თორემ ემიგრანტს უამრავი პრობლემა აქვს. უკვე აღვნიშნე, რომ ჯანმრთელობა უზიანდებათ და ფსიქოლოგიურადაც უჭირთ. ძნელია ჭკუაშეშლილ ადამიანთან მუშაობა. რთულია წლების განმავლობაში პამპერსი უცვალო მოხუცს და ამ რთული პროცესის მიუხედავად შენი ხელფასი საკმარისი არ იყოს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რის გამოც ქვეყანა, ოჯახი დატოვე, დროის გასვლასთან ერთად კი ეს პრობლემები იზრდება და არ მცირდება. ესაა მიზეზი, რომ ბევრი თავს იკლავს ან მოულოდნელად გული უღალატებს. ამას დამატებული საქართველოში მიმდინარე პროცესები, დაპირისპირებები, ან შემთხვევით გარდაცვლილი ადამიანები… ეს ყველაფერი ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის ძალიან რთული გადასატანია. განსაკუთრებულად აღიქვამენ. ემიგრაციაში ყველა ზედმეტად ემოციური ხდება. მამა რომ მომიკვდა, მაშინ მივხვდი, რომ თურმე შენს საყვარელ ადამიანს გარდაცვლილს რომ ნახავ და ახლოდან იტირებ, ესეც ბედნიერება ყოფილა.
საქართველოში ვინ გელოდებათ? რას ეტყოდით მათ შორიდან ?
საქართველოში ყველაზე მეტად მელოდება მოხუცი დედა, მამა ახლოდან ვერ დავიტირე და ამ ტკივილს ვერასდროს მოვიშუშებ. რა თქმა უნდა, მელოდება ქმარ-შვილი, ჩემი და, ახლობლები. მდიდარი ვარ ამ მხრივ.
რას ვეტყოდი შორიდან? იმას, რომ ყველა ძალიან მიყვარს, თითოეულის ტკივილი მტკივა და როცა ვგრძნობ, რომ მისი მდგომარეობის შემსუბუქება არ შემიძლია, ამასაც განვიცდი. ამიტომ მინდა, რომ ყველა ბედნიერი იყოს.
თქვენი დღევანდელი ყოფა ერთ ჩარჩოში რომ მოაქციოთ, რას დაარქმევდით?
მარტივად რომ ვთქვა, „ჩიტი გალიაში“.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, თუნდაც ხატვის კუთხით?
ხატვასთან დაკავშირებით გეგმები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ამჯერად ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, ხატვამ საოცარი გარდატეხა მოახდინა ჩემში. ვიპოვე ჩემი „მე“ და მინდა ყველას ვუთხრა, რომ წლებს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ასაკში შეიძლება მოჰკიდოთ ხელი თქვენს საყვარელ საქმეს. დარწმუნებული ვარ, უამრავი ნიჭიერი ადამიანია ფარდის მიღმა, ბედს მინდობილი.
ემიგრანტ თანამემამულეებს რას ეტყოდით?
იყავით ძლიერები, იპოვეთ საკუთარი საქმე და საკუთარი თავი, თქვენ ეს გაგაბედნიერებთ. მერწმუნებთ, შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. ნუ დანებდებით მწუხარებას. მეც ემიგრანტი ვარ ყველა სირთულით და სისუსტით, მაგრამ ბოლო დროის ჩემმა გატაცებამ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვთხოვ იყვნენ ღირსეული ქართველები და ყველამ საყვარელი საქმე აკეთოს, ნუ დანებდებიან ბედს, რომ მთელი ცხოვრება სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ. მინდა ყველა ემიგრანტს ვუსურვო თავის სამშობლოში ბედნიერად დაბრუნება, იქ მომლოდინე ადამიანებიც მშვიდობით დახვედროდნენ. მინდა ყველას ვუსურვო ლამაზი ბაღი, მოფენილი გვირილებით. ამ ბაღის ბოლოში მათ თავიანთი მყუდრო ბინა ეგულებოდეთ, მის სარკმელში კი მუდამ ენთოს სინათლე და ბედნიერი ღიღინი ისმოდეს.
დაბოლოს, ღმერთს რას შესთხოვდით?
ღმერთს ვთხოვ, დედამიწაზე სიყვარულის და მშვიდობის კალთა ჩამოიფერთხოს !
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები